წინასაარჩევნოდ პოლიტიკურად აქტიური პერიოდი გვიდგას ქართველებს. არაერთი საარჩევნო სუბიექტი გამოჩნდა პოლიტიკურ არენაზე, არაერთგვაროვან დაპირებებს ვისმენთ ცალკეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან.
ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა დამოკიდებულება აქვს პოლიტიკური პარტიების მიმართ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი წერეთელს.
- ბატონო ირაკლი, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიები გააქტიურდნენ. თავად თუ გჯერათ რომელიმე მათგანის. ვისკენ იხრება თქვენი პოლიტიკური სიმპათია?
- უპირველეს ყოვლისა მინდა განვაცხადო, რომ პოლიტიკური წვრილფეხობის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. მიმაჩნია, რომ საქართველოში მაქსიმუმ სამი-ოთხი პოლიტიკური სუბიექტი უნდა არსებობდეს. 2-3-კაციანი პოლიტიკური ჯგუფი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ პარტიის სტატუსი უნდა მიიღოს მხოლოდ იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომლის წევრთა საერთო რაოდენობა იქნება მინიმუმ საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 4 პროცენტი.
- წვრილფეხა პოლიტიკურ პარტიებში ვის გულისხმობთ?
- დღეს საქართველოში ორი სერიოზული პოლიტიკური სუბიექტია: ყოვლად გათახსირებული ნაციონალური მოძრაობა და "ქართული ოცნება". დანარჩენები ყველა წვრილფეხები არიან. სერიოზულობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც პროგრესული და დემოკრატიული უნდა იყო. სერიოზული პოლიტიკური სუბიექტი იყო თავის დროზე სტალინი და მისი კომუნისტურ-ბოლშევიკური პარტია, სერიოზული პოლიტიკური სუბიექტი იყო თავის დროზე ჰიტლერი და მისი ნაციონალურ-სოციალისტური პარტია. კაცობრიობის მთელი უბედურება ის არის, რომ ძალიან ხშირად ბოროტი ძალები უფრო სერიოზულად არიან წარმოდგენილნი, ვიდრე მართლა პროგრესულად მოაზროვნე დემოკრატიული ძალები. მთელი ერის გასაგონად ვაცხადებ, უნამუსოა ყველა ის პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც უმრავლესობისთვის არ იბრძვის. ისინი საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძვიან, რამდენიმე სავარძელი მაინც რომ დაიკავონ საქართველოს პარლამენტში... დღევანდელ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალია სრული ბოიკოტი ამ არადემოკრატიულ არჩევნებს. რასაც ხელისუფლება კადრულობს წინასაარჩევნო კამპანიაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ეს არც დემოკრატიის და არც ადამიანურობის ფარგლებში არ ჯდება. ყველა ღირსეულმა ადამიანმა, უყვარს თუ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიცია, ხმა უნდა აიმაღლოს ამ უსამართლობის წინააღმდეგ. ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და გადავხაზოთ ნაციონალური მოძრაობა. ხოლო ვისაც აქვს არჩევნების გზით ხელისუფლების დამარცხების იმედი და ეს იმედი ნუ მოუშალოს ღმერთმა, ყველამ ხმა უნდა მისცეს ბიძინა ივანიშვილს, სხვა ძალები ვერ მოიგებენ არჩევნებს.
- რასაც ხელისუფლება აკეთებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგო თქვით, რას გულისხმობთ?
- მისი ქონების დაყადაღებას, ჯარიმებს, მის მომხრეებზე ფიზიკურ ზეწოლას.
