ქვეყნის წინაშე წამოჭრილ "კითხვა-ძახილიან" პრობლემებზე ქართული ლიტერატურის კლასიკოსი ჭაბუა ამირეჯიბი, ბერი დავითი გვესაუბრება:
- 16 წელიწადი მაქვს გატარებული საბჭოურ კაციჭამიათა მოდგმის ციხეებსა და ბანაკებში და შემიძლია დავიფიცო ყველა და ყველაფერი, თუკი რამ გამაჩნია, რომ საქართველოში სააკაშვილის დამქაშების მიერ ჩატარებული სადისტური ოპერაციების მაგვარი რამ არამცთუ მენახოს ან შევსწრებოდე, არამედ გაგონილი მაინც მქონდეს. "გულაგში" არა, მაგრამ "ჩეკაში" გამოძიების დროს ხშირი იყო ათასნაირი წამება, ადამიანის სულზე და სხეულზე ძალადობა. ის, რაც გამჟღავნდა, არა მგონია, მხოლოდ ამ სადისტური მოქმედებების აღმსრულებელთა ფანტაზიით იყოს ჩატარებული. გავბედავ და გავიმეორებ ერთხელ უკვე ჩემს მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებას: თუ ყოველივე ეს ჩვენი ქვეყნის არსებული და ვაი რომ, ჩვენივე არჩეული პრეზიდენტის მითითებით ან თანხმობით განხორციელდა, ბარაქალა მის ადამიანობას. და თუ მან არც იცოდა, რა ხდებოდა ქართულ საგამოძიებო და სააღმასრულებლო სისტემაში, მაშინ ბარაქალა მის პრეზიდენტობას და ბარაქალა მთელ ქართველ ერს, რომელმაც ვერ შეძლო დროულად აეხადა ნიღაბი უპირველეს კაცთმოყვარედ თავწარმოდგენილ ამ პერსონაჟისთვის.
- რას ეტყოდით ქართველ ხალხს, საზოგადოებას 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ? როგორ შეაფასებთ ამ არჩევნების მნიშვნელობას?
- 1-ლი ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ და, უპირველესად, ქართველმა ერმა თავისი არჩევანით უნდა დაამტკიცოს, რომ იგი გონიერი და ჰუმანური ერი იყო, არის და ასეთსავე საფუძველზე ააშენებს ახალ სახელმწიფოს, სადაც ხელმძღვანელ იდეად გამოყენებული და განხორციელებული იქნება ჰუმანიზმი, კეთილგონიერება და არა ზოგ გადაგვარებულ ქართველთა მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ხელმძღვანელობის სტილი. საერთოდ კი შექმნილ ვითარებაში დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციას და არ მივცეთ შესაძლებლობა გადაავადონ არჩევნები იმ მიზნით, რომ არჩევნების ახალ თარიღამდე ხალხის დასატერორებელი წმენდა ჩაატარონ. გავითვალისწინოთ, რომ არსებული ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი ყველაფერს იკადრებს იმისათვის, რომ მბრძანებელთა სავარძლები ციხის საკნის ნარებზე არ გაცვალონ, დავარწმუნოთ კაცობრიობა, რომ ქართველი ერი თავისი მომავალი არსებობით, სიტყვით და საქმით ჯალათობის უარმყოფელი ერია.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)