ცესკო-მ კენჭისყრის დროს ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციების შესახებ დადგენილების განხილვა ხვალისთვის გადადო.
ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ცესკო-ს წევრებს შორის ვერ მოხდა შეთანხმება, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ფოტო-ვიდეო გადაღების დროს საარჩევნო პროცესის ხელის შემშლელ ფაქტორად. ამიტომ, მისივე თქმით, სხდომა ხვალისთვის გადაიდო.
ამასთან, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლის, ლელა ტალიურის განცხადებით, აღნიშნული დადგენილება ეწინააღმდეგება კანონს და არღვევს არა მარტო დამკვირვებლების, არამედ მედიის წარმომადგენლების უფლებებს.
ლელა ტალიურმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ საარჩევნო უბანზე ფოტო და ვიდეო გადაღების დროს არაერთი დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი. მისივე თქმით, არჩევნების დროს საარჩევნო უბანზე ფარული ფოტო-ვიდეო გადაღებისას არაერთი დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი და ფარული ვიდეოგადაღების აკრძალვა დაუშვებელია.
დადგენილების პროექტის თანახმად, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუების ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ. კომისიის წევრების მიერ ინტერვიუების მიცემა უნდა განხორციელდეს კომისიის თავმჯდომარის თანხმობითა და კენჭისყრის პროცესში მისთვის განკუთვნილი მოვალეობების შესრულების შეფერხების გარეშე. დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში ფარული ფოტო/ვიდეო გადაღება, ასევე, კენჭისყრის კაბინისა და კენჭისყრის შენობის შესავლელ-გამოსავლელებში ფოტო/ვიდეო გადაღება.
ცესკო-ში დადგენილების განხილვა ხვალ, 18:00 საათზე იგეგმება.