"ნაციონალი" ხათუნა ოჩიაური და "ლეიბორისტი" გიორგი გუგავა პოლიტიკაში მოსვლის მიზეზად თავიანთი პარტიის ლიდერებს ასახელებენ. ორივე მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური კურსი აირჩია, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას, დემოკრატიასა და განვითარებას უზრუნველყოფს. ვნახოთ, როგორია მათი თვალსაზრისი და რა არგუმენტები აქვთ საკუთარი პოზიციების დასაცავად.
- მთლიანად იზიარებთ იმ გუნდის პოლიტიკურ კურსს, რომელსაც წარმოადგენთ?
ხათუნა ოჩიაური:
- რასაკვირველია, ბოლომდე ვიზიარებ იმ პოლიტიკურ კურსს, რომელსაც ადგას მიხეილ სააკაშვილი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ამის საფუძველი ნამდვილად მაქვს.
გიორგი გუგავა:
- დიახ, სხვაგვარად ამ გუნდში არ ვიქნებოდი. ჩვენ ყველანი ერთი იდეის ადამიანები ვართ. სამწუხაროდ, ლეიბორისტული პარტია ერთადერთია, სადაც ადამიანები იდეას ემსახურებიან.
- ფიქრობთ თუ არა, რომ შესაძლებელია, ზოგჯერ თქვენი ლიდერიც ცდებოდეს?
ხათუნა ოჩიაური:
- ვერ ვისაუბრებ ჩემს ლიდერზე. არ მომწონს, როდესაც კონკრეტული ადამიანის ღირსებებზე ან თუნდაც ნაკლზე ლაპარაკობენ. მირჩევნია, ვისაუბრო იმაზე, თუ რა წარმატებებს მიაღწია ჩვენმა სახელმწიფომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში და რა გეგმები აქვს მომავალში.
გიორგი გუგავა:
- უშეცდომო ამ სამყაროში მხოლოდ უფალია. სულიერი მოძღვარი არ ვარ, რომ ვინმეს შეცდომები დავუთვალო. ჩვენ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ერთად ვიღებთ. უშეცდომოდ ვერაფერს გააკეთებ, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანაში "პოლიტიკურად ცხარე ვითარებაა".
- პოლიტიკური ოპონენტი თქვენთვის მტერია თუ უბრალოდ, განსხვავებული იდეებისა და პოზიციების მქონე ადამიანი?
ხათუნა ოჩიაური:
- თუ ის ჩემი ოპონენტია და არა ჩემი სახელმწიფოსი, მაშინ მას უბრალოდ, განსხვავებული იდეებისა და პოზიციების მქონე ადამიანად მივიჩნევ, მაგრამ თუ ქვეყანას მტრობს, მაშინ რა მოგახსენოთ...
გიორგი გუგავა:
- ადამიანის მტრად მიჩნევა არაქრისტიანულია. თანაც, ეს არც პოლიტიკური თვალსაზრისით არის გამართლებული. მტრობამ შესაძლოა, დაგაბრმაოს, გაგაბოროტოს და არასწორი ნაბიჯები გადაგადგმევინოს.
- თქვენს ღირსეულ ოპონენტად თუ მიიჩნევთ ვინმეს?
ხათუნა ოჩიაური:
- ნამდვილად არ უარვყოფ, რომ ოპოზიციაში სხვადასხვა ღირსების მქონე ადამიანები არსებობენ, განათლებული, მაგრამ დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.
გიორგი გუგავა:
- მეტოქის შეფასებაც ხელოვნებაა. თუ მოწინააღმდეგის შეფასება არ შეგიძლია, აუცილებლად დამარცხდები. ღირსეული - არა, მაგრამ ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს ხელისუფლების სახით.
- პოლიტიკური ოპონირება ქალბატონთან გირჩევნიათ თუ მამაკაცთან?
ხათუნა ოჩიაური:
- სქესს მნიშვნელობა ნამდვილად არა აქვს.
გიორგი გუგავა:
- პოლიტიკა არ ცნობს სქესს, მაგრამ მამაკაცთან ოპონირება მირჩევნია.
- მეგობრებს პოლიტიკური ნიშნით თუ ყოფთ?
ხათუნა ოჩიაური:
- ჩემს მეგობრებში განსხვავებული მოსაზრების ადამიანები არ არიან, ამიტომ ამის გაკეთება არც მიწევს. საბედნიეროდ, ჩემს პოლიტიკურ კურსს ანუ საქართველოს თავისუფლების შენარჩუნებას, ჩემი ყველა მეგობარი იზიარებს.
გიორგი გუგავა:
- მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელ პარტიას ეკუთვნის ადამიანი, მაგრამ თუ მოვლენების მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება არა გვაქვს, საერთო ენის გამონახვა გაგვიჭირდება. ადამიანთან რომ ვიმეგობრო, სულიერი და ზნეობრივი თვალსაზრისით, ერთნაირები უნდა ვიყოთ.
- არჩევნებში თქვენი პარტია რომ არ მონაწილეობდეს, ხმას ვის მისცემდით?
ხათუნა ოჩიაური:
- დღეს არსებული პოლიტიკური პარტიებიდან - არავის. ხმას მხოლოდ იმ პარტიას მივცემდი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" კურსს გაატარებდა.
გიორგი გუგავა:
- ვერ გეტყვით და არც მინდა იმის წარმოდგენა, რომ ლეიბორისტული პარტია არ არსებობდეს. მასეთი ალბათობით, შეიძლება, მეც არ დავბადებულიყავი ამქვეყნად.
- ფიქრობთ თუ არა, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა?
ხათუნა ოჩიაური:
- არა. პოლიტიკაში ყოფნა ხალხის სამსახურში ჩადგომას ნიშნავს, თუმცა არ უარვყოფ, რომ პოლიტიკაში ბინძური ადამიანებიც არიან.
გიორგი გუგავა:
- ყველა საქმე ბინძურია, რომელსაც ბინძური, ამორალური და უზნეო ადამიანი აკეთებს. პოლიტიკა - არა, მაგრამ ზოგჯერ პოლიტიკოსები არიან ბინძურები.
- როგორ ფიქრობთ - "მიზანი ამართლებს საშუალებას"
ხათუნა ოჩიაური:
- არა.
გიორგი გუგავა:
- არა.
- კანონს მაშინაც ემორჩილებით, როდესაც ფიქრობთ, რომ ის უსამართლოა?
ხათუნა ოჩიაური:
- მე ვემორჩილები კანონს. მგონია, რომ მისი შეფასება ტენდენციურობის მანიშნებელია. თუ კანონში რამე არ მოგწონს, შენი პრეტენზია არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთო და მერე იბრძოლო მისი შეცვლისთვის.
გიორგი გუგავა:
- ადამიანი უპირველესად, იმ შინაგანი სიმართლით ოპერირებს, რომელიც მის სულიერ კონსტიტუციაშია ჩამოყალიბებული. ამიტომ, თუ კანონს უსამართლოდ მივიჩნევ, აუცილებლად დავარღვევ. თუ, რა თქმა უნდა, შანსი მომეცემა.
- თქვენი აზრით, კომპრომისზე წასვლა სისუსტის მიმანიშნებელია?
ხათუნა ოჩიაური:
- აუცილებლად უნდა წახვიდე კომპრომისზე, თუ იცი, რომ ეს შენს ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება.
გიორგი გუგავა:
- არა, პირიქით: თუ ადამიანს დათმობა შეუძლია, ესე იგი, ის ძლიერი პიროვნებაა.
- ემოციების გაკონტროლებას ყოველთვის ახერხებთ?
ხათუნა ოჩიაური:
- ვცდილობ.
გიორგი გუგავა:
- ეს პოლიტიკოსის მოვალეობაა. მხოლოდ ემოციებით აპელირება ამ სფეროში დამღუპველია.
- ტყუილის თქმა ხშირად გიწევთ?
ხათუნა ოჩიაური:
- ტყუილის თქმა არ მიყვარს, მით უმეტეს, როცა საქმე პოლიტიკას ეხება: ეს საზოგადოების მოტყუებას ნიშნავს. ყოველთვის მჯერა იმის, რასაც ვამბობ.
გიორგი გუგავა:
- ტყუილის თქმა ყველა ადამიანს უწევს, მათ შორის მეც, მაგრამ ჩემს ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს. უბოროტო ტყუილი მითქვამს, მაგრამ მაშინვე მეტყობა.
- დაპირებების შესრულებას რამდენად ხშირად ახერხებთ?
ხათუნა ოჩიაური:
- მაჟორიტარი დეპუტატი არა ვარ (პარლამენტში პარტიული სიით მოვხვდი), ამიტომ ადამიანებს პირადად არაფერს დავპირებივარ. თუმცა გუნდმა, რომელსაც წარმოვადგენ, საზოგადოების წინაშე დადებული პირობა შეასრულა, რის შედეგადაც 2012 წელს საქართველო ბევრად უკეთესი ქვეყანაა, ვიდრე "ვარდების რევოლუციამდე" იყო. ჩვენ კმაყოფილები მაინც არ ვართ და დაგეგმილი გვაქვს, რომ შემდგომი ოთხი წელი იმ ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას მოვანდომოთ, რომლებსაც დღეს უჭირთ.
გიორგი გუგავა:
- ადამიანი ყოველთვის უნდა ეცადოს, მხოლოდ ის დაპირება გასცეს, რომლის შესრულებაც შეუძლია. სიტყვა ჩიტი არ არის, რომ პირიდან გამოუშვა და გააფრინო, შემდეგ კი მისი არსებობა დაივიწყო. თუ ღირსეულ ადამიანობაზე გაქვს პრეტენზია, შენი სიტყვის კაცი და პატრონი უნდა იყო. სხვისი არ ვიცი, რა გითხრათ, მაგრამ მე ასე ვარ აღზრდილი და პოლიტიკური მოღვაწეობის დროსაც ასეთი სტერეოტიპებით ვმოქმედებ. ვცდილობ, ყოველთვის შევასრულო ის, რისი პირობაც ადამიანს მივეცი.
- ქვეყნის ინტერესებისთვის საკუთარი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება თუ შეგიძლიათ?
ხათუნა ოჩიაური:
- წინასწარ ვერ ვიტყვი. ალბათ ყველა ადამიანს ჰგონია, რომ ასე მოიქცევა. სინამდვილეში, რისი გამკეთებელიც ხარ, ეს მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როდესაც ფაქტის წინაშე დადგები.
გიორგი გუგავა:
- ბედნიერებაა, თუ ეს შეგიძლია. ძალიან მინდა, რომ მეც შემეძლოს, მაგრამ არ ვიცი, კრიტიკულ სიტუაციაში როგორ მოვიქცევი. ისე, კი მაქვს იმედი, რომ ღირსეულად მოვიქცევი.
- ოდესმე ზეწოლის ან შანტაჟის მსხვერპლი თუ გამხდარხართ?
ხათუნა ოჩიაური:
- არასდროს.
გიორგი გუგავა:
- უჰ, იცოცხლე, რამდენიც გინდა, მაგრამ ფარ-ხმალს მაინც არ ვყრი.
- ყველაზე მეტად რისი გეშინიათ?
ხათუნა ოჩიაური:
- ვერ ვიტყვი, რომ რამის მეშინია, მაგრამ საფრთხეს ვხედავ რუსულ აგრესიაში და ჩვენი ხელისუფლების მიერ აღებული კურსის შეცვლის მცდელობაში.
გიორგი გუგავა:
- ფილოსოფიური კითხვაა. ამაზე ბევრი მიფიქრია, მაგრამ ბოლომდე ვერ გამიცნობიერებია, რისი უფრო მეშინია - სიკვდილის, მარტოობის თუ ახლობლის დაკარგვის.
- ბევრი ფული რომ მოიგოთ, პირველ რიგში, რას გააკეთებდით?
ხათუნა ოჩიაური:
- გამიჭირდება ამის თქმა, იმიტომ, რომ მეოცნებე არ ვარ.
გიორგი გუგავა:
- არ ვიცი, ამაზე არასდროს მიფიქრია.
- მოწყალება თუ მოგიღიათ?
ხათუნა ოჩიაური:
- კი, მომიღია.
გიორგი გუგავა:
- კი, როგორ არა.
- თქვენს სუსტ მხარედ რას მიიჩნევთ?
ხათუნა ოჩიაური:
- საბჭოთა განათლებას. ჩემი ახალგაზრდობის დროს ევროპული განათლების მიღების საშუალება არ იყო. ძალიან მიხარია, რომ დღეს ბავშვებს ამის საშუალება აქვთ.
გიორგი გუგავა:
- კარგად ვიცი, ჩემი სუსტი მხარე რაც არის, მაგრამ ამის საჯაროდ აფიშირებისგან თავს შევიკავებ.
- უნდა გთხოვოთ, რომ თქვენი ოპონენტი შეაფასოთ.
ხათუნა ოჩიაური:
- "ლეიბორისტი" გუგავა? სამწუხაროდ, მას არ ვიცნობ. არჩევნებში წარმატებას ვუსურვებ, თუმცა აღვნიშნავ, რომ მისი პარტიის პოლიტიკურ კურსსა და გამოხატვის ფორმებს არ ვიზიარებ.
გიორგი გუგავა:
- ძალიან კარგადაც მიცნობს - საკრებულოში ერთად ვმუშაობდით. მისი შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ქალბატონია. თუმცა მისი გუნდის წევრებს, თავის "შეფიანად", კარგად შევამკობდი.
ხათუნა ბახტურიძე
(გამოდის ხუთშაბათობით)