სააკაშვილის გამომეტყველება უკვე შიზოიდურ პორტრეტს ემსგავსება, შეშლილი მზერა აქვს. ადამიანებს აღიზიანებთ იმის გაფიქრებაც კი, რომ შესაძლებელია, ხელისუფლებიდან წავიდნენ. ეს რა უბედურებაა?! კეთილსინდისიერი სტუმარი მასპინძელს სახლში სამუდამოდ არ უსახლდება. არ არის საკმარისი, ათი წელი ქართველმა ერმა სააკაშვილის სიფათს რომ უყურა?! იქნებ, სხვა სიფათის ყურება მინდა მე. მართალია, სიმპათიური სიფათები არ ჩანს ქართულ პოლიტიკაში, არც ფიზიკურად და არც ზნეობრივ-პოლიტიკურად, მაგრამ სიახლე საჭიროა. ყოველგვარი სიძულვილისა და ემოციების გარეშე მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლება, რომელიც არის ბოროტება, უნდა შეიცვალოს. ბოროტების ყველაზე დიდი და მტკივნეული გამოხატულება არის ძალმომრეობა. საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ძალმომრეობა არაერთხელ გამოამჟღავნა სხვადასხვა სფეროში. არაერთი ადამიანია უდანაშაულოდ მოკლული დღევანდელი ხელისუფლების მიერ, უდანაშაულოდ დაპატიმრებული. მთელი ქვეყანა ლაპარაკობს, რომ პატიმრებს ციხეებში სცემენ, აწამებენ. ამას ემატება ხელისუფლების მიერ გაძარცვული ადამიანები. სასამართლო ხელისუფლება საბოლოოდ დაასაჭურისეს, გაათახსირეს და ნაციონალური მოძრაობის პარტიულ-ადმინისტრაციულ დანამატად აქციეს. საარჩევნო კანონმდებლობა კიდევ უფრო გაუარესდა, ვიდრე ავადსახსენებელი შევარდნაძის დროს იყო. შევარდნაძემ აჯობა სააკაშვილს კაცთმოყვარეობასა და დემოკრატიაში. ძალიან კარგად ვხედავ გზების, სასტუმროებისა თუ რესტორნების მშენებლობას, მაგრამ აბა გადავხედოთ ისტორიას. ადოლფ ჰიტლერის დროს გერმანიაში სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის მასშტაბები და ტემპები დღევანდელი საქართველოს კი არა, დღევანდელი გერმანიის განვითარების ტემპებს აღემატება. აღმშენებლობა აღარ ფასობს, თუ დემოკრატიის გადმოსახედიდან შევხედავთ მოვლენებს. მთავარი ადამიანის უფლებებია. მასე თავისი ხალხის მიერ გაუპატიურებულმა და ნაწამებმა ბელადმა ლიბიისა, მუბარაქმა, თავის დროზე ეკონომიკურად ააყვავა ლიბია.
- ხელისუფლება ივანიშვილის რუსულ კვალზე ლაპარაკობს.
- ილაპარაკოს მერე. შეიძლება, ივანიშვილი მართლაც იყოს რუსეთის პროგრამა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამნაშავე სააკაშვილი არ უნდა წავიდეს. თუ ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა და მერე ძალიან გაუტია, აგერ ვარ მე და დამერწმუნეთ, ივანიშვილი გაცილებით ადვილი გადმოსაგდები იქნება, ვიდრე სააკაშვილია. ის არ წავა ბინძურ მეთოდებზე, ყველაფერს ვერ იკადრებს ხელისუფლების შესანარჩუნებლად. იმის შიშით, რომ სიფილისი ან ტრიპერი არ შეგვეყაროს, კაცებმა ქალებში აღარ ვიაროთ?! სააკაშვილი თვითონ არ არის რუსული კვალი? აბა, რაც კახეთში მოხდა, რა იყო? ჰო, მართლა, მინდა, მთელ საქართველოს მივუსამძიმრო ქართველი მეომრების სიკვდილი, რომლებიც აღესრულნენ იმ ანტიტერორისტულ ოპერაციაში და იმავდროულად დიდი მწუხარება გამოვთქვა მაჰმადიანების დახოცვის გამო. თუ რუსეთს ვებრძვით, რატომ ვკლავთ ჩვენს ტერიტორიაზე იმ ადამიანებს, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში გადადიოდნენ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად? ეს ფაქტი ძალიან საეჭვოა. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება ამ ფაქტთან დაკავშირებით და ამიტომ ეს კითხვის ნიშნები რომ აღარ არსებობდეს და ტვინი რომ აღარ ვიბურღოთ ქართველებმა, მოვიცილოთ სააკაშვილი.
მართალი გითხრათ, შეშინებული ვარ. მაჰმადიანები, დღევანდელი მშიშარა ქართველებისგან განსხვავებით, შურისმაძიებელი ხალხია. მეცოდება კიდეც სააკაშვილი, ყოველთვის ვერ ეყოლება დაცვა. რამდენიც უნდა იფართხალოს, დღეს თუ არა, ხვალ და ზეგ წავა ხელისუფლებიდან. დიდი შანსია, რომ მოკლან, რასაც მე არ ვისურვებდი. სიკვდილს არავის ვუსურვებ. ადვილი შესაძლებელია, მის ოჯახზეც იძიონ შური ან ნებისმიერ საწყალ ნაციონალზე, მიშა, მიშას რომ გაიძახიან დღეს. მაჰმადიანებმა სისხლის აღებაში ზუსტი პერსონიფიცირება არ იციან. შეიძლება, სააკაშვილის მომხრეებს ბრმად დაერიონ. იმუქრებიან კიდეც. მინდა, მოვუწოდო მათ, გონს მოეგონ და გვერდში დაუდგნენ ქართველებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოვიცილოთ მშვიდობიანი, ლეგიტიმური გზით და არა იარაღის ჟღრიალითა და სისხლისღვრით. იარაღით ვერ დაამარცხებ სააკაშვილს. ამით იმის საშუალებას მისცემ, რომ გაგანადგუროს.
