"ის ყველა დღესასწაულზე მთავარი მოქმედი პირია, სიცოცხლით აღსავსე და მხიარული, მაგრამ ზოდიაქოს ნიშანთაგან ყველაზე ცვალებადი და მოუხელთებელი. კონფლიქტის შემდეგ სინდისი ქენჯნის. ხარბია და ცოტათი ქედმაღალიც", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ცხენის წელში დაბადებულ ტყუპს. ეს ტელეწამყვან ნუკი კოშკელიშვილის ზოდიაქოს ნიშანია. ნუკი ასტროლოგებს ბევრ რამეში ეთანხმება. ვიდრე მის ასტროპორტრეტს გაეცნობით, მინდა შემოგთავაზოთ ცოტა რამ "ნუკის დილაზე", რომელიც "იმედის" ეთერში ახლახან დაიწყო.
- ზაფხულში გაჩნდა იდეა, რომ "იმედის" ეთერი "ნუკის დილით" დაწყებულიყო. ამ გადაცემისთვის მთელი სულითა და გულით ვემზადებოდი. ყოველდღე მოაწყო შოუ - ეს იოლი არ არის.
- ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების არ შეგეშინდა?
- შრომა და საკუთარი საქმე მიყვარს, ეს კი ცოტას არ ნიშნავს. გადაცემის წაყვანა რომ არ მნდომოდა, ამ შემოთავაზებას არ დავთანხმდებოდი. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ "ნუკის დილამ" ადამიანები გაახალისოს, კარგ განწყობილებაზე დააყენოს, რათა მერე მთელი დღე წარმატებული ჰქონდეთ. ამაში არაჩვეულებრივი ბენდიც მეხმარება.
- თავად რა გიქმნის კარგ განწყობილებას?
- ოპტიმიზმით სავსე ადამიანი ვარ. მიყვარს, როცა გარშემო მყოფებს ჩემს კარგ განწყობილებას ვუზიარებ. ადამიანის ცუდ ხასიათზე დაყენება ყოველთვის ადვილია, კარგ ხასიათზე - ძნელი. "ნუკის დილაში" ისეთივე გულწრფელი ვარ, როგორიც - ცხოვრებაში. ჩვენ აქტიური ურთიერთობა გვაქვს მაყურებელთან. მათ აზრს ვეკითხებით. ბევრი გვწერს, - ვინ სურთ იხილონ გადაცემაში, რომელ თემებზე გავამახვილოთ ყურადღება და ჩვენც მათ სურვილებს, ცხადია, ვითვალისწინებთ.
- თანაწამყვანებს თავად ირჩევ?
- იმ ადამიანებიდან, რომლებიც ჩემი თანაწამყვანები უკვე იყვნენ, ნაწილი მაყურებლის მიერ იყო შერჩეული. თანაწამყვანად ვირჩევთ ადამიანს, რომელიც ხალხს უყვარს, აქტუალურია, მის გარშემო რაღაც ხდება და ა.შ.
- გადაცემის შემდეგ, საკუთარ თავს ეკრანზე თუ უყურებ?
- რა თქმა უნდა და თან, ძალიან კრიტიკული თვალით ვუყურებ. მეგობრებს, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ შეხება ტელევიზიასთან, რჩევებს ვთხოვ. აზრს ბავშვებსაც ხშირად ვეკითხები, ისინი ხომ ყოველთვის სიმართლეს ამბობენ.
- შენიშვნები თუ მიგიღია?
- რაღაც გრამატიკულად არასწორად მითქვამს. თავს არ ვდებ იმაზე, რომ იდეალურად და გამართულად ვლაპარაკობ.
- გადაცემას მაყურებელი ესწრება. გასაკვირია, დილაადრიან სტუდიაში მოსვლა არ ეზარებათ?
- ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია დაგვიკავშირდეს და გადაცემას დაესწროს. უმეტესწილად, სოციალურ ქსელში გვეხმიანებიან.
- რით უწევთ კონკურენციას სხვა არხების დილის გადაცემებს?
- მეტი ხალისი, მეტი სტუმარი... ყველა კონკურენტს წარმატებას სულითა და გულით ვუსურვებ! ყველას თავისი ნიშა უკავია და მაყურებელი გადაწყვეტს, რას უყუროს და რას - არა.
- "იმედისთვის" დილის ეთერი ყოველთვის "აქილევსის ქუსლი" იყო. რამდენიმე გადაცემა დაიწყო, დაიხურა...
- (მაწყვეტინებს) ძიების პროცესი საჭიროა იმისთვის, რომ იპოვო და მიაგნო იმას, რაც საუკეთესოა. ვინც არ ეძებს, ის ვერც პოულობს. იმედი მაქვს, მაყურებელი "ნუკის დილას" შეიყვარებს.
- წარმატებული ადამიანი ხარ. რის ხარჯზე მოხდა ეს - შრომისმოყვარეობის, ნიჭიერების, ფიზიკური მონაცემების თუ იღბლის?
- საკუთარ თავზე ლაპარაკი ცოტა ძნელია.
- მესმის, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი ხომ ყველაზე კარგად, თავად იცი...
- პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ გამიმართლა. ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ შრომისმოყვარე ვარ. მადლობა მაყურებელს, რომელსაც მოვწონვარ.
- ასტროლოგების რჩევებს ეცნობი?
- ვერ ვიტყვი, რომ ასტროლოგების რჩევაზე ვარ დამოკიდებული, მაგრამ არაერთხელ წამიკითხავს, როგორ ახასიათებენ ჩემს ნიშანს. ზოგჯერ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ სისულელეა, მაგრამ მქონია ისეთი განცდაც, რომ ნამდვილად ჩემს დახასიათებას ვკითხულობდი.
- პირადი ჰოროსკოპი არასდროს შეგიდგენია?
- არა. არც ვიცი, ეს როგორ უნდა გავაკეთო.
- ეს ასტროლოგმა უნდა გააკეთოს. "სიცოცხლით აღსავსე და მხიარული ადამიანია; ის ყველა დღესასწაულზე მთავარი მოქმედი პირია", - ვკითხულობთ შენს დახასიათებაში.
- ნამდვილად ასეა! ყოველთვის აქტიური, მხიარული ვარ. ჩემს ხასიათში ლიდერის თვისებებიც არის.
- "საკმაოდ ნიჭიერია. მარტივად ითვისებს სხვადასხვა საქმეს და ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულებაც შეუძლია".
- ასტროლოგებს ამ შემთხვევაშიც ვეთანხმები. ერთდროულად რამდენიმე საქმე არაერთხელ მიკეთებია.
- სანდო მეგობარი ხარ?
- თამამად შემიძლია გითხრა, რომ არც ერთი მეგობრისთვის არ მიღალატია. ვიცი, რა ცუდია, როცა ახლობელი გღალატობს და ამ ტკივილს მეგობრებს არასდროს მივაყენებ.
- ე.ი. მეგობრის ღალატი გიგემია.
- იყვნენ ადამიანები, რომლებიც ვითომ მემეგობრებოდნენ, მაგრამ ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ისინი სულაც არ იყვნენ ჩემი მეგობრები. ვფიქრობ, როცა ახლობელ ადამიანში რაღაც არ მოგწონს, ეს მის ზურგს უკან კი არ უნდა ილაპარაკო, არამედ პირდაპირ უნდა უთხრა. არსებობენ ე.წ. "პონტის მეგობრები". ისინი დაბადების დღეებზე, გართობის დროს სულ შენთან არიან, მაგრამ როგორც კი გაგიჭირდება, გტოვებენ. სამწუხაროდ, ასეთი მეგობრები მყოლია.
- იქნებ დღესაც გყავს?
- არა. მათი გაცხრილვა უკვე მოხდა.
- "მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაბელურია, განმარტოებაც უყვარს".
- ხომ ხედავ, ასტროლოგებს ყველაფერში ვეთანხმები. მაქვს პერიოდები, როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, ყველასგან განმარტოება მინდება.
