1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე თვალსაზრისს საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ოთარ მეღვინეთუხუცესი გამოხატავს.
- ყველას გვახსოვს, რას სჩადიოდა ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში მოსვლის პირველივე დღიდან - მთელი ეს საშინელება სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან მოყოლებული... ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო, ეკონომიკური მდგომარეობა უმძიმესია, საწარმოები - გაჩერებული. მომხმარებელი, და არა მწარმოებელი ერი გავხდით. ეს ყველაფერი კი ამ ხელისუფლებისგან მოდის. მე ეს ყველაფერი კარგად ვიცოდი და ჩემს თვალსაზრისს, დამოკიდებულებას ყოველთვის გამოვხატავდი, მაგრამ თუ ამხელა საშინელებასთან გვქონდა საქმე, რაც საკუთარი თვალით ვნახე, ვერ წარმოვიდგენდი. ეს უკვე გულგასახეთქია. ესენი უნდა მოსცილდნენ ამ ქვეყანას, სულ იმ ცოცხით გასაგველები არიან, რომელიც იხმარეს! ამ ყველაფრის შემდეგ რაღა არჩევნებზეა ლაპარაკი? ასეთ გუნდს რაღა უფლება აქვს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, ამ თახსირებმა როგორ შეიძლება არჩევნებზე იფიქრონ? ისინი უნდა მოსცილდნენ და დანარჩენმა პოლიტიკურმა ძალებმა მიიღონ 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა. მათ გარდა ყველას, დიდსა თუ პატარას, უნდა მიეცეს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის უფლება, რადგან ეს არის ფაშიზმი, საქართველოში ფაშიზმი უნდა დამთავრდეს!
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)