რამდენიმე დღის წინ სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ მსოფლიო სუპერმოდელების აღმომჩენი სამოდელო აგენტი ქართველი ყოფილა. სწორედ მას უპოვია და უქცევია ტოპმოდელებად ნატალია ვოდიანოვა, ირინა შეიკი, ეკატერინა ელიზაროვა და არაერთი სხვა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, არც ერთი სფერო არ მოიძებნება, ქართველს რუსული საქმის განვითარებასა და წარმატებაში უდიდესი წვლილი არ ჰქონდეს შეტანილი.
გია ჯიქიძე საერთაშორისო სამოდელო სააგენტო Grace models world-ის პრეზიდენტი იყო - რუსი მოდელების პირველი და ერთადერთი აგენტი დასავლეთში. იგი 46 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი სიკვდილის გარემოებები დღემდე უცნობია - ოფიციალური ვერსია გულის შეტევაა.
გია ჯიქიძე კრასნოდარში დაიბადა, ცნობილი სკაუტი იყო. სანამ თავის სააგენტოს დააარსებდა, სამოდელო სააგენტო Viva-ზე მუშაობდა. ამ სააგენტოს დავალებით ეძებდა მოდელებს რუსეთსა და უკრაინაში. მახვილი თვალისა და განსაკუთრებული ალღოს წყალობით, მას მართლაც შეეძლო ნამდვილი მარგალიტების პოვნა, რომლებიც მსოფლიო მასშტაბებზე გადიოდნენ. მისი აღმოჩენილები არიან ნატალია ვოდიანოვა და ირინა შეიკი. ეს გოგონები, რუსეთის პროვინციიდან, სწორედ ამ კაცის წყალობით გავიდნენ ჯერ რუსეთის დედაქალაქში, მერე კი მსოფლიო პოდიუმებზე და მაღალანაზღაურებად ტოპმოდელთა შორის მოხვდნენ. ასევე გიას აღმოჩენილები არიან "მის რუსეთი-90" ვიქტორია დრონოვა, ტოპ-მოდელი ინა ზობოვა, კატია ელიზაროვა, ევგენია ვოლოდინა, ელენა მელნიკი, ოლგა შერერი.
გარდა იმისა, რომ ეს კაცი ნამდვილი პროფესიონალი იყო, ახერხებდა, ყველა გოგონასთან საოცრად თბილი ურთიერთობები შეენარჩუნებინა და ყველა მათგანი დღემდე განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს მათზე მზრუნველ აგენტს.
"შესანიშნავი სკაუტი იყო... თუმცა ალბათ ერთადერთი ბუკერი, რომელიც უბრალოდ კი არ ეძებდა მოდელებს, მათ გამო განიცდიდა კიდეც", - იხსენებს ნატალია ვოდიანოვა, რომელიც გიამ გაიყვანა პროვინციული ქალაქიდან, სააგენტოში გაუკეთა პორტფოლიო და სულ ცოტა ხანში გერმანულ "ელთან" დაადებინა კონტრაქტი. ამის შემდეგ დაიწყო მისი აღმასვლა.
ასევე გია ჯიქიძის დამსახურებაა, რომ ნიჟნი ნოვგოროდში ადგილობრივ სამოდელო კონკურსზე დანახულ მშვენიერ გოგონაში - ირინა შახნაზაროვაში, მომავალი მსოფლიო მოდელი დაინახა, მასაც მოჰკიდა ხელი და დედაქალაქში წაიყვანა. გოგონამ მალე გაარღვია საზღვრები, ირინა შეიკი გახდა, დღეს კრიშტიანო რონალდოს საცოლე და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური და სასურველი ქალია...
გია ჯიქიძის შემდეგ მისი საქმე მისმა დისშვილმა ნინო ჯიშიაშვილმა გადაიბარა, სწორედ ის ხელმძღვანელობს ამჟამად სააგენტოს Grace models world.
"კელვინ კლაინში" დავრეკე: "ან მე ვარ სულელი, ან ყველა პარიზული სააგენტო გაგიჟდა"...
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გია ჯიქიძემ ინტერვიუ მისცა რუს ჟურნალისტს, სწორედ ამ ინტერვიუდან გთავაზობთ ამონარიდს:
- ამბობენ, რომ როდესაც გოგონას აფასებთ, მის თვალებს აქცევთ დიდ ყურადღებას და საინტერესო სახეებს...
