ზოგჯერ წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგები დიდად განსხვავდება რეალური შედეგისგან, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რინკევიჩმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა პრესკონფერენციის მონაწილეებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ გამოქვეყნებული კვლევების შედეგების კომენტირება სთხოვეს.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გამოკითხვების ჩატარება ლეგიტიმური უფლებაა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რა შედეგები დადგება არჩევნების შემდეგ.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა კი ხუმრობით აღნიშნა, რომ დიდი ყურადღება რომ მიექცია წინასაარჩევნო გამოკითხვებისთვის, ათი წელია პოლიტიკაში უკვე აღარ იქნებოდა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით კი, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩევნებამდე 7 თვით ადრე საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა, არც ერთ პოლიტიკურ ძალას არჩევნებზე შეკითხვებს აღარ უნდა უჩენდეს.
დღეს გრიგოლ ვაშაძე ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, რომლის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.