- ეს როდის ხდება?
- ეს კონკრეტული მიზეზით არ ხდება. ზოგჯერ, კარგ ხასიათზე მყოფიც "ვიკეტები" და იმ კარგ განწყობილებას ბოლომდე ვირგებ. როცა ძალიან ვიღლები, განტვირთვას ხან განმარტოებით, ხანაც - ბევრ ადამიანთან ურთიერთობით ვახერხებ.
- "დამოუკიდებელი ადამიანია".
- ძალიან არ მიყვარს, როცა ვინმეზე ვარ დამოკიდებული. ქალების იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც ჯერ მამაზე, შემდეგ შეყვარებულზე ან ქმარზე არიან დამოკიდებული. 15 წლიდან მაქვს საკუთარი შემოსავალი. პირველად მუშაობა რადიოში დავიწყე. მახსოვს, 5 თვის მანძილზე 100 ლარი გადამიხადეს, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ვმუშაობდი.
- კონფლიქტი ხშირად გაქვს?
- ზოგადად, კონფლიქტური ადამიანი არ ვარ, ჩხუბი არ მიყვარს.
- "კონფლიქტის შემდეგ, მას სინდისი ქენჯნის".
- მართალია!
- მაშინაც, როცა მართალი ხარ?
- მაშინაც. ამიტომაც ვცდილობ, არ შევიდე პოლემიკაში.
- "ხარბია და ქედმაღალი".
- ვერ დავეთანხმები... ისე, ცოტათი ქედმაღალი ხომ არ ვარ? არა, არა, თავმდაბალი უფრო მეტად ვარ. ისეთს არაფერს ჩავიდენ, რაც არ მეკადრება.
- ასტროლოგები ცხენის წელში დაბადებულ ადამიანებს 5 ტიპად ჰყოფენ, შენ ე.წ. "ლითონის ცხენის" კატეგორიას განეკუთვნები.
- მართლა? ეს პირველად გავიგონე და რაო, "ლითონის ცხენი" როგორიაო?
- "უყვარს მოგზაურობა".
- 20-ზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი.
- "არ ხიბლავს სტაბილური ურთიერთობები".
- მე სიყვარული მხიბლავს. როცა სიყვარულია, სტაბილურობა კარგია.
- შეყვარებული ბევრჯერ ყოფილხარ?
- არა. ახლა შეყვარებული ვარ, მაგრამ ჯერ დაქორწინებას არ ვაპირებ.
- "ის სამსახურსა და პარტნიორს ხშირად იცვლის".
- ტყუილია. ღმერთმა არ ქნას, რომ ჩემს პირად ცხოვრებაში რაიმე ცვლილება მოხდეს. შეყვარებულთან თავს გადასარევად ვგრძნობ და ცვლილების სურვილი ნამდვილად არ მაქვს.
- "ის მუდმივად თავგადასავლების ძიებაშია".
- თავგადასავლები კი ნამდვილად მიყვარს. სულ მინდა, ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი ხდებოდეს.
- რისკზე ხშირად მიდიხარ?
- რისკებს არ ვუფრთხი, რადგან შამპანური ძალიან მიყვარს.
- "არ უყვარს სახლის დალაგება და მოწესრიგება".
- ვაღიარებ, ეს ჩემი საყვარელი საქმე ნამდვილად არ არის. მომავალში, როცა საკუთარი ოჯახი მექნება, ამ საკითხს თავად მოვაგვარებ. დედოფალი ხომ არ ვარ, რომ 50 მოახლე მყავდეს? ალბათ, ამ ჟურნალის მკითხველებს შორის უამრავი ჩემნაირი იქნება, მაგრამ ისინი სახლს მაინც ალაგებენ, რადგან ეს აუცილებელია.
- მაშინ ის მითხარი, რისი კეთება გიყვარს?
- მიყვარს ჭამა, ლაპარაკი, მუშაობა... სამსახური ძალიან მიყვარს. ვიღლები მაშინ, როცა უსაქმოდ ვარ.
