28 წლის ლეიტონ მისტერი, მსახიობი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და ფოტომოდელი, ძირითადად მაინც სერიალ "ჭორიკანათი" გახდა პოპულარული. თურმე, ასეთ მრავალმხრივ და მშვენიერ გოგონას არ ჰყვარებია შეღებვა და არ ენდობა ადამიანებს.
"მიყვარს უმაკიაჟოდ სიარული"
- რას იტყვით ბუნებრივი სილამაზის შესახებ...
- ყოველთვის შეიძლება თქმა: "მე მეყვარებოდა ჩემი სხეული, უფრო მოხდენილი ფეხები რომ მქონოდა", ან "მომეწონებოდა ჩემი თმა, უფრო სქელი რომ იყოს"... მილიონი მანიპულაციის ჩატარება შეიძლება, რათა საკუთარი გარეგნობა შეცვალო, ასევე შეიძლება უბრალოდ მიიღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ. ჯერ მუწუკების გამო ვიტანჯებით, მერე - ნაოჭების. ნუთუ მეტი არაფერია საღელვი? უბრალოდ, უნდა გაიგო, რომ შენ - შენ ხარ და არ ეცადო, დაემსგავსო ვიღაც სხვას.
- იშვიათად გაქვთ მაკიაჟი...
- ჩემთვის სულერთია, შეუღებავს თუ გადამიღებენ ფოტოს. მიყვარს უმაკიაჟოდ სიარული და არც ვაპირებ ამ ჩვეულების შეცვლას ვინმეს სასარგებლოდ.
- სახელი გაგითქვათ ბლერ უოლდორფის ეკრანულმა გმირმა "ჭორიკანადან"...
- ბლერი არასდროს დაიჭერს ერთსა და იმავე ჩანთას ორჯერ, არ ჩაიცვამს ერთსა და იმავე პალტოს ან ფეხსაცმელს ორჯერ. რეალურ ცხოვრებაში არავის ვიცნობ ისეთს, ვინც ასე აკეთებს. როცა მოზარდი ვიყავი, სულ ორი წყვილი ჯინსი მქონდა. მეზარებოდა სპორტული დარბაზისთვის ტანსაცმლის გამოცვლაც კი, ჯინსების ზემოდან ვიცვამდი სავარჯიშო შარვალს, ასე გადიოდა ჩემი ფიზკულტურის გაკვეთილი. "პრადას" ჩანთებზე კი ლაპარაკიც არ იყო.
"არასდროს დამავიწყდება "ჭორიკანას" გუნდი"
- თუმცა ახლა ნამდვილად პოპულარული ხართ...
- კარგია, რომ პოპულარობის პიკზე მცირე მოსახვევები არის ხოლმე. მე ასეთ დროს ვგრძნობ, რომ მზად ვარ გზა გავაგრძელო. ალბათ ბლერის სახე მომეწება დიდი ხნით. მაგრამ უახლოეს მომავალში არ ვაპირებ მაღალი საზოგადოების გოგონას განსახიერებას. თუმცა შემიძლია ზუსტად ვთქვა, რომ არასდროს დამავიწყდება "ჭორიკანას" გუნდი.
- ამბობენ, რომ არ გიყვართ უცხო ადამიანებთან კონტაქტი...
- თუ არ ვარ მეგობრებისა და ახლობლების გარემოში, საკუთარ თავში ვიკეტები. ალბათ, გარედან ეს არც ისე ლამაზად ჩანს. მაგრამ არ ღირს ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება. ვცდილობ გახსნილი ვიყო, მაგრამ ხშირად ეს არ გამომდის. ადრე გაცილებით იოლად ვენდობოდი ადამიანებს, ახლა კი არ მანებებს თავს განცდა, რომ ჩემით მხოლოდ იმიტომ ინტერესდებიან, რომ ცნობილი ვარ.
დოსიე
ლეიტონ მარისა მისტერი 1986 წლის 9 აპრილს დაიბადა ამერიკის ქალაქ ფორტ-უერტში. მისი მშობლები იამაიკიდან აშშ-ში მარიხუანის კონტრაბანდაზე მომუშავე ჯგუფში ირიცხებოდნენ. ორივე დააპატიმრეს. სასამართლოს დაწყებამდე პირობით გაათავისუფლეს, ამ დროს ლეიტონის დედა კონი დაორსულდა. მოგვიანებით 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს და ორსულობის დიდი ნაწილიც ციხეში გაატარა. ლეიტონი ტეხასის საავადმყოფოში დაიბადა. სამი თვის შემდეგ დედამისი ციხეში დაბრუნდა, საიდანაც 16 თვეში გაათავისუფლეს და ქალიშვილთან ერთად დაიწყო ცხოვრება. "ამ ყველაფრის მიუხედავად, მე ნორმალური ბავშვობა მქონდა", - ამბობს ხოლმე ლეიტონი.
2002 წელს ლეიტონის უფროსი ძმა, აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების აკადემიის სტუდენტი, გაუპატიურებაში დაადანაშაულეს და ციხეში ჩასვეს. მის გარდა ლეიტონს კიდევ ერთი - უმცროსი ძმა ჰყავს, რომელიც ავადმყოფია.
ლეიტონი 11 წლის იყო, როცა დეიდასთან ერთად ნიუ-იორკში ჩავიდა და მოდელობა დაიწყო, მერე კი სოფია კოპოლას ფოტოგრაფთან მუშაობდა.
ტელევიზიაში დებიუტი ახალგაზრდული სერიალებით შედგა, ასევე იყო ეპიზოდური როლები "24 საათში", "მეშვიდე ცაში"... მერე იყო "ჭორიკანა", რომელმაც დიდი პოპულარობა მოუტანა.
მსახიობობის გარდა მუსიკით არის გატაცებული, მღერის და ელექტრო-პოპის სტილში სადებიუტო ალბომიც აქვს გამოშვებული.
ერთი პერიოდი ხვდებოდა მსახიობ სებასტიან სტენს. ახლა აარონ ჰიმელშტეინს ხვდება.
2011 წელს კიდევ ერთი სკანდალი დაუკავშირდა მისი ოჯახის სახელს - ლეიტონმა დედას უჩივლა. უმუშევარ კონის ლეიტონი ყოველთვიურად 7500 დოლარს უხდიდა უმცროსი ძმის მოსავლელად და მისი ცხოვრების უზრუნველსაყოფად. თუმცა ლეიტონმა საჩივარში ჩაწერა, რომ დედამისი ამ ფულს მხოლოდ თავისი საჭიროებებისთვის ხარჯავდა.
(გამოდის ორშაბათობით)