"ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ვანო მერაბიშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით დებატები უფრო საინტერესო იქნებოდა.
"სამწუხაროა, რომ ერთ-ერთმა მონაწილემ უარი განაცხადა აქ მოსვლაზე. ვფიქრობ, რომ შეხვედრა გაცილებით საინტერესო იქნებოდა, ყველა კანდიდატს რომ მიეღო მასში მონაწილეობა. ვფიქრობ, ეს იქნებოდა ქართველი ამომრჩევლისა და ტელემაყურებლის პატივისცემა", - განაცხადა მერაბიშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გამართული დებატებისას.
რაც შეეხება უშუალოდ "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო პროგრამას, მერაბიშვილის განმარტებით, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს სამსახური და სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება. "რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი ის, რომ საქართველოში არც ერთ დედას არ ეშინია ბავშვის ქუჩაში გაშვება, არ არის კორუფცია, დაზღვეულია ყველა სოციალურად დაუცველი, ყველა პოლიციელი, ყველა სამხედრო. ზუსტად იმიტომ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ბევრმა ოჯახმა ვერ იგრძნო სიკეთე, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიმუშავა პროგრამა, რომ მეტი სარგებელი მოუტანოს ხალხს. ახალი სამუშაო ადგილები, ხარისხიანი ჯანდაცვა იქნება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი", - განმარტა მერაბიშვილმა.
მოქმედი პრემიერისა და "ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის აღნიშნულ განცხადებას დებატებში მონაწილე "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა და მერაბიშვილი სიცრუეში დაადანაშაულა.
"ბატონმა მერაბიშვილმა თქვა, რომ დედები თავისუფლად უშვებენ სასეირნოდ შვილებს ქუჩებში. ზევიდან გვიყურებს ბატონი ვანოს მინისტრობის დროს, მისი სპეცსამსახურების მიერ ჩაცხრილული გირგვლიანის, ვაზაგაშვილის და 70 ახალგაზრდის სული. რა მნიშვნელობა აქვს დედისთვის მას სპეცრაზმელი მოუკლავს შვილს, თუ პოლიციელი?! ასევე ზევიდან გვიყურებს მიტინგებზე ჩახოცილი ადამიანების სულები – 26 მაისს რომ ჩახოცა სპეცრაზმმა და შემდეგ თავისით რომ ავიდნენ სახურავზე და დენმა დაარტყათ", - განაცხადა ნათელაშვილმა.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერისა და პრემიერობის კანდიდატის ამ განცხადებას დებატების დროს მერაბიშვილი მცირე რეპლიკით გამოეხმაურა და მას "აბსურდული" უწოდა.
გუშინდელი დებატებში ვანო მერაბიშვილი, გიორგი თარგამაძე და შალვა ნათელაშვილი მონაწილეობდნენ.