- "შემოდგომის ფერები უყვარს".
- ყველა ფერი მიყვარს, გარდა შავისა.
- "რა პროფესიაც უნდა აირჩიოს, მას დიდი ნიჭი აქვს, შეისწავლოს ყველაფერი მარტივად და სხვებზე სწრაფად".
- არ ვიცი, რა გითხრა. ვფიქრობ, კიდევ ბევრი რამ მაქვს შესასწავლი. ბოლომდე დახვეწილი არ ვარ. სიძნელეებიც არსებობს, მაგრამ როცა საქმე და შრომა გიყვარს, სიძნელეებს იოლად დაძლევ.
- ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- მფლანგველი ვარ. ახლა გადავწყვიტე, შეგროვება დავიწყო. უჯრაში 50 ლარი მაქვს შენახული და 2 თვეა, ვერაფერი მივამატე.
- "ფული ცხოვრების უმნიშვნელო დეტალად მიაჩნია".
- ასეა. ჩემთვის სიყვარული, მეგობრობა, ადამიანურობაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ფულს სხვა დატვირთვა აქვს. ავად რომ გახდე, ფული თუ არ გაქვს, თავს ვერ უშველი - ანუ საჭიროა, მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანი. შეიძლება, ფული არ გქონდეს, მაგრამ სიყვარულმა გიშველოს ან გამოჩნდეს მეგობარი, რომელიც დაგეხმარება.
- "არ მოსწონს ადამიანი, რომელიც მას იგნორირებას უკეთებს".
- მე თუ ადამიანს ველაპარაკები და ის არაფრად მაგდებს, ეს აბა, რატომ უნდა მომეწონოს? საერთოდ, მიყვარს, როცა ადამიანს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი აქვს.
- სხვებისგან შური ხშირად გიგრძნია?
- ჩემი რის გამო უნდა შეშურდეთ? ყველა ადამიანს აქვს დადებითი თვისება და ყველას შეუძლია, საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს; მთავარია იცოდეს, რა უნდა, რა მოსწონს.
- "ძალიან მგრძნობიარეა და შთაბეჭდილებები დიდხანს მიჰყვება".
- მგრძნობიარე ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ შთაბეჭდილებები დიდხანს მიმყვება. ზოგჯერ უხეშად ნათქვამი გულზე მხვდება, მაგრამ მალევე მავიწყდება; გულში არაფერს ვიტოვებ.
- გულში წყენასაც არ იტოვებ?
- არა. ადამიანს, რომელიც მაწყენინებს, სათქმელს პირდაპირ ვეუბნები და მერე ვთხოვ, ეს ყველაფერი დაივიწყოს. ჰოდა, ამის შემდეგ იმ წყენაზე მეც აღარ ვფიქრობ.
- კარგი ინტუიცია გაქვს?
- ყოველთვის წინასწარ ვგრძნობ, რა არის კარგი და რა - არა, რა შეიძლება მოხდეს.
- ცნობისმოყვარე ხარ?
- ყველაფერი მაინტერესებს. ვცდილობ, ბევრი რამ წავიკითხო, ბევრი რამ ვისწავლო...
- "მერყევი, ჯიუტი და ფიცხია".
- ასეა და ვფიქრობ, რომ ეს კარგი თვისებები არ არის. ძალიან ძნელია, ვინმემ არჩეული გზიდან გადამახვევინოს, აზრი შემაცვლევინოს. საკუთარი პოზიციის დასაცავად არაერთხელ მიკამათია.
- "ცვალებადი ხასიათი აქვს".
- მგონი, ეს ყველა ტყუპის დამახასიათებელი თვისებაა. ძალიან მიჭირს არჩევანის გაკეთება. თითქოს ჩემში გამუდმებით 2 ადამიანი ეკამათება ერთმანეთს. თუმცა, ეს დისკომფორტს არ მიქმნის, ამას მიჩვეული ვარ.
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)