ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისიის ხელმძღვანელი მამუკა კაციტაძე საზოგადოებას პროექტ "კარდაკარის" წარმატებაში არწმუნებს, მაგრამ მას უნდობლობა გამოუცხადეს "ამომრჩეველთა ლიგამ" და კოალიცია "ქართულმა ოცნებამ", რომლებმაც პარალელურად დაიწყეს სიების შემოწმება. როგორც "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელმა უჩა კანდელაკმა გვითხრა, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიისგან გამოთხოვილ სიებში მათ უამრავი ხარვეზი აღმოაჩინეს, სიებში არიან გარდაცვლილები და არარსებულ მისამართებზე დარეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა საერთო რაოდენობა "ნაცმოს" მხარდამჭერთა 10%-ს მაინც შეადგენს.
- მამუკა კაციტაძე სააკაშვილს არჩევნებს "უპრავებს" და იმ სიებს აქვეყნებს, რომელიც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აძლევს ხელს. მათ ჩვენ ლამის თამარ მეფის ხანაში დაგვაბრუნეს - საქართველოში თურმე 3.600.000 ამომრჩეველი ყოფილა! დღეს სამოქალაქო რეესტრი იღებს უტიფარ გადაწყვეტილებებს და წინასაარჩევნოდ არეგისტრირებს ნებისმიერ ჩინელს, ვინც კი განცხადებას შეიტანს საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნით. დაახლოებით სამი კვირის წინანდელი მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეობა მიღებული აქვს ათიათასობით ჩინელს. ყოველ კვირას 100-მდე ჩინელი იღებს პირადობის მოწმობას. პროცედურის მიხედვით, მოქალაქეობის მისაღებად ადამიანი განცხადებას აბარებს, შემდეგ ბაჟს იხდის და უშიშროების სამსახური ამოწმებს, ეს ადამიანი სახელმწიფოს ხიფათს ხომ არ შეუქმნის, მაგრამ წინასაარჩევნოდ ამ პროცედურას ყურადღება არ ექცევა და ყველას უპრობლემოდ აძლევენ მოქალაქეობას.
- სიებში რა დარღვევები აღმოაჩინეთ ისეთი, რომლებიც მამუკა კაციტაძის კომისიას გამორჩა?
- ე.წ. კარდაკარი არის ფსევდოოპოზიციის აქცია, რომელზეც მუშაობს სააკაშვილის ხელისუფლება. მოვიყვან რამდენიმე მაგალითს ამ საოცარი სიებიდან: ქუთაისში, ერთ მისამართზე, ერთ ოროთახიან ბინაში 56 ამომრჩეველია რეგისტრირებული. იმავე ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩა 5 ბ-ში - 55 ადამიანი, თბილისში, ბუაჩიძის ქუჩის 20-ში - 51 ადამიანი, თემქის მე-2 მ|რ. 32-ე კ, ბინა 45-ში - 51, ჯავახეთის ქუჩის 3 ბ-ში - 45 ადამიანი და ასე დაუსრულებლად. გვაქვს ამ ადამიანების გვარებიც. ყველაზე დიდი საოცრება ხდება ქუთაისში, კონკრეტულად, ლადო ასათიანის ქუჩაზე. თითქმის ყველა ნომერში, ერთ ბინაში 20-დან 60-მდე ადამიანია რეგისტრირებული. "ამომრჩეველთა ლიგის" მონაცემებით, თბილისში ერთსა და იმავე მისამართზე 850 ადამიანია რეგისტრირებული. მაჩაბლის ქუჩა მთავრდება N20-ით და არარსებულ მისამართზე, მაჩაბლის N127-ში, 850 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ანალოგიური მდგომარეობაა დიღომშიც: არარსებულ მისამართზე (დიღმის მასივი, პირველი კვარტალი, მესამე კორპუსი) მიწერილია 15 კაცი. არადა, მამუკა კაციტაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, ამ მისამართზე ჩემი მეგობარი ცხოვრობსო.
- სიაში რამდენი არარსებული მისამართი აღმოაჩინეთ?
- ჩვენი მონაცემებით, მარტო თბილისში, 81-მდე ბინაა, სადაც უამრავი ადამიანია რეგისტრირებული. "ამომრჩეველთა ლიგის" მონაცემებით კი - 300-მდე მისამართია, რომლებიც ბუნებაში არ არსებობს.
გარდა ამისა, როგორც ჩანს, უამრავ მიცვალებულს უჩნდება არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და ლამისაა, "ნაცმომ" სასაფლაოებზე გახსნას საარჩევნო უბნები. ჩვენ მამუკა კაციტაძეს მივაწოდეთ ინფორმაცია, ზოგი ადამიანი ამოიღეს სიიდან, მაგრამ უმეტესობა დატოვეს. ჩვენ ასათიანის ქუჩაზე მდებარე სახლებს დავარქვით ხუთგანზომილებიანი სახლები. მიხეილ ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა" ხომ გახსოვთ, სადოვაიას 50-ში მდებარე ბინაში ოსტატი ათეულობით მდგმურს რომ აღმოაჩენს, ასეა აქაც. ასეთი სახლები როგორც ქუთაისში, ასევე თბილისშიც უამრავია. ხელისუფლება ამ სიით აპირებს, ფიქტიური ამომრჩევლის ყალბი პირადობის მოწმობებით "კარუსელი" დაატრიალოს.
- როგორ დაიცავთ ხმებს?
- თითოეულ ოქმს განვიხილავთ. ყველა წარმომადგენელი, რომელიც საარჩევნო უბანზე იქნება, ოქმს ხელს მოაწერს, ჩაიბარებს მას და გადასცემს როგორც ცესკოს, აგრეთვე დამკვირველებს და პარტიულ ორგანიზაციას. სამივე მისამართით გაგზავნილი ინფორმაცია იდენტური უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადდება.
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)