საპროტესტო აქციები, რომლებიც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პატიმართა წამების ვიდეოკადრებს მოჰყვა, დღეს განახლდება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აქცია თბილისში, ფილარმონიასთან 12.00 საათზე დაიწყება. აქციები, დაახლოებით, ამავე დროისთვის დაიწყება ქუთაისში, ფოთში, რუსთავში, ზუგდიდში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში.
ამასთან, როგორც თბილისის აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, იმ შემთხვევაში, თუ 12.00 საათამდე სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა მინისტრები თანამდებობებს არ დატოვებენ, ისინი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს გამართავენ. მათივე თქმით, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქცია სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გადაინაცვლებს.
საპროტესტო აქციები თბილისსა და სხვა ქალაქებში გუშინ, სასჯელაღსრულების გლდანის #8-ე დაწესებულებაში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ დაიწყო. თავდაპირველად საგანგებო განცხადება შსს-მ გააკეთა. სამინისტროს ინფორმაციით, პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ორგანიზებაში "ქართული ოცნების" დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის მამა, თამაზ თამაზაშვილი ფიგურირებს. გამოძიების ცნობითვე, დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით ხორციელდებოდა. გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულებად ცნეს და დააკავეს გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძე იძებნება.
პატიმრების წამების, ასევე ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის ამსახველი უმძიმესი კადრები "მაესტრომ" და "მე-9 არხმა" გაავრცელეს. აღნიშნული კადრების ეთერში გასვლის შემდგომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა უწყების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა თანამდებობიდან გაათავისუფლა.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილმა გვიან ღამით საგანგებო განცხადება გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, კადრების ხილვის შედეგად ძალიან გაბრაზებული და სულით ხორცამდე შოკირებულია.
"ის, რაც მოხდა გლდანის ციხეში, არის შემზარავი აქტი ადამიანის უფლებებისა და ღირსების წინააღმდეგ. ყველა, ვინც ამის ორგანიზატორი და განმახორციელებელია, ყველა ვინც ეს ჩაიდინა და დაუშვა, უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს. პოლიციას დაკავებული ჰყავს ამ საშინელებების ჩამდენთა უმრავლესობა და დანარჩენებიც წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. შსს ადგენდა კავშირებს კარგად ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და დამნაშავეებს შორის. ამ დანაშაულის ყველა მსხვერპლს მინდა ვუთხრა, რომ საქართველო, რომელსაც მე ვაშენებ ყველასთან ერთად, არ მოითმენს არც მსგავს დანაშაულს და არც რაიმე კლიმატს, რომელმაც რამე ამასთან მიახლოებული მოვლენა შეიძლება გამოიწვიოს, არ მოითმენს სისასტიკეს, თავგასულობას, იმას, რაც სამწუხაროდ ყველამ ერთად ვიხილეთ. . . ვინც პასუხისმგებელი იყო, რომ ამგვარი ფაქტები არ დაეშვა, ყველა გათავისუფლდება სამსახურიდან, ხოლო ის, ვინც ეს ჩაიდინა, გაძლევთ სიტყვას, მრავალ წელს გააატარებს ციხეში", - განაცხადა პრეზიდენტმა.