სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის გადაწყვეტილებით, უწყების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა თანამდებობიდან გათავისუფლდა , - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ამ დროისთვის რამდენიმე პირი, რომელიც შსს-სა და "მაესტროს" მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ფიგურირებს, დაკავებულია, რამდენიმეზე კი ძებნაა გამოცხადებული. ხათუნა კალმახელიძის განცხადებით, კადრები, რომლებიც იხილა, მისთვის შემზარავია.
"რამდენიმე კვირაა, რაცშსს-ს მიერ მიმდინარეობს გამოძიება სასჯელაღსრულების სისტემაში მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევის შესახებ და გამოძიებამ საკმაოდ შემზარავი სურათი გვაჩვენა. ეს შემაშფოთებელია. შემზარავია ისიც, რომ ადამიანის უფლებების დარღვევების შეკვეთა და მისი დაფიქსირება ხდებოდა პოლიტიკურად მოტივირებული პირების მიერ. შესაბამისად, ჩვენთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი. არავითარ შემთხვევში არ მოვითმენთ ადამიანის უფლებების დარღვევას, კადრები, რომელიც ვიხილეთ არის ერთიანი საქმის ნაწილი და ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია ის, რომ ყველა პირი, რომელმაც მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევა მოახდინა, იყოს დასჯილი", - განაცხადა კალმახელიძემ.
მისივე განმარტებით, ამ დროისთვის სასჯელაღსრულების სისტემაში სიტუცია კონტროლზეა აყვანილი და აქვე პატიმართა მშობლების წინაშე პირობა დადო, რომ მსგავს ქმედებას ადგილი აღარ ექნება.
"ჩვენ რამდენიმე კვირაა გვაქვს ინფორმაცია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სიტუაციების შეკვეთას სასჯელაღსრულების სისტემაში, იყო მცდელობა არეულობების შეკვეთის და ა.შ. შესაბამისად, ეს საჭიროებდა შესაბამის რეაგირებას ჩვენი მხრიდან და ჩვენ არასდროს მოვითმენთ ადამიანის უფლებების დარღვევას. მიუხედავად იმისა, თუ რა თანამდებობა უკავია ადამიანს, ყოველთვის გვექნება შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში", - აღნიშნა კალმახელიძემ.