გაზეთ Irish Daily Star-ის რედაქტორი მაიკლ ო'კეინი კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონის შიშველი ფოტოების გამოქვეყნებისთვის გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება 17 სექტემბერს გამოცემის მფლობელებმა - ბრიტანულმა ჯგუფმა Northern and Shell-მა და ირლანდიურმა Independent News and Media-მ მიიღეს.
ამჟამად შიდა გამოძიება მიმდინარეობს, რათა Irish Daily Star-ში ფოტოების პუბლიკაციის გარემოებები გაირკვეს. უფრო მეტიც, Northern and Shell-ის დირექტორების საბჭოს წევრი რიჩარდ დესმონდი (Richard Desmond) Irish Daily Star-ს დახურვითაც კი დაემუქრა.
თავად ო'კეინი ირწმუნება, რომ გაზეთს ჰერცოგინიას, ისევე როგორც ნებისმიერი ცნობილი ადამიანის, ფოტოების გამოქვეყნების უფლება ჰქონდა.
ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მიდლტონის სკანდალური ფოტოების პუბლიკაციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების ინიციატივით გამოვიდა. პრინცი უილიამი კი ფოტოების სამომავლო გამოქვეყნებაზე სასამართლო აკრძალვის დაწესებას ცდილობს. გარდა ამისა, ფრანგული ჟურნალის Closer-ის წინააღმდეგ სასამართლოში სამოქალაქო სარჩელია შეტანილი. პირველად ფოტოები სწორედ Closer-ში დაიბეჭდა.
ფოტოებზე კემბრიჯის ჰერცოგინია საცურაო კოსტუმის ზედა ნაწილის გარეშეა გამოსახული. ისინი სექტემბრის დასაწყისში სამხრეთ საფრანგეთში სამეფო წყვილის დასვენების დროს გადაიღეს.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.