"კავკასია 2012"-ის ერთადერთი მიზანი საქართველოს ოკუპაციაა", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. მისივე თქმით, არსებობს სასწავლო რუკა, რომელზეც თბილისი ფერადი ისრებით არის მონიშნული. "კავკასია 2012" 17 სექტემბერს დაიწყო და, როგორც რუსეთის გენშტაბის წარმომადგენლები ამბობენ, 23 სექტემბრამდე გაგრძელდება. ქართველი მაღალჩინოსნები და სამხედრო ექსპერტები, არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა სწავლების ვადები გაზარდოს. რამდენად რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ და რა შეიძლება გახდეს რუსული არმიის საქართველოში შემოჭრის საბაბი? აზრის გამოთქმა სამხედრო ექსპერტს, გიორგი მელითაურს ვთხოვეთ.
- ბატონო გიორგი, ოთხი წლის წინ, "კავკასია 2008" ჩვენს ტერიტორიაზე რუსული დანაყოფების შემოჭრით დასრულდა. ამჯერად რისი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს?
- არ ვიცი, ეს სწავლება ნამდვილად ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის მიზნით დაიგეგმა თუ არა, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ არაკეთილმოსურნე მეზობლის მიერ ჩვენს საზღვართან ასეთი დიდი ძალის კონცენტრაცია სერიოზული საფრთხის შემცველია. მით უფრო, რომ ამ წვრთნებზე რუსებმა უცხოელი დამკვირვებლები არ დაუშვეს. შეგახსენებთ, რომ 90-იან წლებში რუსეთმა და ნატოს ბლოკმა დადეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი ვალდებულია, უცხოელი დამკვირვებლები დაუშვას იმ სამხედრო წვრთნებზე, რომელშიც 10 ათას კაცზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, "კავკასია 2012"-ში 8 ათასი სამხედრო მონაწილეობს, მაგრამ თუ წვრთნების მასშტაბს გავითვალისწინებთ, ამის დაჯერება გაგვიჭირდება: წვრთნებში ჩართულია, როგორც სამხედრო ოლქის, ასევე კოსმოსური, სტრატეგიული სარაკეტო და საჰაერო-სადესანტო ძალები. თანაც, სწავლება მოიცავს არა მარტო სამხრეთ კავკასიას, არამედ მთელი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს საჯარისო კი არა, არამედ საშტაბო წვრთნებია, რომელიც ითვალისწინებს ჯარის სხვადასხვა სახეობის ნაწილების ურთიერთქმედებას მოწინააღმდეგე ქვეყნის მთელი ტერიტორიის მასშტაბით.
- როგორც რუსეთის გენშტაბის წარმომადგენლები ამბობენ, საქართველოს სიმშვიდისთვის მათ ცხინვალში, აფხაზეთსა და სომხეთში არსებული სამხედრო ბაზების პოლიგონების გამოყენებაზე უარი თქვეს...
- კი, ბატონო, "კავკასია 2012"-ს ჩეჩნეთის ტერიტორიაც გამოეთიშა, მაგრამ რუსეთის გენშტაბი არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ აფხაზეთში ინტენსიური სწავლება ჩაატარეს საბრძოლო სროლებში.
- როდის?
- ეს სწავლება ორი თუ სამი კვირის წინ დასრულდა. მასში 400 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა და გამოყენებული იყო ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები. უკვე ჩატარებულია სწავლება გიუმრის ბაზაზე მყოფი კავშირგაბმულობის ნაწილებისთვისაც. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთმა შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი დაღესტანში გადაისროლა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსკოვმა ბოლო წლების განმავლობაში საფუძვლიანად განაახლა შეიარაღებული ძალების პარკი და სარაკეტო ტექნიკის ინტეგრირება განახორციელა.
- რუსული სამხედრო ძალების საქართველოს საზღვართან მობილიზებას ზოგიერთი ექსპერტი იმით ხსნის, რომ მოსკოვი თადარიგს იჭერს იმ შემთხვევისთვის, თუ დასავლეთი ირანზე შეტევას განახორციელებს, ზოგიერთის ვერსიით კი "კავკასია 2012" საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდს მიზანმიმართულად დაამთხვიეს, რომ პროვოკაციის მოსაწყობად საბაბი ჰქონდეთ. თქვენ რომელ ვერსიას იზიარებთ?
- რუსეთმა ამ წვრთნების დაწყების თარიღი ჯერ კიდევ 2011 წლის დეკემბერში გამოაცხადა და ამის მიზეზად ირანთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა. მაშინ საპარლამენტო არჩევნების თარიღი ჯერ დათქმული არ იყო, მაგრამ ცხადი გახლდათ, რომ ეს სექტემბრის ბოლო ან ოქტომბრის დასაწყისი იქნებოდა. რუსები ამბობენ, რომ წვრთნებს ისინი 17-დან 23 სექტემბრამდე ატარებენ და საქართველოს საპარლამენტო არჩევნები საერთოდ არ აინტერესებთ, მაგრამ... მათ შეუძლიათ, სწავლების ვადები რამდენჯერმე გაზარდონ.
- როგორ გგონიათ - თბილისი შესაძლო საფრთხისთვის მზად არის?
- წესით, უნდა იყოს. თავდაცვის სამინისტროს კონტრგეგმები უკვე შემუშავებული უნდა ჰქონდეს. იმედია, ეს ასეც არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, არმია საერთოდ არ გვჭირდება.
ხათუნა ბახტურიძე
(გამოდის ხუთშაბათობით)