სასჯელაღსრულების გლდანის #8 დაწესებულებასთან პატიმართა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა "ნაციონალური მოძრაობის" მაისური წარწერით - "მე მიყვარს საქართველო" საჯაროდ დაწვეს.
როგორც პატიმართა ახლობლები აცხადებდნენ, ასე უნდა დაიწვას ეს ხელისუფლება, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" მართავს. პროტესტის დროს ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრი, კერძოდ მეუღლე შეუძლოდ გახდა.
"ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, ისინი ცხოვრობენ ქირით, ჰყავთ პატარა ბავშვი. ამ ქალბატონის მეუღლე დაიჭირეს უდანაშაულოდ და იმის გამო, რომ არანაირი ფინანსური სახსრები არ გააჩნიათ, საპყრობილიდან ვერ იხსნიან", - აღნიშნა თანმხლებმა ქალბატონმა.
ამ დრომდე გლდანის ციხესთან მოკლევადიანი პაემნისთვის შეკრებილი პატიმართა ახლობლები აპროტესტებენ პატიმართა წამების ფაქტებს და მოითხოვენ, რომ გარდა შემსრულებელი პირებისა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ პატიმართა წამებაში, ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაისაჯონ.