საქართველოს საჰაერო თავდაცვით შესაძლებლობების გაზრდასა და განვითარებაში ამერიკელი ექსპერტები დაეხმარებიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსსს" თავდაცვის მინისტრმა დიმტრი შაშკინმა განუცხადა.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სექტემბერში იწყება კონკრეტული იმპლემენტაცია იმ შეთანხმების, რომელიც მიღწეული იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის.
"ეს არის ექვსპუნქტიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც, ამერიკის შეერთებული შტატები შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროცესში ჩვენს ქვეყანას ეხმარება. ჩვენთან სპეციალური ექსპერტების ჯგუფი ჩამოდის, რომელიც პირველ ეტაპზე შეისწავლის ქვეყნის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, რის შემდეგაც, დაიწყება მეორე ეტაპის განხორციელება. კერძოდ, ამერიკელი ექსპერტები დაწერენ დოქტრინას, თუ რა უნდა გაკეთდეს არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, რომ ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება. ამერიკელი ექსპერტების მიერ შემუშავებულ დოქტრინაში დეტალურად იქნება გაწერილი ის გასატარებელი ღონისძიებები, რომელთა განხორციელებითაც მოხდება საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა და განვითარება. ხოლო მესამე ეტაპზე კონკრეტულად დოქტრინის იმპლემენტაცია დაიწყება", - განაცხადა შაშკინმა.
შაშკინის განმარტებით, აშშ ქართულ თავდაცვას დამხმარე ვერტმფრენების მოდერნიზებაშიც დაეხმარება.
"ვერტმფრენების პარკის მოდერნიზებაში მხარდაჭერა ჩვენ გამოგვადგება როგორც ISAF-ის, ასევე ISAF-ის ოპერაციის დასრულების შემდგომ ეტაპზე. ამ მიმართულებით თანამშრომლობა გამოიხატება დოქტრინის ჩამოყალიბებასა და პერსონალის მომზადებაში, რაც დაეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, შეიმუშაონ გეგმები და ხედვა დამხმარე ვერტმფრენების ფლოტის მოდერნიზებისა და განახლებისათვის", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.