- ბატონო ირაკლი, რადიკალურად შეცვლილია თქვენი მოსაზრებები ივანიშვილთან დაკავშირებით, კარგად მახსოვს ჩვენი ბოლო ინტერვიუ ასეთი სათაურით, - "გლეხი ივანიშვილი მაჯობებს თავად წერეთელს ფულის ხარჯვაში?"... რა შეიცვალა?
- მე ეგ ვიხუმრე, ჩემო ძვირფასო პროვოკატორო ჟურნალისტო, და ჩამიშვი და შემარცხვინე ივანიშვილთან. ფულის ხარჯვა გლეხობაზე და არისტოკრატობაზე დამოკიდებული ნამდვილად არ არის. ხელგაშლილობა სულის სიუხვის შედეგია და არა გვაროვნული კეთილშობილების... ასე რომ, ვისაც ჩემსავით ეჭვი ეპარება ივანიშვილის რუსულ პოლიტიკაში, მივიდეს არჩევნებზე, გადახაზოს ნაციონალები და ამით ბოიკოტი გამოუცხადოს სააკაშვილის რეჟიმს.
- ე.ი. თქვენც ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ "ქართული ოცნება" რუსული პროექტია?
- რა თქმა უნდა, ეჭვი მაქვს. ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ჩემთან ურთიერთობას თავს არიდებს, პირდაპირ თუ არაპირდაპირ რუსეთის აგენტია, რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი.
- სცადეთ მასთან ურთიერთობა?
- მე უნდა ვცადო, ირაკლი წერეთელმა, ივანიშვილთან ურთიერთობა თუ მას უნდა ეცადა?! მილიარდერი რომ არ ვარ, თვალში გეპატარავებით? ურთიერთობა არ მიხვეწნია მერაბთან და ზვიადთან, ამ ორ ბუმბერაზთან, და ივანიშვილს შევეხვეწები?
- შემდეგ ინტერვიუზე ალბათ ამ ფრაზაზეც იტყვით, ვიხუმრეო.
- როგორ გეკადრებათ. ასზე მეტი წერილი მაქვს დაწერილი საქართველოს დამოუკიდებლობაზე და ამ წერილით გადავუჯოკრავ ყველა მილიარდერს. საქართველო რომ გაძლიერდება, ეს მილიარდები არავის ემახსოვრება და ის კონკრეტული გამოსვლები, ინტერვიუები, დოკუმენტები და წერილები ისტორიას დარჩება.
- მემუარების წერასაც ხომ არ გეგმავთ?
- ჯერ ასე არ დავბერებულვარ. ახლა ჩემი ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებ, რევოლუციისთვის ვემზადები. ასე რომ, ძალიან გთხოვთ, ივანიშვილს ნუ შემადარებთ. ახლა სერიოზული კონტაქტები მაქვს ამერიკაში და დიდი შანსი მაქვს, ჩემი ჭკუითა და ინტელექტით ივანიშვილზე ბევრი ფული ვიშოვო და თუ ფულით კეთდება ყველაფერი საქართველოში, მეც ვიყიდი, ბატონო, ამ ქართველებს. მე თქვენ გეტყვით, არ იყიდებით ქართველები! მარტივ ფორმულას გასწავლით, როგორ უნდა აღმოაჩინოთ რუსეთის იმპერიის აგენტი. ამისთვის საჭიროა ერთი მარტივი შეკითხვის დასმა, უჭერთ თუ არა მხარს ირაკლი წერეთელს. ვინც გეტყვით, რომ არ უჭერს, ის არის რუსეთის აგენტი.
- სანამ ამ პრინციპით რუსეთის აგენტების აღმოჩენას დავიწყებდეთ, პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო სლოგანებზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება. მაგალითად, ქრისტიან-დემოკრატების - "შვილებს განათლება, მშობლებს დასაქმება, პენსიონერებს დაფასება".
- შინაარსობრივად ძალიან კარგი დევიზია. სხვათა შორის, ქრისტიან-დემოკრატებს კარგი ორატორობისა და მჭევრმეტყველების უნარი აქვთ, მაგრამ ერთი დიდი ნაკლი აქვთ, შეხმატკბილებულ-შეთამაშებულნი არიან ავად სახსენებელ სააკაშვილთან. ეს პოლიტიკური პარტია სააკაშვილის კაბინეტში შეიქმნა, ამიტომ, მათ თუ წარმატება უნდათ არჩევნებში, ჩემთან უნდა მოვიდნენ და თუ ვაკურთხებ, ჩამოერეცხებათ ეს შავი ლაქა.
- ლეიბორისტები - "მდიდარს ვართმევთ, ღარიბს ვაძლევთ"...
- შალვა ჩემი მეგობარია. ერთადერთი ეშლება ის, რომ ამერიკელებს ლანძღავს. ქართული პოლიტიკური სივრცე შალვას გარეშე წარმოუდგენელიც კია ჩემთვის. სამი რამ დაღუპავს საქართველოს: უღმერთობა, უზნეობა და უშალიკოობა (იცინის). თუმცა შალიკო იმ დოზით არ გვჭირდება, როგორც ზნეობა და რწმენა. მშვენიერი დევიზი აქვს შალვა ოძელაშვილ-ნათელაშვილს. შალვა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ივანიშვილს ჭკუა რომ ჰქონოდა, ნათელაშვილი გვერდით უნდა დაეყენებინა. ახალი მემარჯვენეებიც არ უნდა მოესროლა, თუმცა მემარჯვენეებიც წახდნენ ბოლო დროს. მამუკა კაციტაძეს გვარი გამოუცვალე, მას მერე, რაც მან გაყალბებული სიების პროვოკაციული აღწერა ჩაატარა, მამუკა მიშიტაძეს ვუწოდებ.
- ნაციონალები: "მეტი სარგებელი ხალხს"
- ეს არის ძალიან უნიჭო დევიზი. კეთილდღეობა კი არა, სარგებელიო. იმდენად გათახსირდა "ნაციონალური მოძრაობა", რომ დაპირებებშიც კი აღარ იტყუება. კი არ გვპირდება, პატიმრებს აღარ გავლახავ, აღარ ვაწამებ, გადასახადებს შევამცირებო, ცოტას გასარგებლებთ თქვენცო, რაა. გეუბნებით რაა, საუკეთესო გამოსავალი რევოლუციაა. ესენი დაგვცინიან უკვე.
- რევოლუციის ეშინია ხალხს.
- მშიშარა საზოგადოებას ყოველთვის ეყოლება სააკაშვილი და ძმანი მისნი. ეგვიპტეში მშვენიერი რევოლუცია მოხდა, ძალიან კარგი რევოლუცია მოხდა იემენში. საერთოდ, კარგი იქნება, ქართველებმა შემოვიღოთ პოლიტიკური ტრადიცია, რომელიც გავრცელებული იყო ძველ საბერძნეთში. როდესაც ხელისუფლების წინააღმდეგ გროვდებოდა საზოგადოებაში სამართლიანი უკმაყოფილება და პროტესტი, ქალაქ-სახელმწიფოებში ერი გამოდიოდა, ეწყობოდა საყოველთაო შეკრება და ხელისუფლების დასაბუთებული ბრალდებებით ბრალს სდებდნენ. გადააყენებდნენ ხელისუფლებას და კი არ იჭერდნენ, აძევებდნენ სამშობლოდან ქონების კონფისკაციით. ამ პროცესს ერქვა ოსტრაკიზმი. სააკაშვილს ყველაზე მეტად მოუხდება ოსტრაკიზირება. საქართველოში უნდა დავნერგოთ ეს პროცესი. უნამუსოდ რომ ლაპარაკობენ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობაზე, მერწმუნეთ, სააკაშვილსა და მის გარემოცვას ერთად აღებულს ბიძინა ივანიშვილზე მეტი ფული აქვთ. ბიძინამ ოლიგარქობა ლეგალური ბიზნესით მაინც მოიპოვა და ამათ ერი გაძარცვეს. ასე რომ, ოსტრაკიზმი საჩქაროდ!.. ეს არის წამალი საქართველოსა და სააკაშვილისთვის.
ნინო მჭედლიშვილი
(გამოდის ორშაბათობით)