სასჯელაღსრულების N6 რუსთავის დაწესებულებაში მყოფი პატიმრის, გოდერძი კიკნაძის დედას შვილის მონახულების საშუალებას არ აძლევენ.
როგორც მერი კიკნაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, კოლონიის წარმომადგენლები შვილთან ტელეფონით დაკავშირებაზეც უარს ეუბნებიან.
"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, აღელვების ნიადაგზე მერი კიკნაძე ცუდად გახდა და გონება დაკარგა.
მას დახმარება სასჯელაღსრულების N6 რუსთავის დაწესებულებასთან მყოფი სხვა პატიმრების მშობლებმა აღმოუჩინეს.
ამ დროისთვის მერი კიკნაძე ადვოკატთან ერთად ციხის ადმინისტრაციის შენობაში დაბრუნდა. მსჯავრდებულის მონახულებას ამ დრომდე ვერც ადვოკატი ეკა ქობესაშვილი ახერხებს.
მერი კიკნაძის განცხადებით, შვილი ბოლოს ორი დღის წინ ნახა. როგორც კიკნაძემ აღნიშნა, მისი შვილი ორი დღის წინ ნაცემი არ ჩანდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო სახარბიელო.