ინგა გრიგოლია "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრად და თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარედ რჩება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქდმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა განუცხადა.
"გრიგოლია არსად წასვლას არ აპირებს", - განაცხადა ახვლედიანმა, რომელიც გლდანის საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე უარის თქმის შესახებ გრიგოლიას გადაწყვეტილებას ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებს უკავშირებს.
კერძოდ, დეპუტატის განცხადებით, ციხეების სკანდალის გამო ხელისუფლებამ მთელი რესურსი და ძალისხმევა გლდანისკენ მიმართა და არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ გლდანში არჩევნები გაყალბდება. ახვლედიანის აზრით, გრიგოლიას გადაწყვეტილებაც აღნიშნული ფაქტორით არის განპირობებული.
მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გრიგოლია უახლოეს მომავალში გააკეთებს.
ინგა გრიგოლია გლდანის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატურას ხსნის. ამის შესახებ გრიგოლია "ფეისბუქის" გვერდზე წერს.
"ყველა ზარის, ყველა სმს-ის, ყველა კომენტარის საპასუხოდ, რომელიც გუშინდელიდან მოყოლებული დამხვდა, გპასუხობთ - იმის მიუხედავად, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ბევრად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომლის გატანაც ხელისუფლებას უნდოდა და იმედია, ქრისტიან-დემოკრატები გააკეთებენ განმარტებას რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან დარწმუნებული ვამტკიცებდი, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას", - წერს გრიგოლია.