საარჩევნო სუბიექტმა "კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო" "ქართული ოცნების" სასარგებლოდ თბილისში კიდევ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი მოხსნა.
"თავისუფალმა საქართველომ" ამჯერად ისნის მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარობის მანდატისთვის ბრძოლაზე თქვა უარი და მის მიერ წარდგენილმა გელა კეტაშვილმა აღნიშნულ ოლქში საკუთარი ინტერესები "ქართული ოცნების" კანდიდატურის, ნუკრი ქანთარიას სასარგებლოდ დათმო.
ცნობისთვის, "თავისუფალ საქართველოს" "ქართული ოცნების" სასაგებლოდ სხვადასხვა ოლქებში 20 მაჟორიტარობის კანდიდატი ჰყავს მოხსნილი.
ამასთან, დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია "კავკასიას" ეთერში გაკეთებული იმ განცხადების გამო გააკრიტიკა, რომლის თანახმად, "თავისუფალი საქართველოს" "გაუგებარი ბლოკი ხელისუფლების თამაშს თამაშობს". კუკავამ ივანიშვილს შეახსენა, რომ "თავისუფალი საქართველო" ერთადერთია დღევანდელ პოლიტიკაში, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან სააკაშვილის რეჟიმს შეურიგებლად ებრძვის".
კუკავამ ივანიშვილს განსხვავებული აზრის და პლურალიზმის პატივისცემისკენ მოუწოდა.