- ადამიანები საინტერესო სახეებით, თვალების უჩვეულო გამომეტყველებით, შინაგანად ძალიან საინტერესოა. ეფექტური გარეგნობა - მხოლოდ იღბლიანი გარსია. საკუთარ თავში ინდივიდუალურობის გამოვლენას ხელს უშლის ხოლმე სოციალური გარემო, ოჯახური ურთიერთობები. ნებისმიერი ქალი დღის განმავლობაში სამჯერ შეიძლება იყოს ძალიან ლამაზი და ძალიან ულამაზო - ყველაფერი სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
- რას გულისხმობთ?
- შარშან ვიპოვე ლენა სუდაკოვა, გოგონა ძალიან საინტერესო სახით. მოცეკვავე იყო, მოსკოვის სააგენტოებში წარუმატებლად მუშაობდა და საერთოდ არ სჯეროდა საკუთარი თავის. ჩემი ფულით წავიყვანე პარიზში, ყველა სააგენტოს ვაჩვენე - არავინ აიყვანა. ყველა ამბობდა: "მეტისმეტად უცნაურია, არ გამოგვადგება". ლენა შოკში ჩავარდა: "რატომ ვაკეთებ ამას?" მაშინ "კელვინ კლაინის" კასტინგ-დირექტორს დავურეკე: "ან მე ვარ სულელი, ან ყველა პარიზული სააგენტო გაგიჟდა". ფოტო ნახა და დამირეკა: "ნამდვილად გაგიჟებულან. სასწრაფოდ გამოუშვი აქეთ!" ლენა მაშინვე აიყვანეს და იტალიურ "ვოგში" გარეკანზეც კი დაბეჭდეს მისი ფოტო.
- რით ხელმძღვანელობთ?
- ალბათ ეს ინტუიციაა, უნარი, დაინახო მშვენიერი იქ, სადაც ამას ვერავინ ამჩნევს - ამის ახსნა შეუძლებელია.
- ხშირად გაქვთ საქმე მორალურ ტრავმებთან?
- გამუდმებით. ხდება, რომ არაკომპეტენტური ბუკერი, რომელიც მოდელის არსში ვერ ერკვევა, ისეთ შეკვეთებზე გზავნის მას, რომელიც მისთვის უკუნაჩვენებია. გოგონაც დაშტამპული მოდის ერთადერთი სურვილით - ფული იშოვოს, თვითრეალიზაციაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ამის იქით კი უფსკრულია.
- რა შანსი აქვთ რუს მოდელებს, რომ ტოპმოდელები გახდნენ?
- სააგენტოები მეკობრეებივით მოქმედებენ: ეს-ესაა სახე იპოვეს, მაშინვე დასავლეთში გზავნიან, ოღონდ კი მალე იშოვონ ფული. და ხშირად ნახევარ წელიწადში გოგონა ბიზნესს ტოვებს, რაღაც ხურდების შოვნის შემდეგ, მისი პოტენციალი კი არარეალიზებული რჩება. მას ძალა აღარ აქვს, თავისნაირების კონკურენციას გაუძლოს - ინგლისელების, ფრანგების, ბრაზილიელების.
- თქვენ სააგენტო შექმენით, რომ რუს მოდელებს დაეხმაროთ. რაში გამოიხატება თქვენი დახმარება?
- ცოტა ხნის წინ ლონდონში გოგონას მანქანამ დაარტყა. ვინ დაეხმარება? რეკავს სააგენტოში და მაშინვე გადის მასთან ჩვენი თანამშრომელი, რომ დაამშვიდოს, ექიმს უჩვენოს. ოთხი განყოფილება გვაქვს ნიუ-იორკში, ლონდონში, პარიზსა და მოსკოვში, 120-ზე მეტი მოდელი გვყავს. თითოეულ მოდელს თავისი სააგენტო აქვს, ჩვენ მათთან ვართ დაკავშირებული, ზოგიერთთან კომერციული შეთანხმება გვაქვს, მათგან პროცენტებსაც ვიღებთ.
- მოდელები რამდენს შოულობენ?
- საშუალოდ 300 ათას დოლარს წელიწადში.
- აკონტროლებთ მათ ხარჯებს?
- ვცდილობ, თვალები ავუხილო: "დღეს მდიდარი ხარ, მაგრამ ხვალ შეიძლება არაფრად იქცე. გაჩერდი, ერთნაირად აღიქვი წარმატებაც და წარუმატებლობაც". გოგონები ფრთხილები უნდა იყვნენ ამ ბიზნესის შეფასებისას, მეტისმეტად ბევრია გარშემო უცოდინარი.
(გამოდის ორშაბათობით)