მარიკა თხელიძე თავისი ზომის სამოსს ყველგან ვერ შოულობს

მარიკა თხელიძე თავისი ზომის სამოსს ყველგან ვერ შოულობს

მომღერალი მარიკა თხელიძე ჩვენს ახალ რუბრიკაში ჩავწერეთ და მისი ჩვეულებრივი დღის შესახებ უფრო მეტი გავიგეთ. მართალია, მარიკამ ჩვენთან პირად თემაზე საუბარი არ ისურვა, თუმცა მე მაინც გეტყვით, რომ ჩვენი რესპონდენტი შეყვარებულია და ეს დადასტურებული ინფორმაციაა. მისი რჩეული საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის, გელა ბეჟუაშვილის ვაჟი, დათუნა ბეჟუაშვილია. ოგორც გავიგეთ, წყვილს ერთმანეთი საერთო სამეგობრო წრეში გაუცნია და მათ გრძნობას საფუძველი ნელ-ნელა ჩაჰყრია. თურმე დათუნა ლონდონში იღებდა განათლებას, მაგრამ დღეს უკვე აქ თავისი პროფესიით, ბიზნესის განხრით მუშაობს.

-  მარიკა, როდის იწყება შენი დილა?

-  მოგეხსენებათ, კულტურის სამინისტროში ვმუშაობ, დილის ათიდან 7 საათამდე სამსახურში ვარ, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ კი მეგობრებთან ერთად მივდივარ გასართობად კინოში, კაფეში ან რომელიმე მეგობრის სახლში.

-  დილით ადგომის შემდეგ დიდხანს უნდები თავის ფორმაში მოყვანას?

-  გაღვიძებიდან ერთი საათი მაინც მჭირდება მოსაწესრიგებლად. რაც უნდა ადრე დავიძინო, დილით გაღვიძება მაინც მიჭირს, მაგრამ, როგორც წესი, ყოველღამე დაახლოებით სამ-ოთხ საათზე ვწვები, მანამდე ვერანაირად ვერ ვიძინებ, ამიტომ ხომ წარმოგიდგენია, დილით გაღვიძება ჩემთვის რა იქნება? ვიცი ჩემი თავის ამბავი, შეიძლება ავდგე, მაგრამ ძალიან დიდხანს ისე ვიარო, ვერაფერი გავაკეთო, ამიტომ თითქმის ყოველთვის წინა საღამოს ვამზადებ სამოსს მეორე დღისთვის, იშვიათ შემთხვევებში ისეც ხდება, რომ ღამით გამზადებული სამოსის ჩაცმის სურვილი დილით არ მიჩნდება, აი, ამ შემთხვევაში ვირგებ უამრავ რაღაცას, არ მომწონს არც ერთი, მაგრამ ბოლოს როგორღაც მაინც მივდივარ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, გარდერობიდან ტანსაცმლის გადმოყრა საშინლად არ მიყვარს, რა უნდა მოხდეს, რომ სამოსის მოსაძებნად გარდერობის გადმოყრა დამჭირდეს, მსგავსი რამ არასდროს დამმართვია. ჩაცმის შემდეგ შეიძლება მსუბუქად ვისაუზმო, საერთოდ, დილით ჭამა არ მიყვარს, მაგრამ იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაი დავლიო ფუნთუშასთან ერთად. შუადღეს შესვენებაზე კი გემრიელად მივირთმევ, როცა მუშაობ, კვება აუცილებელია იმისთვის, რომ იაზროვნო.

-  გაქვს რაიმე ჩვევა სახლიდან გასვლის წინ?

-  იცი, რა მომენტი მაქვს? სახლიდან გასვლის წინ სულ ვფრთხილობ, რამე არ დამრჩეს ჩართული, მეშინია ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევების, ამიტომ სახლიდან გასვლამდე ყოველთვის თვალს ვავლებ ოთახს იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველაფერი წესრიგშია და გამორთულია.

-  სამოსი ახსენე, დარწმუნებული ვარ, მრავალფეროვანი იქნება, ძირითადად სად აახლებ გარდერობს?

-  არა, არ მაქვს იმაზე გართულება, რომ მაინცდამაინც საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი სამოსი მეცვას, მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში ბევრი რამ მაქვს ნაყიდი. დღეს თბილისშიცაა ისეთი მაღაზიები, რომლებიც აკმაყოფილებს ჩემს გემოვნებას და სწორედ იქ ვიძენ სასურველ ნივთებს, უბრალოდ, ზომებზე მექმნება პრობლემა, ყველგან არ იშოვება ჩემი ზომის სამოსი. მაქვს ამოჩემებული მაღაზიები, საიდანაც ახალი კოლექციისა და ჩემი ზომის სამოსის მიღების შემთხვევაში მირეკავენ. დიდი სიხარულით მივდივარ. ჩაცმაზე გართულება მაქვს, არანორმალურად მიყვარს სიარული ახალი ნივთების შესაძენად, ოღონდ მარტოს არა, მარტო არსად წასვლა არ მიყვარს. მყავს ჩემნაირი შოპოჰოლიკი მეგობრები, რომლებთან ერთადაც დაუღალავად დავდივარ მაღაზიებში დილიდან დაღამებამდე.

-  რამდენადაც ვიცი, მანქანით გადაადგილდები, როგორი მძღოლი ხარ?

-  მანქანა აღარ მყავს, ამიტომ ძირითადად ტაქსით დავდივარ. როგორც ტაქსის მძღოლებს სჩვევიათ, ხშირად მელაპარაკებიან და მეც წმინდა ადამიანურად ვუსმენ. ზოგი საუბარს ასე იწყებს, შვილო, ძალიან მეცნობი და საიდან (იღიმება)?! მერე ხვდებიან, ვინც ვარ და სითბოს გამოხატავენ, მეკითხებიან, რატომ აღარ ჩანხარ, რატომ დაიკარგე, კარგად მღეროდი და რატომ დაანებე ამ საქმეს თავიო და ა.შ. ამ საუბარში კი სამინისტრომდე ან სხვა დანიშნულების ადგილამდე მივდივართ.

-  რაც შეეხება შენს სამუშაო გარემოს, აგვიწერე შენი მაგიდა...

-  საერთოდ არ მაქვს ამოჩემებული ნივთები, რომლებსაც მუდმივად ვატარებ, ამიტომ ჩემი სამუშო მაგიდაც სრულიად ჩვეულებრივია კომპიუტერით, ბევრი ფურცლითა და დოკუმენტებით, ოღონდ ეს ქაღალდები აუცილებლად მოწესრიგებული უნდა იყოს, არ მიყვარს არეულობა. სახლშიც ჩემს მაგიდაზე თუ ზედმეტად რაიმე ნივთი დევს, მაღიზიანებს, სერიოზული გართულება მაქვს ასეთ რაღაცებზე.

-  ვინაიდან წესრიგის მოყვარული ხარ, გვითხარი, შენს ოთახს თვითონ ალაგებ?

-  სახლისა და მით უმეტეს, ოთახის დალაგება ელემენტარული რაღაცაა. დილით ადგომისთანავე ვალაგებ ჩემს ოთახს, ასე რომ არ მოვიქცე და სამსახურიდან დაბრუნებულს არეულობა დამხვდეს, საშინლად გავღიზიანდები, ჩემი ოთახი ხომ ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილია, მაგრამ იქ თუ არულობა იქნება, არ შევალ (იცინის). ამ დროს ანტიმეგობრული დამოკიდებულებით ვიმსჭვალები ყველაფრის მიმართ, ამიტომ მირჩევნია, დილით სამსახურში წასვლის წინ გარკვეული დრო გამოვყო მოსაწესრიგებლად, მით უმეტეს, რომ ჩემს ოთახში დიდი დასალაგებელი არასდროს არაფერია, რადგან იქაურობა ყოველთვის დალაგებულია.

-  ოთახში ალბათ გაქვს ნივთები, რომლებიც დადებით ემოციას იწვევენ.

