ქართველი ემიგრანტები, რომლებიც საქართველოში სარფის გავლით დღეს დილით დაბრუნდნენ, ბათუმის იუსტიციის სახლთან იკრიბებიან. ემიგრანტები აღნიშნავენ, რომ არჩევნებში ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას გააპროტესტებენ.
როგორც საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მცხოვრები ნათელა გაგუა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, საბერძნეთში 1-ელი ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება არ ეძლეოდა, რის გამოც საქართველოში დაბრუნდა და სიმბოლურად ერთი სატელიტური ანტენა წამოიღო:
"თეფში წამოვუღე ჩემს შვილებს, რათა ნახონ სიმართლე. საბერძნეთში ხმის მიცემის უფლება შემეზღუდა. 8 წელია, სალონიკში ვცხოვრობ. საბუთები მაქვს მოწესრიგებული, მაგრამ ემიგრანტებს გვთხოვენ ცნობას ადგილობრივი საცხოვრებლიდან, რისი მიტანაც შეუძლებელია. უფროსებს, რომლებთანაც ვმუშაობთ, არ აწყობთ მისამართის მითითება, რადგან დამატებით გადასახადის გადახდა მოუწევთ. ჩამოვედი იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" გვერდში დავუდგე", - აღნიშნა ნათელა გაგუამ.
ქართველ ემიგრანტებს სარფის საზღვარზე ნათესავები და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დახვდნენ. როგორც კოალიციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ავთანდილ ბერიძემ აღნიშნა, ქართველი ამიგრანტები ჩამოვიდნენ მოქალაქეობრივი ვალის მოხდისა და არჩევნებში მონაწილეობისთვის.
"თეფში აღარ იყიდება საქართველოში და ანტენების წამოღებით მიხეილ სააკაშვილის სილა გააწნეს. ეს აქცია მის წინააღმდეგ მიმართული აქცია იყო. დღეს ნათესავები ხვდებიან ნანატრ ადამიანებს, ამ ნაბიჯს მივესალმებით და არჩევნებში გამარჯვებით ვეცდებით, რომ მათ სამუშაოდ წასვლა აღარ მოუხდეთ სხვა ქვეყნებში", - აღნიშნა ავთანდილ ბერიძემ.
სარფის გავლით, უცხოეთის სხვა და სხავ ქვეყნიდან, საქართველოში დღეს 100-მდე ემიგრანტი დაბრუნდა. ემიგრანტების რამდენიმე ავტობუსს სარფში ხვალისთვისაც ელოდებიან.