"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მოუწოდებს ხელისუფლებას, დააყენოს მაღალი ოფიციალური პირების პასუხისმგებლობის საკითხი, - ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც "42-ე მუხლი" გიორგი ტუღუშის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ეხმიანება.
"42-ე მუხლი" მიიჩნევს, რომ გიორგი ტუღუში არის დადებითი რეპუტაციის მქონე პიროვნება, მას აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება, როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე და კარგად იცის საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული პრობლემები.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სისტემური პრობლემის აღმოსაფხვრელად, აუცილებელია მისი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება მთელი რიგი რეფორმების გასატარებლად, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ვითარებას საპატიმრო დაწესებულებებში.
ორგანიზაციის განცხადებით" ყველა დანაშაულებრივი ფაქტი უნდა იყოს ობიექტურად გამოძიებული და სიღრმისეულად შესწავლილი. ხოლო, ყველა იმ პირმა, რომელიც წლების განმავლობაში ჩადიოდა დანაშაულს პასუხი უნდა აგოს სათანადო წესით და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს.
"პატიმართა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნითა და პრევენციის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს, განახორციელოს მონიტორინგი საპატიმრო დაწესებულებებში. "42-ე მუხლი" იმედს გამოთქვამს, რომ გიორგი ტუღუში საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შესაქმნელად, ძალისხმევას არ დაიშურებს და სასჯელაღსრულების სისტემის გაუმჯობესების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გააძლიერებს",-ნათქვამია "42-ე" მუხლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" გამოხატავს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს პენიტენციარული სისტემის რეფორმირების პროცესში და მონაწილეობა მიიღოს საპატიმრო დაწესებულებების საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შემუშავებაში.