ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე - ამას მხოლოდ ქართველი თუ მოიფიქრებდა... მაგრამ ასევე მხოლოდ ქართველს შეუძლია თქვას: შედეგს ვხედავ, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებ, რადგან ლოგიკურ ახსნას ვერ ვუძებნიო... კაცმა რომ თქვას, იოლი ნამდვილად არ არის, დაიჯერო, რომ ადამიანს შეუძლია, მსუბუქი დატვირთვით 30-40 დღეში მიაღწიოს ისეთივე შედეგს, რისთვისაც სხვებს წლების განმავლობაში ყოველდღიური, უმძიმესი დატვირთვით ვარჯიში სჭირდებათ. უნიკალური მეთოდის ავტორი თბილისელი ნოვატორი გუჯა კახაძე გახლავთ, რომელმაც მრავალწლიანი ძიებისა და ქართველ სპორტსმენებსა და მოზარდებზე დაკვირვების შემდეგ შეიმუშავა ახალი მეთოდიკა - ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე, რომელსაც მოკლე დროში მოაქვს საოცარი შედეგი. ლაპარაკია ე.წ. რეზონანსის მოვლენაზე, რომელსაც შეუძლია, ადამიანის მიერ დახარჯული მცირე ენერგიისგან ათჯერ მეტი ენერგია წარმოქმნას. ბატონ გუჯას ეკუთვნის სირბილის სწავლების არატრადიციული ტექნოლოგიაც, რომელიც სისწრაფისა და ამტანობის მატებას იწვევს. საერთო ჯამში კი ჯანმრთელი ორგანიზმის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. თანაც, ისე, რომ სპორტსმენი სირბილისას... დასვენებას სწავლობს! გუჯა კახაძე ამბობს, რომ ფიზმომზადების მწვრთნელების კონკურენტი არ არის, მაგრამ ფაქტია - მიუხედავად იმისა, რომ ეს საოცარი მეთოდიკა უკვე ათი წელიწადია არსებობს, სათანადო პოპულარობა ვერ მოიპოვა. მეტიც, ამაზე ლაპარაკს ისინიც კი ერიდებიან, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა მისი ეფექტიანობა. რატომ? ამის გარკვევა მეთოდიკის ავტორთან ვცადეთ:
- ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა მითხრა: შედეგს ვხედავ, მაგრამ ლოგიკურად ვერ ვხსნი და ამიტომ ვერ ვიჯერებო! ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავს ჩემი მეთოდისადმი ზოგად დამოკიდებულებას. არადა, ნახევარსაათიანი მსუბუქი ვარჯიშის შემდეგ, სპორტსმენი ისეთივე შედეგს იღებს, როგორსაც რამდენიმეთვიანი მძიმე ფიზიკური დატვირთვისას... წლების წინ ჩემს შვილს ფიზმომზადების მწვრთნელი დასჭირდა. საუკეთესო სპეციალისტთან მივიყვანე, მაგრამ როცა ვნახე როგორ მუშაობდა, გაკვირვებულმა ვუთხარი: ასე ხომ 1960-იან წლებში გვავარჯიშებდნენ-მეთქი. ფიზმომზადების სისტემაში რა უნდა შეიცვალოს - მოსწავლეებს ტვირთავ და ვინც მეტს გაუძლებს, უკეთეს ფორმაშიაო... სწორედ იმხანად დავიწყე იმაზე ფიქრი, რისი შეცვლა შეიძლებოდა ამ კუთხით. არქიტექტორი ვარ, "რეზონანსის პრინციპი" ვიცოდი და გადავწყვიტე, შემესწავლა, რა მოხდებოდა, თუ "რეზონანსს" ადამიანის ორგანიზმში გამოვიწვევდი. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ასეთ შემთხვევაში სპორტსმენის მიერ დახარჯული მცირე ენერგია 10-ჯერ მეტ ენერგიას წარმოქმნის!
- მაგრამ ყველაფერი სწორად სირბილის სწავლებით იწყება?
