სვანეთის მცხოვრებლებს კუთვნილი მიწები დაუკანონდებათ

 სვანეთის მცხოვრებლებს კუთვნილი მიწები დაუკანონდებათ

სვანეთში მცხოვრებლებს კუთვნილი მიწები დოკუმენტურად დაუკანონდებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა , მიხეილ სააკაშვილმა დღეს მესტიის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, სვანეთში განსაზღვრულია, თუ ვის ეკუთვნის ცალკეული მიწები და საძოვრები, თუმცა, ეს დოკუმენტურად გაფორმებული არ არის. სააკაშვილის განცხადებით, მან ერთი კვირის წინ გასცა განკარგულება, რომ ყველა მიწა მეპარტონეს დაუკანონდეს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კომისიაც შეიქმნა. "ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ვიღაც ამოვიდეს აქ, თქვენი მიწები აიღოს და სასტუმროები ააშენოს. თქვენ უნდა ააშენოთ, თქვენი უნდა იყოს! როცა თქვენია, ბანკიდან კრედიტს ადვილად აიღებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტი გამოეხმაურა ასევე ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც სკეპტიკურად უყურებს სვანეთში სხვადასხვა პროექტების განხორციელებას. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ოპოზიცია დაცინვით უყურებს გვირაბის მშენებლობას, რომელიც ზემო და ქვემო სვანეთს დააკავშირებს. მისი განცხადებით, გვირაბი აუცილებლად აშენდება.

"იცით, რომ ჩვენ გვაქვს გვირაბის გეგმა და არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დასცინიან ამ გვირაბის გეგმას - "ჰა, ჰა, ჰა, რა სისულელეებს ლაპარაკობს სააკაშვილიო. იგივე ხალხი ან მათი მეგობრები დასცინოდნენ ჩემს ფანტაზიებს ბათუმზე და ახლა ყველა გაჩუმდა ბათუმზე. ისინი დასცინოდნენ ჩემს გეგმებს ქუთაისზე, როგორ შეიძლება ქუთაისიდან რამე დადგესო. იგივენი დამცინოდნენ, აქ, როგორ შეიძლება რამის გაკეთებაო. ნახეთ რეები ხდება მარტო აქ. ამიტომ, გვირაბსაც აუცილებლად გავაკეთებთ. ზემო და ქვემო სვანეთი აუცილებლად უნდა დაკავშირდეს ერთმანეთთან პირდაპირ და უნდა გახდეს ერთი გეოგრაფიული არეალი და უფრო მოკლე გზით უნდა ვიაროთ. ეს არის რამდენიმეწლიანი პროექტი. დაახლოებით 16 კილომეტრია, მაგრამ აუცილებლად გაკეთებადია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა