თამაზ თამაზაშვილის სახელის დისკრედიტაციის მიზნით, ხელისუფლება მორიგ პროვოკაციას გეგმავს, - ამის შესახებ თამაზ თამაზაშვილის ადვოკატმა, შალვა თადუმაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შალვა თადუმაძის თქმით, ხელისუფლება გეგმავს ინფორმაციის გავრცელებას ადამიანის გატაცებასთან, ან ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით და მთავარ გმირად მოხსენიებულ იქნება თამაზ თამაზაშვილი.
მისივე თქმით, პროკურატურა საუბრობს, რომ დანაშაული, რომელიც ციხეში ხდებოდა გარედან იმართებოდა და ორგანიზატორად თამაზ თამაზაშვილს ასახელებს. ადვოკატებს თამაზაშვილის დისკრედიტაციის მცდელობაში ეჭვებს უჩენს პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებები, რომელიც აცხადებს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია და ამას საზოგადოებას მიაწვდიან.
"თამაზაშვილის ადვოკატებს გვიჩენს ეჭვს, რომ იგეგმება რაიმე სახის ინფორმაციის გავრცელება ადამიანის გატაცებასთან და ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით და მთავარ გმირად მოიხსენიებენ თამაზ თამაზაშვილს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ომბუდსმენს თავის დროზე თავი არ შეუწუხებია თამაზაშვილის მიმართ განხორციელებულ უკანონობაზე, მივმართავ გიორგი ტუღუშს, პირადად აიღოს კონტროლზე თამაზაშვილის მდგომარეობა, რადგან ხელისუფლებამ მასზე შეიძლება რაიმე სახის პროვოკაცია მოახდინოს", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
ადვოკატის განცხადებით, თამაზაშვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს.
"მედია საშუალებები მის გვარს მძიმე დანაშაულებებთან ასახელებენ. ფსიქოლოგიური ზეწოლაა, რომ მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ვიდეომასალა, სადაც მაღალი თანამდებობის პირები პირადად მონაწილეობენ პატიმრებზე ძალადობასა და წამებაში, პროკურატურას ყოფნის თავხედობა, რომ თქვას, ამ ყველაფერში თამაზაშვილია გარეული", - განაცადა თადუმაძემ.
ადვოკატი თამაზაშვილის უსაფრთხოებას მოითხოვს და აცხადებს, რომ "იმ შემთხვევაში, თუ თამაზაშვილზე რაიმე სახის ზეწოლა განხორციელდება ჩვენ პასუხისმგებლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც ვაკისრებთ, რომელმაც პირად კონტროლზე აიყვანა ყველა პატიმრის მდგომარეობა.
მისივე თქმით ნებისმიერი ვიდეომასალა, რომელიც შეიძლება შექმნან და იქნება თამაზაშვილის სახელი ხსენებული, იქნება პროვოკაციული და პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. რადგან მას არ აქვს არანაირი კომუნიკაცია ციხეში გარდა ადვოკატებისა და ოჯახის წევრებისა.
"ჩვენ მოვითხოვთ შეწყდეს თამაზაშვილის კადრების უკანონო ტრიალი იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც გაცილებით ადრე იცოდა ომბუდსმენმა და რომელიც გაცილებით ადრე უნდა სცოდნოდა პრეზიდენტს და შინაგან საქმეთა მინისტრს. ამ ფაქტებთან დაკავშირებით უნდა შეწყდეს თამაზაშვილის სახელის ტრიალი, რადგან საზოგადოებამ კარგად იცის, რომ იმ დროს, როდესაც ეს ვიდეო გადაიღეს თამაზაშვილი ციხეში არ იმყოფებოდა და მითუმეტეს არც არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
მისივე თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობა თამაზაშვილის ამ დროისთვის არ არის ცუდი. მის მიმართ ამ ვიდეომასალასთან დაკავშირებით არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს. ის არც დაუკითხავთ. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მასზე შესაძლოა ხელისუფლებამ ძალადობა განახორციელოს. ამასთან, თადუმაძის თქმით, თამაზაშვილს ინფორმაციის მიწოდება რადიოთი გუშინ შეუწყვიტეს.