-  ალბათ ყველა ნივთს აქვს რაღაც ისტორია და დატვირთვა. აი, მაგალითად ოთახში მაქვს ვიოლინო, რომელიც მოგონებებს აღმიძრავს და კარგ პერიოდს მახსენებს, ჩემთვის უსაყვარლესი ნივთია. მუსიკალური სკოლა მაქვს დამთავრებული, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, ვიოლინოზე დაკვრა მესწავლა და ავიხდინე ეს სურვილი. გარკვეული პერიოდი ვიარე, რადგან საკმაოდ გვიან მივედი ამ ინსტრუმენტის დასაუფლებლად. ცოტა ხნის შემდეგ თავი დავანებე ამ საქმეს. გარდა ამისა, მაქვს ქეთა თოფურიას მიერ დაბადების დღეზე ნაჩუქარი ლიმონის ფორმის ღამის სანათი, რომელიც ძალიან ადრე მისახსოვრა, მაგრამ ჩემს ოთახში ღირსეული ადგილი უკავია, საწოლის თავთან მიდევს და ძალიან მიყვარს. ჩემს ოთახში ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი ადგილი ხატების კუთხეა. ამათ გარდა აქ შეგიძლიათ ნახოთ ტელევიზორი, რომელიც ფორმალურად დევს, რადგან არ მიყვარს ყურება, მეტიც, სახლში დაბრუნებულს თუ ჩართული მხვდება, დედას ვთხოვ, გამორთოს. სასტიკი პროტესტი მაქვს მის მიმართ. ამას წინათ კარგ ფილმს წავაწყდი და ვუყურებდი, რითაც ოჯახი გავაოცე (იღიმება).

ძირითადად, მაინც კომპიუტერთან ვარ მიმაგრებული, ეს დამოკიდებულება მგონი, უკვე მანიაში გადამეზარდა. როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, მისი ჩართვა არ მავიწყდება, მინდა, ყველგან და ყოველთვის ისმოდეს მუსიკა, სხვათა შორის, პირის დასაბანად აბაზანაში რომ შევდივარ, იქაც კი მობილური შემაქვს და სიმღერებს ვრთავ. შეიძლება ყოველ დილით ამის განწყობა არ მქონდეს, მაგრამ უმეტესად ასე ხდება ხოლმე. როდესაც სამსახურში ვარ და ვხვდები, იმ მომენტში მუსიკა ხელს არ შემიშლის საქმის კეთებაში, ყურებზე ვიკეთებ ეგოისტს და შევდივარ "იუთუბზე", სადაც მუსიკას ვუსმენ.

-  ქუჩაში სეირნობის ან მოძრაობის დროს თუ უსმენ მუსიკას?

-  რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ქუჩაში მოძრაობის დროს არ ვუსმენ, ტაქსიში ჩაჯდომისას კი მძღოლს ვთხოვ, რომ ან ჩართოს ან აუწიოს მუსიკას.

-  ზემოთ თქვი, ტელევიზორის ყურება არ მიყვარსო, მაგრამ პრესას მაინც თუ ეცნობი?

-  თუ სახლში მოაქვთ ჟურნალ-გაზეთები, თვალს ვავლებ, ვაკვირდები, სადმე ჩემზე რამე ხომ არ წერია, ხან ისე ხდება, რომ ჭორებს წერენ და თუ ასე შემთხვევით არ წააწყდი, ვერც გაიგებ, რომ შენზე დაიწერა რაღაც ამა თუ იმ ჟურნალში. გარდა ამისა, თუ რაიმე ჩემთვის საინტერესოს აღმოვაჩენ - ვკითხულობ. ისე, სიმართლე გითხრა, ხან ისე ვიღლები, არც მეგობრებთან მივდივარ, სამსახურის მერე პირდაპირ სახლში ვბრუნდები და ვიძინებ. ასეთ შემთხვევაში რა გასაკვირია, რომ პრესა არ გამახსენდეს?! შეიძლება, რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდეს, მაგრამ მე არ ვიცოდე, ამ დროს კი ვიღებ ხოლმე საყვედურს ახლობლებისგან, მეუბნებიან, რა არის, მარიკა, ეს არ უნდა იცოდეო?! მაგრამ სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ვარ და არაფრით არ შემიძლია საინფორმაციო გადაცემების მოსმენა. თუ რაღაც განსაკუთრებული ხდება, მირეკავენ და მაგებინებენ და მერე "გუგლის" მეშვეობით ვერკვევი სიტუაციაში. ისე, დღეს თუ რამე გაინტერესებს, "ფეისბუქში" უნდა შეხვიდე, იქ ყველანაირი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. არ არსებობს, რამე მნიშვნელოვანი ხდებოდეს და ამ საიტზე მყოფს ეს გამოგეპაროს, ალბათ ამიტომაც არ ვმეგობრობ ტელევიზორთან.

