ამერიკაში გადაღებულ ფილმს - "ისლამის უცოდველობა" პროტესტი ეგვიპტეში და ირანშიც მოჰყვა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ეგვიპტეში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წინ მომხდარი შეტაკებების შედეგად 30 ადამიანია დაშავებული.
დაჭრილია 16 თავდამსხმელი, 3 პოლიციელი და 11 ეგვიპტელი სამხედრო. დემონსტრანტებმა პოლიციის მანქანა გადააბრუნეს და დაწვეს, ასევე მოახდინეს საელჩოს შენობის შესასვლელის ბლოკირება . ეგვიპტეში შეტაკებები ამ დროისთვისაც გრძელდება.
ფილმს აპროტესტებენ თეირანშიც. 500-მდე ირანელი შვეიცარიის საელჩოსთან მივიდა, სადაც განთავსებულია ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების დამცველი სექცია. აქციის ორგანიზატორია სტუდენებისგან დაკომპლექტებული რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება. აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე 200-მდე სამართალდამცავია მობილიზებული.
ანალოგიური მიზეზით, ლიბიის ქალაქ ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმა 11 სექტემბერს განხორციელდა. თავდასხმას ოთხი ამერიკელი დიპლომატი, მათ შორის ლიბიაში ამერიკის ელჩი კრისტოფერ სტივენსი ემსხვერპლა. დღეს კი იემენში აშშ-ის საელჩოზე შტურმის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.