ქართული წარმოშობის მსახიობმა ანა გურჯმა, იგივე ანა გიორგობიანმა, რომელმაც გახმაურებულ ფილმში "ისლამის უცოდველობა" ითამაშა, ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ფილმში მონაწილეობის საკუთარ მოტივაციაზე საუბრობს.
ანა გურჯის წერილში, რომელიც მწერლისა და ჟურნალისტის ნეილ გეიმანის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ მსახიობმა ფილმის რეჟისორ ნაკულა ბესლის გეგმების შესახებ არაფერი იცოდა.
"იმ დროის განმავლობაში რაც მე "ისლამის უცოდველობის" გადასაღებ მოედანზე გავატარე, არასდროს ყოფილა საუბარი წინასწარმეტყველ მუჰამედზე და რელიგიურ კონტექსტზე. 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ გადასაღებ მოედანზე არავინ იცოდა, რა იგეგმებოდა "უდაბნოს ბრძოლების" (ფილმის სამუშაო სათაური) თაობაზე", - წერს ანა გურჯი.
მსახიობის თქმით, ის საბოლოო პროდუქტმა გააოგნა.
"როდესაც შევიტყვე, რაც მოხდა, ცრემლები ვერ შევიკავე. ნამსხვრევებად ვარ ქცეული... მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ რაღაც საზიზღრობის შესაქმნელად გამოგიყენეს, ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით", - აღნიშნავს ანა გურჯი.
მსახიობს საკუთარი უსაფრთხოების საკითხიც აღელვებს, თუმცა საზოგადოებისგან დამალვას არ აპირებს: "არ ვიცი, რა გავაკეთო, მაგრამ არ დავიმალები, დასამალი არაფერი მაქვს", - წერს მსახიობი.
21 წლის ანა გიორგობიანი თბილისში დაიბადა. პირველი სერიოზული როლი 14 წლის ასაკში, მისი დის, ხათუნა გიორგობიანის მოკლემეტრაჟიან ფილმში "ეს დღე რომ არ ყოფილიყო" შეასრულა. 2007 წელს ანამ ამერიკულ ტელე-პროექტში "სიგნალები" როლი მიიღო. 2008 წელს ის რეჟისორ დუსან რაპოსის სლოვაკურ-უნგრულ ფილმში -"ჩინკა პანა" მიიწვიეს, სადაც მე-18 საუკუნეში მცხოვრები მევიოლინე გოგონა განასახიერა.
ფილმი "ისლამის უცოდველობა" წინასწარმეტყველი მუჰამედის ალტერნატიულ ისტორიას მოგვითხრობს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ფართო კინოგაქირავებაში არ გასულა, მან არაბულ სამყაროში საპროტესტო აქციები გამოიწვია.
მომზადებულია huffingtonpost.com-ის მიხედვით.
იხილეთ ვიდეო: "ისლამის უცოდველობა" - ფილმი, რომლის გამოც ისლამური სამყარო აშშ-ს აუმხედრდა