ცნობილი ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ლაისან უტიაშევა დიდ სკანდალში გაეხვია. ყოფილი შეყვარებული, 34 წლის ქართველი ბიზნესმენი ვალერი ლომაძე მას 24 მლნ რუბლის მოპარვაში ადანაშაულებს.
ლაისანმა და ვალერიმ 2011 წლის აპრილში გაიცნეს ერთმანეთი. ერთ წელიწადში წყვილმა იჩხუბა, ერთმანეთს დაშორდნენ და ბიზნესმენმა პოლიციაში შეიტანა განცხადება. მისი მტკიცებით, უტიაშევას დედას 18 მილიონი რუბლი ასესხა, 4 მლნ კი უძვირფასეს BMW-ზე დახარჯა, რომელიც ტელეწამყვანს მისი ნებართვის გარეშე გაუყიდია. ლომაძის განცხადების შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ავტომანქანა განყოფილებაში წაიყვანეს.
ლომაძის განცხადებით, სკანდალში თითქოსდა გარეულია უტიაშევას აწ გარდაცვლილი დედა ზულფიაც, რომელიც რამდენიმე თვის წინ გულის შეტევით დაიღუპა. ძიების პროცესში მისი სიკვდილიც კი საეჭვო გახდა და ამჟამად სამართალდამცველები ამ ეჭვის გადამოწმებით არიან დაკავებული. თუმცა ნაკლები ალბათობაა რაიმე დაადგინონ - ზულფიას 2012 წლის 14 მარტს, სიკვდილიდან ორ დღეში, კრემაცია ჩაუტარეს. ასე რომ, ძიებას არ აქვს გვამის ექსჰუმაციის ჩატარების შესაძლებლობა.
ლომაძე ამბობს, რომ ლაისანთან ურთიერთობის დაწყებიდანვე დედამისი განსაკუთრებით აქტიურობდა და გამუდმებით სთხოვდა ფულს. "2010 წლის დეკემბერში 500 ათასი რუბლი ისესხა ჩემგან, თავის ბინაში რემონტის გასაკეთებლად", - ამბობს დაზარალებული ბიზნესმენი. ერთხელ ბინაც კი "უთხოვებია" მოსკოვის ცენტრში, საიდანაც შემდგომში ძვირფასი ნივთები და სამკაულები დაიკარგა. შედეგად კაცს უკან არაფერი მიუღია და პირში ჩალაგამოვლებული დარჩა.
ჟურნალისტებმა ვალერი ლომაძეს ვერ მიაგნეს, თუმცა მამამისს გაესაუბრნენ, რომელიც ამტკიცებს, რომ სპორტსმენი თავიდანვე ანგარების მიზნით დაუახლოვდა ბიზნესმენს, მისი ნდობა მოიპოვა და შემდეგ აფერისთვის გამოიყენა.
სასამართლო გარჩევები თითქმის ორი თვეა გრძელდება მოსკოვის მიტიშჩინსკის სასამართლოში, თუმცა უტიაშევას არც ერთხელ არ მიუღია მონაწილეობა და არც თავისი წარმომადგენლები გაუგზავნია. საქმე აღძრულია და რა მოხდება ვერდიქტის გამოტანის შემდეგ, არავინ იცის. არ არის გამორიცხული, ცნობილი ტანმოვარჯიშე ციხეშიც კი აღმოჩნდეს.
სხვათა შორის, ლაისანი 16 წლის ასაკში გახდა პირველად მსოფლიოს ჩემპიონი და მას მერე არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოუპოვებია. ის ოთხი ორიგინალური ელემენტის ავტორიცაა, რომლებიც მის სახელს ატარებს, მაგალითად "უტიაშევას დგომა".
24 წლისამ სპორტული კარიერა დაასრულა და ტელეწამყვანი გახდა.
LIFE
(გამოდის ორშაბათობით)