საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ძალებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ქვეყნის პირველმა პირმა პოლიტიკურ ოპონენტებს დღეს, ბაგრატის ტაძრის ეზოდან მიმართა.
"ის, რაც ჩვენ განგვასხვავებს, ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რაც ჩვენ გვაერთიანებს. ჩვენ გვაერთიანებს მეფე ბაგრატის იდეა, ის, რისთვისაც იბრძოდა დავით აღმაშენებელი და ის, რასაც შეეწირა ილია ჭავჭავაძე. ესაა ძლიერი და ერთიანი საქართველო. ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული ეკონომიკური ხედვები, მაგრამ არ შეიძლება არ გვაერთიანებდეს მიზანი, აღარასდროს დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყანა კორუფციის ჭაობში, ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს უსაფრთხოების პოლიტიკა, მაგრამ შეუძლებელია არ გვაერთიანებდეს საერთო ნება - აღარასდროს დავუთმოთ ჩვენი ქვეყანა "კანონიერ ქურდებსა" და ორგანიზებულ დამნაშავეებს. ჩვენ შეიძლება სხვადასხვანაირად ვხედავდეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკას, მაგრამ წარმოუდგენელია არ გვაერთიანებდეს საერთო მისწრაფება - მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას და გაერთიანებას. ჩვენ შეიძლება განსხვავებულად მოგვწონდეს და ვენდობოდეთ (ასეთი ხალხიც არსებობს) პუტინის რეჟიმს, მაგრამ შეუძლებელია, არ ვიყოთ ერთიანი ერთ რამეში - რომ რუსეთთან ურთიერთობა არავითარ შემთხვვეში არ უნდა ხდებოდეს საქართველოს ინტერესებისა და სუვერენიტეტის, თავისუფლების დათმობის ხარჯზე. ჩვენ შეიძლება განსხვავებულად ვუყურებდეთ მსოფლიო პოლიტიკურ რუკას, მაგრამ არ შეიძლება არ გვაერთიანებდეს საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მისწრაფება ევროპისკენ და მის მიერ რეფერენდუმით გამოხატული სურვილი - საქართველო გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. ამიტომ დღეს, აღდგენილი ბაგრატის ტაძრიდან, რომელიც ასევე სიმბოლოა საქართველოს აღდგენისა და გაერთიანებისა, ყველა პარტიას ერთიანობისკენ მოვუწოდებ!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, პოლიტიკურ ძალებს შორის განსხვავებების მიუხედავად, მათ გაერთიანება, როგორც საქართველოს პატრიოტებმა, უნდა შეძლონ.
"ჩვენს შორის მრავალი განსხვავების მიუხედავად ყველა ძალას მოვუწოდებ იყოს ერთიანი, უპირველესად, როგორც ქართველები და როგორც საქართველოს პატრიოტები. გავერთიანდეთ საქართველოს მთავარი მიზნის ირგვლივ, რათა არასდროს დაბრუნდეს საქართველო კორუფციულ გარემოში. შევთანხმდეთ, რომ გავაერთიანებთ საერთო ნებას იმასთან დაკავშირებით, რომ აღარასდროს დავუშვებთ "კანონიერი ქურდებისა" და ორგანიზებული დანაშაულის თარეშს ჩვენს ქვეყანში, ერთიანი ძალებით ვიბრძოლებთ რუსული საოკუპაციო ძალების გასაყვანად და ქვეყნის გასაერთიანებლად. გავერთიანდეთ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან ურთიერთობას არასდროს ავაწყობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე. არასდროს აღარ ვიქცევით მონებად. შევთანხმდეთ, რომ ერთად ვიქნებით ერთგული ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებისა დ ერთად ვიღვაწებთ საქართველოს ნატოს წევრობის სტატუსის მოსაპოვებლად", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, შიდაგანხეთქილება და პარტიული დაპირისპირებები ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. "ამ საქმეში ჩვენი პოლიტიკური ძალების ერთიანობა აუცილებელია. ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს შიდა განხეთქილება და დაპირისპირებები. ის, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარებაა. ახლა არაა ნგრევისა და არასტაბილურობის დრო, ახლა შენების დროა. არც ერთი პოლიტიკოსის პირადი ამბიცია არ ღირს, რომ თუნდაც ერთი ოჯახის წინსვლა შეჩერდეს. მოდით, ნუ შევუშინდებით ერთიანობას! შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებში ვართ ერთად და ყველას, მტერსაც და მოყვარესაც ხმამაღლა განვუცხადოთ, რომ ყველა ჩვენგანი პირველ რიგში საქართველოს პატრიოტია და მხოლოდ ამის შემდეგ არის "ქრისტიან-დემოკრატი", "ლეიბორისტი", "მეოცნებე", "მემარჯვენე" თუ "მემარცხენე". ბაგრატის ტაძარი უკვე აღდგენილია, როგორც ერთიანობის, უკვდავების სიმბოლო, როგორც გატეხილის აღდგენის სიმბოლო. მე ვუერთდები პატრიარქის მოწოდებას, რომ ყველა მოვიდეთ ტაძრის კურთხევაზე. არის საკითხები, რაშიც არ შეიძლება გაყოფას გავუსვათ ხაზი", - დასძინა პრეზიდენტმა.
მანამდე კი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ძალებს გაერთიანების მოწოდებით მიმართავდა, მან განაცხადა, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც პარტიულ წარმატებას ქვეყნის წარმატებაზე წინ აყენებენ.
"დემოკრატიის მონაპოვარია ის, რომ პარტიათა ხედვები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. შეიძლება მკაცრად არ ეთანხმებოდე მეორის ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით უნდა წვიყვანოთ ქვეყანა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად ვხვდებით მოწმე იმისა, რომ პოლიტიკაში ჩართული ადამიანები იდეების ჭიდილისა და ჯანსაღი პოლემიკის ნაცვლად ღვარძლისა და შეუწყნარებლობის ენას იყენებენ. ხშირად ისეთ შთაბეჭდილებასაც ტოვებენ, თითქოს ერთი ქვეყნის შვილები კი არა, ერთმანეთის მოსისხლე მტრები ვიყოთ. სამწუხაროა, მაგრამ ზოგიერთი ხშირად პოლიტიკურ თუ პარტიულ წარმატებას ქვეყნის წარმატებაზე წინ აყენებს. არც ერთი პოლიტიკური მიზანი, არც ერთი პარტიული ამბიცია არ ღირს იმად, რომ ამას ქვეყნის ერთიანობა და, შესაბამისად, პერსპექტივა ვანაცვალოთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.