რუსთავის N6-ე სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრის, გოდერძი კიკნაძის საქმე გამოძიებისთვის პროკურატურას გადაეცა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მისმა ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა განუცხადა და განმარტა, რომ პროკურატურას კიკნაძის საქმის გამოძიების მოთხოვნით სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. კიკნაძემ მისი ცემის ფაქტი დაუდასტურა და ახსნა-განმარტება მისცა. ამის შემდეგ სახალხო დამცველის წარმომადგენელი მე დამიკავშირდა და მითხრა, რომ საქმის მასალები გამოსაძიებლად პროკურატურას გადასცა. ჩვენებაში კიკნაძე მის ცემაში მონაწილე კონკრეტულ პირებსაც ასახელებს, თუმცა, დეტალების შესახებ მე ინფორმირებული არ ვარ", - განაცხადა კიკნაძის ადვოკატმა.
მისივე თქმით, პატიმრის ცემის ფაქტს ადასტურებს ციხის ახალი უფროსიც და აცხადებს, რომ თანამდებობაზე დანიშვნისას კიკნაძე ნაცემი დახვდა. გარდა ამისა, ადვოკატის განცხადებით, პატიმრის დედას, მერი კიკნაძეს გააჩნია დამატებითი მასალები, მათ შორის აუდიოჩანაწერები და სხვა სახის დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ მკვლელობაში, რომელიც კიკნაძეს ბრალდება, სხვა პირებთან ერთად ბაჩო ახალაია მონაწილეობდა. ეკა ქობესაშვილის თქმით, გოდერძი კიკნაძე დედას აღნიშნული მასალების ჟურნალისტებისთვის გადაცემას სთხოვს, თუმცა, მერი კიკნაძე ამისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
გოდერძი კიკნაძის განცხადებით, მას ციხეში 19 სექტემბერს სცემეს.