სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი გიორგი ტუღუში მედიასაშუალებებს მოუწოდებს, შეწყვიტონ პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის ჩვენება.
როგორც ტუღუშმა გლდანის ციხის დატოვებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული ვიდეოების ჩვენება სიტუაციას ამწვავებს.
"ძალიან გთხოვთ, ყველა ტელეარხმა შეწყვიტოს ფირების ტრიალი, რადგან ეს ართულებს ვითარებას. ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, რაც დაწყებულია და გთხოვთ, ნუ მივაყენებთ ტრავმას პატიმართა ახლობლებს, რომლებიც ამ ვიდეომასალას უყურებენ და რიგ შემთხვევებში საკუთარი პატიმრის ამოცნობა ხდება", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
მან გლდანის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა. წასვლამდე მინისტრმა აღნიშნა, რომ გლდანის დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა.