"ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილი NDI-ის კვლევაში არსებული კითხვების ფორმულირებასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, NDI-ის საქართველოში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განუხორციელებია, თუმცა კვლევების ჩატარებაში პროფესიონალი არ არის.
"მე მათ მიმართ დიდი მადლიერების გრძნობა მაქვს. რაც შეეხება შეკითხვებს, გაუგებარია, რატომ სვამენ კითხვას, ვინ გაჰყვება ივანიშვილს ქუჩაში. კითხვის ფორმულირება კითხვას აჩენს. ისინი პროფესიონალები არ არიან, აშშ-ში არასოდეს ჩაუტარებიათ გამოკითხვა. ნაწილობრივ ვენდობით, ნაწილობრივ პროცედურასთან დაკავშირებით კითხვები გაგვაჩნია", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, კვლევაში პროცენტულ მაჩვენებლებთან მიმართებაშიც წინააღმდეგობრივი შედეგებია.
"რეიტინგი 12% დამიწერეს, ქუჩაში 27% გამომყვება - წინა კვლევაში ასე იყო. მაგრამ NDI-ისადმი დიდი პატივისცემის გრძნობა გამაჩნია", - განაცხადა ივანიშვილმა.
NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, ხელისუფლების წარმომადგენელთა მოწონების მაჩვენებლები გაიზარდა, ხოლო ოპოზიციის - შემცირდა. კითხვაზე, მოგწონთ თუ არა ესა თუ ის პიროვნება, 62% ვანო მერაბიშვილმა მიიღო (წინა კვლევასთან შედარებით +7%), მიხეილ სააკაშვილმა - 61% (+3%), გიგი უგულავამ - 58%, დავით ბაქრაძემ - 55%, გიორგი თარგამაძემ - 49%, ინგა გრიგოლიამ - 41%, ბიძინა ივანიშვილმა - 39% (-7%).
ამავე კითხვაზე პასუხების მიხედვით, 91% სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო.
გარდა ამისა, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 37% ; "კოალიცია "ქართული ოცნება" - 12%; "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 3%. არ ვიცი- 22%, არც ერთს-3%, პასუხზე უარი თქვა 16%-მა.
ამასთან, წინა კვლევასთან შედარებით "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგმა 1%-ით მოიმატა, "ქართული ოცნების" რეიტინგმა კი - 6%-ით დაიკლო.