რამდენიმე დღის წინ სიდნეიდან სასიხარულო ამბავი შევიტყვეთ: ჩვენი გაზეთის სპეციალური კორესპონდენტი ავსტრალიაში - თათული ბართაია ქორწინდება. კიდევ უფრო სასიხარულო ის არის, რომ მისი რჩეული ქართველია. წყვილს ნიშნობა უკვე ჰქონდა, ამიტომ ქორწილს არ დაველოდეთ და მისალოცად და დაწვრილებითი ამბების შესატყობად თათულის დავუკავშირდით.
- თათული, "ყველა სიახლის" რედაქცია გილოცავს! ღმერთმა სიყვარულით გატაროს ცხოვრების გზაზე შენს რჩეულთან ერთად, იხარეთ და იმრავლეთ!
- უღრმესი მადლობა. მიყვარხართ! ამბებს კი აუცილებლად მოგიყვებით: გახსოვთ, ალბათ, საქორწინო კაბა უკვე სამჯერ მოვირგე - პირველად თბილისის თავისუფალი თეატრის სცენაზე, სპექტაკლ "ფასტ ფუდში", შემდეგ - სიდნეიში, პროექტ "ოთხ ქორწილში", სადაც ავსტრალიის საუკეთესო პატარძლად დამასახელეს, მესამედ კი - სიდნეის საოპერო თეატრში მოწყობილ საქორწინო კაბების ჩვენებაზე. მალე კი საქორწინო კაბას მეოთხედ ჩავიცვამ - ამჯერად საკუთარ ქორწილში.
ჩემი მომავალი მეუღლე სიდნეიში გავიცანი. ქართველია, 30 წლის, დათო უბილავა, ეკონომიკის ლექტორია სიდნეის უნივერსიტეტში. იგი სიდნეიში შარშან მოიწვიეს ამერიკის შეერთებულ შტატებში სადოქტორო ხარისხის დაცვისა და რამდენიმეწლიანი კვლევითი საქმიანობის შემდეგ.
მე და დათომ ერთმანეთი სიდნეიში მცხოვრები ქართველი ქალბატონის - ირინა კოტრიკაძე-ირვინგის სახლში გავიცანით. ამ ოჯახში მისვლა ყოველთვის მიხარია, მგონია, საქართველოში ვარ... დათოსაც სიდნეიში ჩამოსვლისთანავე გაუცნია ირინა და აღფრთოვანებულა მისი კეთილშობილებით. დათომ პირველად რომ მნახა, მითხრა, შენზე ბევრი კარგი მსმენია, ფოტოებიც მინახავს, თუმცა ცხოვრებაში კიდევ უფრო ლამაზი ყოფილხარო (იცინის). ურთიერთობის დაწყება არ გაგვჭირვებია, ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი ამბები, დათომ ამერიკაში განვლილ წლებზე მიამბო, მე - ჩემს ავსტრალიურ თავგადასავლებზე... ბევრი ვიხალისეთ, მალე დავმეგობრდით და ხშირადაც ვნახულობდით ერთმანეთს.
- პირველი პაემანიც გაიხსენე.
- პირველ პაემანზე ხელჩაკიდებულებმა გავისეირნეთ ქალაქში. მახსოვს, დათოს რომ შევხედე, თვალები უბრწყინავდა, ალბათ - მეც.
ერთხელ ერიკ კლაპტონის სიმღერაზე - "უანდეფულ თუნაით" შუა ქუჩაში ვიცეკვეთ. სწორედ იმ ადგილას ფოიერვერკი მოეწყო, ულამაზესი სანახაობა იყო... რაგბის მატჩსაც დავესწარით, ავსტრალია ზელანდიას ხვდებოდა. ჩვენ ავსტრალიის ფორმაში გამოვეწყვეთ და ამაყად დავსხედით ჩვენს ადგილებზე. პირველი ლელო რომ გაიტანა ავსტრალიამ, სიხარულით ყიჟინა ავტეხეთ, თუმცა იქვე არავინ აგვყვა. თურმე გარშემო მხოლოდ ზელანდიის გულშემატკივრები ისხდნენ და გვიბღვერდნენ. მაინცდამაინც ამ რიგში რატომ დავსხედით-თქო, კი ჩავილაპარაკეთ (იცინის). ამასობაში ზელანდიის გუნდმაც გაიტანა ლელო. მისი ფანები სკამზე ავიდნენ და ყვირილი და სტვენა დაიწყეს. მე და დათომ აღარ ვიცოდით, რა გვექნა და ერთმანეთს ჩავეხუტეთ (იცინის). ერთხელ, კინოთეატრში, ფილმ "ბეტმენის" პრემიერაზე, ფილმის მსვლელობისას დათო მოულოდნელად მომიტრიალდა და ჩამჩურჩულა: ცოლად გამომყვებიო? ვუპასუხე, - კი-მეთქი და ორივემ განვაგრძეთ ფილმის ყურება. ყველაზე სასაცილო იყო ის, რომ იმ დღეს ამ თემაზე აღარ გვისაუბრია (იცინის). შემდეგ შეხვედრაზე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ დაგვეკავშირებინა.
- ნიშნობა სად გქონდათ?
- სიდნეის ცნობილ "თაუერ რესტორანში". ეს რესტორანი სიდნეის ღირსშესანიშნაობაა. ძალიან მაღალი შენობაა, იქიდან მთელი სიდნეი მოჩანს. დათომ ჩემს მშობლებს ჩემი ხელი სთხოვა. ძალიან ღელავდა, თუმცა ყველაფერს კარგად გაართვა თავი. ჩემს მშობლებს ძალიან მოეწონათ დათო. დაგვლოცეს და ბედნიერება გვისურვეს. ქორწილის დღეც დავთქვით - 28 სექტემბერი. ჩემს საქორწინო კაბაზე უკვე იზრუნეს - ცნობილმა ავსტრალიელმა დიზაინერმა ულამაზესი საქორწინო კაბა შემიკერა. დათოს ძალიან აინტერესებს ჩემი კაბა, მე კი არ ვაჩვენებ ქორწილამდე...
ირინა ირვინგს ჩვენი ამბავი რომ შევატყობინეთ, სიხარულისგან ატირდა. რა ბედნიერებაა, ერთმანეთი რომ გაპოვნინეთო, - გვითხრა. ქორწილში ჩემი მეჯვარე იქნება ირინას შვილი - სალომე გოგინაშვილი.
თაფლობის თვეს კუნძულ ფიჯიზე გავატარებთ. ნეტავ იცოდეთ, როგორ მინდა, მთელი რედაქცია აქ იყოთ, ჩემს ქორწილში და ჩემი ბედნიერება გაიზიაროთ!
ირმა ხარშილაძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
ასევე იხილეთ: "ავსტრალიის პრინცესა 2012" ქართველი გოგონა - თათული ბართაია გახდა