იუსტიციის სახლთან ახალგაზრდებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ამის შესახებ საგანგებო განცხადება კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა უჩა კანდელაკმა გააკეთა. მისი თქმით მოშიმშილეები უფრო აქტიურ ქმედებებზე გადასვლას გეგმავენ.
"ჩვენ შიმშილობას ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. გასული დღეების განმავლობაში დააკავეს კოალიციის 250-300 მხარდამჭერი, ამით მოხდა მათი პოლიტიკური ცხოვრებისგან განეიტრალება, ამიტომ საჭირო გახდა ჩვენგან უფრო აქტიურ ქმედებებზე გადასვლა. ვუერთდებით აქციებს და ახალგაზრდულ მოძრაობებს", - განაცხადა უჩა კანდელაკმა.
ახალგაზრდებთან ერთად შიმშილობა შეწყვიტა მწერალმა ირაკლი ლომოურმაც, რომელიც იუსტიციის სახლთან 22 სექტემბრიდან შიმშილობდა.
"ხელისუფლებას ძალიან უნდა, რომ ჩვენ აქ შიმშილით დავიხოცოთ, თუმცა ჩვენ შიმშილობას ვწყვეტთ. წინ არის გადამწყვეტი ბრძოლა, გამოვხატავთ პროტესტს მშვიდობიანად და ამ გზით მოვითხოვთ კანონის დაცვას", - განაცხადა ლომოურმა.
იუსტიციის სახლთან ახალგაზრდებმა შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ თავისი ნივთები აალაგეს და ტერიტორია დაასუფთავეს. იუსტიციის სახლთან ახალგაზრდებმა შიმშილობა 21 სექტემბერს დაიწყეს.