შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, კარლ ბილდტი ჩვენთან შეხვედრაზე მხოლოდ იმით დაინტერესდა, ვაპირებდით თუ არა ქუჩის აქციებისთვის მიმართვას , - ასე გამოეხმაურა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს შვედეთის მთავარმა დიპლომატმა საქართველოში ვიზიტისას ოპოზიციური ძალები აქციების უშედეგობაზე გააფრთხილა.
ივანიშვილის განმარტებით, ბილდტის განცხადებასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებულ ფორმულირებას ჯერჯერობით არ გაცნობია და აღნიშნულთან დაკავშირებით ანალიზს მოგვიანებით გააკეთებს.
"რაც შეეხება აქციას, შეხვედრაზე მხოლოდ შეკითხვის მსგავსი იყო დასმული და მე ავუხსენი და დარწმუნებული ვარ, მან კარგად გააცნობიერა, რომ არაფერი მსგავსი არ იგეგმება. მე ვუთხარი, რომ ხელისუფლება ცდილობს სიცრუის დანერგვას", - დასძინა ივანიშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კარლ ბილდტის მოწოდებას ქართული ოპოზიციისადმი "უცნაურად" მიიჩნევს, - რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა.
მისი ვერსიით, ქართული ოპოზიცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ქუჩის დემონსტრაციების უშედეგობაზე კარლ ბილდტმა საქართველოში ვიზიტისას გააფრთხილა.
მისივე თქმით, კარლ ბილდტის განცხადება 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დემოკრატიის ნორმების შესაძლო დარღვევაზე მოქალაქეების რეაქციის შეზღუდვას წარმოადგენს.
"ეს სიტყვები კი ისმის მინისტრისგან, რომელიც ცნობილია, როგორც "არაბული რევოლუციის" მხარდამჭერი. ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას. მცდელობა, აპრიორი შეიზღუდოს რეაქცია არჩევნებში დემოკრატიის ნორმების შესაძლო დარღვევაზე, სულ მცირე, შვედი მინისტრის შეხედულებების არათანმიმდევრულობაზე მიუთითებს", - განაცხადა ლუკაშევიჩმა.
როგორც ლუკაშევიჩი აცხადებს, უახლოეს პერიოდში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს ეწვევა და მოსთხოვენ პასუხს კითხვაზე, რას ემსახურება მისი "შერჩევითი წინააღმდეგობა ადამიანთა უფლებებისა და თვითგამოხატვისადმი".
ასევე იხილეთ: საშუალება გვეძლევა, 1-ელ ოქტომბერს, ჩვენს ისტორიაში პირველად, დემოკრატიის მსგავსი არჩევნები ჩავატაროთ - ბიძინა ივანიშვილი