- სირბილის უამრავი ტექნიკური ხერხი არსებობს, მაგრამ ყველა აქამდე არსებული ენერგიის ხარჯვას მოითხოვს, ადამიანი ნელ-ნელა იღლება და ბოლოს ჩერდება. მე კი შევქმენი სირბილის სწავლების არატრადიციული ტექნოლოგია, რომელიც სისწრაფის და ამტანობის ბუნებრივ მატებას იწვევს და ადამიანი, პრაქტიკულად, არ იღლება. როცა მოსწავლეს ვეუბნები, რომ რასაც ძუნძულზე ხარჯავს, მთელი ძალით გაქცევის დროსაც იგივე ენერგია დაეხარჯება, ეცინება, მაგრამ როცა მართლა ასე ხდება, ძლივს იჯერებს. ხუთი გაკვეთილის შემდეგ ბავშვმა უკვე იცის, როგორ შეამციროს გრავიტაცია და, ბუნებრივია, უწინდელზე ბევრად ლაღად დარბის... გარდა ამისა, სპორტსმენებს ვასწავლი მოძრაობის დროს დასვენებას, შედეგად, თამაშიდან დაქანცულები კი არა, დასვენებულები გამოდიან. სწორად სირბილის პარალელურად, სპორტსმენები სწავლობენ სწორად სუნთქვის ტექნიკას, სითხის დანაკარგის შევსებას, კვებას დანამატების გარეშე, ფსიქიკის კონტროლს, ტრავმის სწრაფ რეაბილიტაციას და ა.შ. რაც მთავარია, ჩემი სავარჯიშოების მხოლოდ 10 პროცენტი ეთმობა ფიზიკურ მომზადებას, დანარჩენი 90 პროცენტი კი გონებრივ ვარჯიშებზე მოდის...
- რამდენ ხანს გრძელდება მზადების სრული კურსი?
- მსუბუქი ვარჯიშით 35 დღეშია შესაძლებელი ისეთივე შედეგის მიღწევა, რასაც ერთწლიანი, მძიმე ვარჯიშის შედეგად მივიღებთ, 47-დღიანი კურსის შემდეგ კი ორწლიანი ვარჯიშის შედეგს ვიღებთ. ცნობილ ფეხბურთელთაგან ფიზმომზადების რამდენიმედღიანი კურსი გაიარეს კახა კალაძემ, დავით მუჯირმა და სანდრო კობახიძემ, სამივე ძალიან კმაყოფილი დარჩა. კახაც და "მუმუც" პირველივე ვარჯიშზე გათავისუფლდნენ ქრონიკული ტრავმებისგან, კალაძემ ისიც კი შემომთავაზა, ერთი თვით მილანში წავყოლოდი და იქ გვევარჯიშა, მაგრამ კლუბი მალევე გამოიცვალა და ვეღარ ვითანამშრომლეთ. რაც შეეხება კობახიძეს, ჩემთან ის ბებიამ მოიყვანა, რომელსაც ხერხემალი თითქმის გაძვალებული ჰქონდა, წელში ვერ იმართებოდა. ექიმების იმედი რომ გადაეწურა, ჩემთან მოვიდა, თვითონაც კმაყოფილი წავიდა და შვილიშვილიც მომიყვანა. სანდროსთან მხოლოდ 11 ვარჯიშის ჩატარება მოვასწარი, მაგრამ ფიზიკური მომზადებით მაინც ყველასგან გამოირჩეოდა...
- მგონი, სპორტსმენებზე მეტი პაციენტი გყავთ...
- ძალიან ბევრი მოდის ხერხემლის გამრუდების, დისკოზის, თიაქარის პრობლემით. ჩემი მეთოდით ამ ყველაფრის განკურნება ადვილად შეიძლება. უცხოეთიდანაც ბევრი პაციენტი მიკავშირდება "სკაიპის" მეშვეობით და ონლაინგაკვეთილებს ვუტარებ.
- მეთოდის დაპატენტებაზე არ გიფიქრიათ? მით უმეტეს, ვიცი, რომ უცხოეთიდან ბევრი შთავაზება გაქვთ...
- უცხოეთიდან სერიოზული შემოთავაზებები მაქვს და დიდ ანაზღაურებასაც მთავაზობენ, მაგრამ მინდა, ეს მეთოდი ჩემი ხალხისთვის გამოვიყენო და ამიტომაც მირჩევნია აქაური გროშები უცხოეთში ნაშოვნ მილიონებს. რაც შეეხება დაპატენტებას, ამის საჭიროება არ არსებობს, რადგან სხვა ვერ გაიმეორებს. შესაძლოა, ჩემმა მოსწავლემ სხვებს გაუზიაროს ის, რაც ისწავლა, მაგრამ ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და საერთო რეცეპტად არ გამოდგება. ყველა მოსწავლისთვის ინდივიდუალურად ვადგენ იმ 52 ელემენტის თანმიმდევრობას, რისგანაც ჩემი მეთოდი შედგება. ამიტომაც არა აქვს აზრი ამ მეთოდის წიგნად გამოცემას.
რატი შელეგია
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)