სამი დღის წინ საქართველომ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ქართველი ერი ერთიანია, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, მარნეულში სტუმრობისას განაცხადა.
აღნიშნულ კონტექსტში პრეზიდენტმა მიმართა ყველას, "ვისაც დასანგრევი ობიექტების და დასაჭერი ხალხის გრძელი სია აქვს" და აღნიშნა, რომ ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ.
"მინდა ვუთხრა მათ, ვისაც აქვს გრძელი სია დასანგრევი ობიექტების და დასაჭერი ხალხის, მათ შორის პედაგოგების - ნურას უკაცრავად! იმისთვის კი არ აგვიშენებია ეს ქვეყანა, რომ თქვენისთანა მნგრეველებს და მღრღნელებს გადავაბაროთ! ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას. ჩვენ უნდა ვიაროთ მხოლოდ წინ და გზასამშვიდობოს გადავიყვანოთ ჩვენი მრავალეთნიკური საქართველო", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მას უხარია, რომ მოდის ახალი პოლიტიკოსების თაობა, მათ შორის ქართველი აზერბაიჯანელების. "ჩვენ ვამაყობთ ჩვენი აზერბაიჯანელების კულტურით, მაგრამ ქართული, ასევე სხვა ენები ყველამ უნდა ვისწავლოთ, რომ წინ წავიდეთ. ჩვენ ყველა ვამაყობთ მარნეულით და თითოეული თქვენგანით", - მიმართა პრეზიდენტმა ადგილობრივ მოსახლეობას.
გარდა ამისა, სააკაშვილმა მისი იუსტიციის მინისტრობის პერიოდიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ერთხელ კამერით ფარულად გადაიღო, როგორ ართმევდნენ ფულს საგზაო ავტოინსპექტორები გლეხებს. "ერთხელ ბოლნისიდან ავტობუსით წამოვედი, დავიმაგრე კამერა და ვიღებდი, როგორ ართმევდნენ ფულს "გაიშნიკები" გლეხებს. ვაჩვენე შევარდნაძეს, მან კი მითხრა - რა იუსტიციის მინისტრის საქმეა ავტობუსებში ხეტიალიო. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ აღარ დაბრუნდეს ის ხალხი, ვინც თქვენ ფულს გართმევდათ", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.