ორი დღის წინათ გავრცელებულმა შემზარავმა ვიდეოფაქტებმა ქართველ ხალხს ყველა სხვა პრობლემა დაავიწყა. ეს ისეთი საკითხია, რომლის წაყრუება არ შეიძლება და რომელიც განსჯის საგანი დიდხანს იქნება. ბევრმა ადამიანმა ამ კადრებს ვერც უყურა...
აღშფოთება არც ქართველ ფეხბურთელებს დაუფარავთ. ნაკრების ბევრმა მოთამაშემ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა თავისი ნააზრევი.
"მსოფლიო სპორტი" დღევანდელი ნაკრების ყველაზე სტაჟიან ფეხბურთელს, თურქული "ქაისერისფორის" მცველ ზურაბ ხიზანიშვილს ესაუბრა.
- ასე შეურაცხყოფილი არასოდეს ვყოფილვარ. ეს უკვე ყველა ზომას სცილდება. ისეთ მდგომარეობაში ვარ, სიტყვებს ვერ ვაკონტროლებ. აუცილებლად უნდა ვთქვა: ცხოვრებაში არასოდეს გამიკეთებია პოლიტიკური განცხადება, მაგრამ ახლა თავს ვერ შევიკავებ - ეს ხალხი უნდა წავიდეს. სულ არ მაინტერესებს, ვინ მოვა მთავრობაში, მაგრამ ესენი უნდა წავიდნენ. არ უნდა შერჩეთ! ესაა ქართველობა? აღარც სანთელი, აღარც ღმერთი, აღარც პატრიარქი? შესაძლოა, ვინმე სხვამ აპატიოთ, მაგრამ ღმერთი არ აპატიებთ ამას.
- თურქეთში რა გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს?
- თანაგუნდელებმა დამირეკეს, რა ხდება, ეს რა აჩვენესო... რა უნდა მეთქვა? გაჩუმებული ვიყავი და მრცხვენოდა. ვარჯიშზე თავჩაღუნული მივედი. ძლივს ვივარჯიშე. არა, ქართველობის გამო ნამდვილად არ მრცხვენია. მათ შერცხვეთ, რომლებსაც სისხლი არ აქვთ. ისინი არ არიან ქართველები. კიდევ ვიმეორებ: თუ ოქტომბრის შემდეგაც ესენი დარჩნენ, ხალხის საშველი არ იქნება...
...გვიჭირს, ამ ამბების შემდეგ, ფეხბურთზე გადავერთოთ, თუმცა ზურაბმა საკლუბო და სანაკრებო ამბებზეც ისაუბრა:
-"ქაისერისფორს" ცუდად მისდის საქმე. 4 ტური გავიდა და თამაში ვერ მოვიგეთ. არადა, მატჩებს რომ უყუროთ, გაგიკვირდებათ, რომ მხოლოდ ერთი ქულა გვაქვს. ვქმნით მომენტებს და გოლი ვერ გაგვაქვს, შემდეგ კი, ან რიკოშეტით ვუშვებთ, ან პენალტით. უიღბლობაა, თუმცა მესმის, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ჩვენს თავდამსხმელებს არ ვაბრალებ, მაგრამ როცა ამდენ საგოლე შანსს აცუდებ, უკვე ფსიქოლოგიურად მოქმედებს.
- შოთა არველაძის მწვრთნელობიდან გადადგომაზე სერიოზული საუბრებია?
- არა. შოთას აქ დიდი ავტორიტეტი აქვს და თავად თუ წავა, თორემ მის გაშვებაზე არ ლაპარაკობენ. იმიტომ არ ვამბობ, რომ შოთაა - ყველაფერს კარგად აკეთებს, გვიხსნის, წვრილმანებსაც ყურადღებას აქცევს. ყველა ხედავს, რომ მწვრთნელის ბრალი ნაკლებადაა. გასაგებია, რომ ცუდი შედეგის დროს, ყველაფერი მწვრთნელს ბრალდება, მაგრამ იმასაც ხედავენ, რომ გუნდი გაუმართავად არ თამაშობს.
- ნაკრებზე ვთქვათ: ბელარუსთან და ესპანეთთან მატჩები შეაფასეთ.
- ამ ორ მატჩში 3 ქულა იყო დაგეგმილი და ეს შევასრულეთ. დიდებული იქნებოდა, რომ სენსაცია მოგვეხდინა და ესპანეთან არ წაგვეგო. ახლოს ვიყავით. ძალიან დამწყდა გული. მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებმა 86-ე წუთამდე ვერ გაგვიტანა, ჩვენ კი ორი მომენტი გვქონდა. ეს ცოტა არაა. რამდენიმე დღის წინათ, ექტორ კუპერის გაწვრთნილ "ორდუსფორთან" წავაგეთ. კუპერი გამომელაპარაკა, ყოჩაღ, ესპანელებს კარგად გაუძელით, თამაშს რომ ვუყურებდი, მეგონა, ფრეს გაახერხებდითო.
- ხშირად ყოფილა, როცა საქართველოს ნაკრებს გრანდებისთვის რეალური წინააღმდეგობა ვერ გაუწევიათ. ამჯერად რა მოხდა?
- დავიწყოთ იმით, რომ განწყობა გვქონდა. პირადად მე ისე მოუთმენლად ველოდი ამ თამაშს, რომ 10 სექტემბერს რომ გავიღვიძე და გამახსენდა 11-ში იყო თამაში, გული ჩამწყდა. იმდენად მეჩქარებოდა... თამაშისას კი, ლორიამ დასაწყისში ბრწყინვალედ ითამაშა, ოქრიაშვილი გაუძვრა სამ კაცს, კიდევ იყო ასეთი მომენტები და ამან თავდაჯერება შეგვმატა. ესაა ფეხბურთი: როცა ხედავ, რომ განწირული არ ხარ, გულიც მოგეცემა და ითამაშებ, გაიხსნები. სამწუხაროა, რომ ლორიას შევეჯახე და მეკარე შესაცვლელი გახდა. რა თქმა უნდა, კვასხვაძეს ვერაფერს დავაბრალებთ, რადგან სოლდადოს დარტყმა აუღებელი იყო.
- ყველაზე მეტად რომელმა ესპანელმა ფეხბურთელმა მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება? გასაგებია, რომ ვარსკვლავებით სავსე გუნდია, მაგრამ გამოარჩევდით რომელიმეს?
- სასწაულად ძლიერები არიან. სამ ფენომენს მაინც გამოვარჩევდი: ჩავის, ინიესტასა და სილვას. თან, სილვას წინააღმდეგ ადრეც მქონდა ნათამაშები. ბურთი რომ მოაქვთ და რომ გგონია, ახლა ფეხს წაუკრავ, სწორედ ამ დროს ტყუვდები. სწორედ ეს უნდათ მათ, რომ უკან მოგიტოვონ. თვალების მოძრაობით შეუძლიათ კაცის მოტყუება. და ასეთ ნაკრებთან 86-ე წუთამდე 0:0-ს ვთამაშობდით.
ილია ნანობაშვილი