-  როგორც გვითხარი, სამსახურის მერე დროს მეგობრებს უთმობ, მაგრამ ღამის ცხოვრება - კლუბები, ცეკვა თუ გიზიდავს?

-  ძალიან მიყვარს ცეკვა, ჩემს მეგობრებს კი დიდად არ იზიდავთ კლუბებში სიარული. მე სულ იმის თხოვნაში ვარ, ცეკვა მინდა და წამოდით-მეთქი. აი, მაგალითად "ქალაქურში" ძალიან მიყვარს მისვლა, უკვე დიდი ხანია ამ კლუბის სტუმარი ვარ და ბევრი ნაცნობი მყავს, ამიტომ იქ მისვლა ყოველთვის მიხარია.ეს ის ადგილია, სადაც ვცდილობ, დავიხარჯო დადებითად, მაგრამ ამისთვის შესაბამისი მოწყობილობაა საჭირო.

-  შინ დაღლილი რომ ბრუნდები, დაძინებამდე რას აკეთებ?

-  ვიცვამ საშინაო სამოსს, ვწვები და მუსიკის ფონზე ვიძინებ.

-  არაფერი გვითქვამს შენს პირად ცხოვრებაზე, არადა, როგორც გავიგეთ, დათუნა ბეჟუაშვილზე ხარ შეყვარებული...

-  ძალიან გთხოვთ, არაფერი მკითხოთ ამ თემაზე.

-  კი, მაგრამ აქ დასამალი რა არის? უკვე ცნობილია ამ ამბის შესახებ, თან, შენ ამ ინფორმაციას ადასტურებდი, რა მოხდა ახლა, რამე შეიცვალა?

-  არა, არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, არ მინდა ამ საკითხზე საუბარი და შეგიძლია დაწერო, რომ კომენტარს არ ვაკეთებ.

-  საერთოდ, რაც უფრო მალავს ადამიანი რაღაც საკითხს, იმის შესახებ უფრო მეტი ჭორი ვრცელდება ხოლმე. გაუკვირვებიხარ შენზე მოგონებულ ჭორებს?

-  სიმართლე გითხრა, ჭორების ობიექტი ძალიან იშვიათად ვხდები, თუმცა მაინც მესმის ხოლმე რაღაცები. მახსოვს, ბავშვობაში ასეთი რამ გავიგე, მარიკას სპეციალური კომპიუტერი ჰქონდა, რომლის მეშვეობითაც გამოსცემდა ხმას და იმ ბგერებს, რომლითაც მღეროდაო. არადა კონკურსებზე მაინც როგორ უნდა შემეპარებინა ეს კომპიუტერი, ამაზე არავინ ფიქრობდა (იცინის). სხვათა შორის, ადრე ხშირად ამბობდნენ, მარიკა "სწერვააო", მაგრამ გაცნობის შემდეგ წარმოდგენა ეცვლებოდათ. ალბათ უხეში და მკაცრი გარეგნობა მაქვს და აქედან მომდინარეობდა ჩემი ასეთი დახასიათება. ადრე სადმე რომ მივდიოდი, ისე მიყურებდნენ, თავი უცხოპლანეტელი მეგონა, ყველაფერზე მაკვირდებოდნენ. შეიძლება, სულაც დადებითად იყოს ადამიანი შენ მიმართ განწყობილი და იმიტომ გიყურებდეს, მაგრამ ხანდახან ეს შემაწუხებელია, ზოგჯერ არ ხარ იმის განწყობაზე, რომ ვიღაცამ გიცნოს ან გიყუროს, თუმცა ყურადღება მაინც სასიამოვნოა.

-  მარიკა, სასიმღერო კარიერაში თუ გაქვს სიახლეები?

-  არა, უბრალოდ, ძალიან მინდა გავაქტიურდე, შევიმუშაო პროგრამა და განსხვავებული სახით წარვდგე მსმენელის წინაშე, მინდა, სხვა, უკვე გაზრდილი მარიკა გამოვიდეს სცენაზე და ვნახოთ, რამდენად განვახორციელებ ამ გეგმას.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება