ქართული ოპოზიციური ძალები, ქუჩის დემონსტრაციების უშედეგობასთან დაკავშირებით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის გაფრთხილებას ვერ იხსენებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კოალიცია "ქართულ ოცნებასა" და "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში" განუცხადეს, მათთან შეხვედრაზე ბილტს მსგავსი ტიპის განცხადება არ გაუკეთებია.
ქდმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე არ გამორიცხავს, რომ კარლ ბილდტს ქუჩის აქციების უშედეგობასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება უცხოურ მედიასთან საუბარში გამოეთქვა, თუმცა მისი აზრით, მთავარი ის რეაქციაა, რაც აღნიშნულს რუსეთის მხრიდან მოჰყვა.
"შესაძლოა, ბილდტმა ეს განცხადება უცხოურ მედიასთან გააკეთა და მისი პოზიცია, რომ ვიყოთ მშვიდად, წყნარად და არ გვინდა რევოლუციები, გასაგებია. ჩვენ არაბული სამყაროსგან განსხვავებული მიზნები გვაქვს და ეს არის ევროპასთან დაახლოება. რევოლუცია და არეულობა ევროპულ პერსპექტივას დაგვაშორებს. გასაგებია რუსული მხარის პოზიციაც, მას საქართველოში არეულობა აწყობს, რადგან ეს შეიძლება, საგარეო ინტერვენციისთვის კარგი მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდეს", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი კი დარწმუნებულია, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს, რადგან ბილდტისგან ქართული ოპოზიციის მისამართით მსგავსი ტიპის მოწოდებას გამორიცხავს.
"დარწმუნებული ვარ, კარლ ბილდტი ასეთ რამეს არ იტყოდა. ის გამოცდილი დიპლომატია და, პრაქტიკულად, გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციის მისამართით ასეთ მოწოდებას გააკეთებდა. 100 %-ით დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლე არ არის", - განაცხადა ხიდაშელმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, კარლ ბილდტმა საქართველოში ვიზიტისას ქართული ოპოზიცია ქუჩის დემონსტრაციების უშედეგობაზე გააფრთხილა, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "უცნაურად" მიიჩნევს.
რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრე ლუკაშევიჩის აზრით, ბილდტის განცხადება დემოკრატიის ნორმების შესაძლო დარღვევაზე მოქალაქეების რეაქციის შეზღუდვას წარმოადგენს.
როგორც ლუკაშევიჩი აცხადებს, უახლოეს პერიოდში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს ეწვევა და მოსთხოვენ პასუხს კითხვაზე, რას ემსახურება მისი "შერჩევითი წინააღმდეგობა ადამიანთა უფლებებისა და თვითგამოხატვისადმი".
ამასთან, კარლ ბილდტი საქართველოში ამბასადორიალის ფარგლებში, 5-6 სექტემბერს იმყოფებოდა.