ცესკო-სთან ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ცესკო-სთან ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი ცესკო-ს იმ დადგენილებას აპროტესტებენ, რომლითაც საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღება იზღუდება.

როგორც ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი აზრით, ამ დადგენილების მიღებით ცესკო-ს სურს ხელი შეუწყოს არჩევნების გაყალბებას.

"ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა მედიისთვის და გვინდა ვთხოვოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ რეაგირება ამ უკანონობაზე", - განაცხადა მამუკა ღლონტმა.

აქციის მონაწილეებს აქვთ პლაკატები: "არ არის ფოტოები, არ არის დემოკრატია", "მოგვეცით შესაძლებლობა, ავსახოთ რეალობა", "ცესკო ნუ გეშინია ფოტო და ვიდეოგადაღების", "ეს კეთდება გამჭვირვალობისთვის".

გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში კი დადგენილებაში არსებულ შეზღუდვებს საგანგაშოს უწოდებს. მისი თქმით, საარჩევნო უბანში ჟურნალისტების სამი მეტრის მოშორებით დაყენება ნიშნავს იმას, რომ ისინი ფაქტობრივად ვერ იმუშავებენ.

"თუ თქვენ მოისურვებთ საარჩევნო უბნიდან გასვლას, უკან ვეღარ დაბრუნდებით. თუ რომელიმე ადამიანის გადაღება გინდათ, რომელიც ამომრჩეველთა კაბინაში შედის, ესეც არ შეგიძლიათ. კამერა მიმართული უნდა იყოს, მხოლოდ საარჩევნო ყუთისკენ, ამ დროს კი შესაძლოა, გაყალბების მცდელობა შეიძლება გამოგეპაროთ", - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

ჟურნალისტები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო კოდექსის პატივისცემისა და დადგენილების დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ მოუწოდებენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა