ლაფანყურსა და პანკისში დაწყებული პროვოკაცია ბევრად სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე საზოგადოება ამას აცნობიერებს. არადა, ხელისუფლებამ ეს პროცესი წინასაარჩევნო ბატალიებამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური განაცხადიდან ზუსტად 5 დღეში, 2011 წლის 11 ოქტომბერს, კახეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი, გენერალი თამაზ თამაზაშვილი დააკავეს. ექსპერტთა და პოლიტიკოსთა ნაწილი მაშინ ვერ ხსნიდა, ვის გაახსენდა "საკუთარი განცხადების საფუძველზე" პოსტიდან გადამდგარი გენერალი თამაზაშვილი, რომელსაც ვარდების ხელისუფლებასთან მანამდეც ჰქონდა გარკვეული პრობლემები, მაგრამ, იმ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, "პოლიტიკური ხარკი" (ფინანსური გადაიხადა თუ არა, ვერავინ ადასტურებს,- მ.ფ.) გადაიხადა და თითქოს ყველაფერი მოაგვარა.
დღეს თუ კარგად გავიაზრებთ კახეთში მიმდინარე მოვლენებს, უეჭველად გაგიჩნდებათ კითხვა - ხომ არ უკავშირდება თამაზ თამაზაშვილის დაკავება და მის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარი იმ "სპეცოპერაციას", რომელსაც ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს - საზოგადოების ფსიქოლოგიური ტერორი, პატარა პროვოკაციის შემთხვევაში, მცირე ან ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში რომ გადაიზრდება, გააჩნია, როგორ დასჭირდებათ...ამ ყველაფერს კი, რასაკვირველია, ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციას დააბრალებს, რომელიც კრიმინალებთან კავშირშია და გარე ძალებისგან იმართება.
რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ისეთი კაცის მოძებნა, რომელიც "ძველ დროსაც" გაგვახსენებდა (თუმცა, ალბათ, გაახსენა მხოლოდ იმ ნაწილს, ვინც მეტ-ნაკლებად ჩახედულია პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თორემ უმეტესობამ ტელევიზიებში დატრიალებული კლიპების შემდეგ იკითხა, ვინ არის ეს თამაზაშვილიო - მ.ფ.), მაშინდელ კრიმინოგენულ ვითარებასაც და ბიძინა ივანიშვილსაც დაუკავშირდებოდა იდუმალი ჯაჭვით. ასეთი კაცი თამაზ თამაზაშვილი აღმოჩნდა - პოლიციის გენერალი, თანაც კახეთის სამხარეოს ყოფილი უფროსი, რომელსაც ყველა ორდენი მიღებული აქვს, რაც კი შშ-ს კანონიერ ქურდებთან და ნარკორეალიზატორებთან ბრძოლისთვის გაუცია და თანაც, ივანიშვილის ფონდის მაშინდელი პრეზიდენტის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი.
საინტერესოა ერთი ფაქტი- იმავე დღეს ირაკლი ღარიბაშვილს შესთავაზეს, დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა და მისი სიმამრი თავისუფალი იქნებოდა. თუმცა თავად თამაზაშვილმაც და ივანიშვილმაც შესანიშნავად იცოდნენ, რომ ამ პროვოკაციას აუცილებლად ექნებოდა ლოგიკური გაგრძელება და კატეგორიული უარი შეუთვალეს. კი მაგრამ თამაზაშვილი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის I და I I ნაწილით გასამართლდა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 3 წლითა და 6 თვით ციხეში გამოამწყვდიეს, ღარიბაშვილის ივანიშვილის გუნდიდან წამოსვლისა და თანამდებობის დატოვების შემდეგ ფრთიან ანგელოზად გადაიქცეოდა და "ბეტეერის" შეძენა-შენახვა-ტარების უფლებასაც მიიღებდა?
ალბათ, ხელისუფლების მიერ 2011 წლის ოქტომბრიდან დღემდე მოწყობილ ყველა კამპანიასა და ქმედებას თუ გადავხედავთ, თამაზაშვილის დაკავება ყველაზე გასაოცარი არ იქნებოდა, რომ არა სახელისუფლებო კულუარებში გავრცელებული დეტალები.
რას ემსახურება დატრიალებული რგოლი, სადაც, ფაქტობრივად, დარღვეულია ადამიანის ყველა უფლება, უდანაშაულობის პრეზუმცია და თამაზ თამაზაშვილი "ქვეყნის დამაქცევრად" არის გამოცხადებული ოთარ ხუფენიასთან ერთად. ამ ბატონებს შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა, არ ვაყენებ და მიმაჩნია, თავის პოსტზე ყველა ადამიანი შეუცვლელია, ვინც საქმეს აკეთებს, მაგრამ თავად ნაციონალურმა მოძრაობამ, ამ კლიპის დამკვეთმაც და შემსრულებელმაც, შესანიშნავად იცის, რომ თამაზაშვილიცა და ხუფენიაც მაშინ არსებული კორუფციული სისტემის მსხვერპლნი იყვნენ ისევე, როგორც უამრავი ჩინოვნიკი და მათ არავინ არაფერს ეკითხებოდა ისევე, როგორც დღეს ხელისუფლებაში მყოფ უამრავ ჩინოვნიკს. თუ ასე არ არის და ერთი თამაზაშვილისა და ხუფენიას არსებობა წყვეტდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების ბედს, მაშინ რას ებრძოდა ვარდების ხელისუფლება, რა სისტემა დაანგრია და მოსპო, რით ამაყობს აგერ უკვე 8 წელია?
არადა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელსაც გიგა ნასარიძის ხელით გაკეთებული ამ პრიმიტიული პიარხერხის სჯერა, ვერც კი აცნობიერებს, რომ საქართველოს დღესაც იმ ხელისუფლების ნაწილი მართავს, თავად რომ იყო კორუფციული სისტემის შემქმნელი და ნაწილი, მოგვიანებით კი დარჩენილი დანაშაულის გამო, პასუხისმგებლობა ვარდების რევოლუციის გზით თავიდან აიცილა და ხელისუფლება ისე მიითვისა, თითქოს თავად არ იყვნენ უმაღლეს სახელისუფლებო ეშელონებში და თავად არ წყვეტდნენ, რა პოლიტიკა უნდა გაეტარებინათ თამაზაშვილებსა და ხუფენიებს.
გადახედეთ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიას, ცოტა გონება დაძაბეთ და გაიხსენეთ - 1995 წლიდან დღემდე ყველა დაპირება, მილიონი სამუშაო ადგილით დაწყებული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით დამთავრებული და იქნებ შეაფასოთ, როდის იყო გულწრფელი მიხეილ სააკაშვილი - როცა პარლამენტის ტრიბუნიდან, ჯერ კიდევ საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ლიდერი, საკუთარი ოპოზიციონერი თანაპარტიელის პეტრე ცისკარიშვილის პანკისური ტყვეობიდან დახსნისთვის "ყველაზე ღირსეულ" პოლიციელსა და ტერორისტებთან მებრძოლ თამაზ თამაზაშვილს მადლობას უხდიდა თუ დღეს, როცა უკვე ორი ვადით არჩეული საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს: "ის დრო აღარ არის, დღეს ციხეში მჯდომი კრიმინალი თამაზ თამაზაშვილი რომ მართავდა კახეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს... თამაზაშვილის დროს მიდიოდა ტვეებით ვაჭრობა, ნარკოტიკების გადატანა, ბიზნესმენების გატაცება. პეტრე ცისკარიშვილი კუს ტბიდან გაიტაცეს. მახსოვს, ჩამოვედით ერთხელ და თამაზაშვილები და დანარჩენები თვალს გვიკრავდნენ, რომ ახლა ჩვენ ბიჭებს ველაპარაკები და ა.შ. ერთად აკეთებდნენ ბიზნესს, მათ შორის, ადამიანების აქეთ-იქით ტარების ბიზნესს. ეს ის საქართველო არაა და ვინ რამდენი უნდა იხტუნაოს, ის წარსული არ დაბრუნდება".
აი, ამ "კრიმინალი" თამაზაშვილის ხსენებაზე კი ისევე, როგორც ვიდეორგოლების ნახვის შემდეგ, პრეზიდენტსაც სწორედ პეტრე ცისკარიშვილი ახსენდება, პატიოსანი პეტო (როგორც პარტიაში უწოდებენ), რომელიც ბოროტმა ყაჩაღებმა გაიტაცეს კუს ტბაზე მოსეირნე საცოლესთან ერთად და კიდევ უფრო ბოროტმა მილიციელმა თამაზაშვილმა "დაიხსნა". სხვათა შორის სახელისუფლო კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, თამაზ თამაზაშვილის ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის გუნდში სწორედ ნაცმოძრაობის ერთ-ერთ ლიდერსა და პანკისოლოგს, ნაციონალების პარტიული სიის მეორე ნომერს, პეტრე ცისკარიშვილს გაახსენდა. როგორც ამბობენ, სწორედ მისი "რეკომენდაციით" გასცა ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გენერალ თამაზაშვილის სამაგალითო დასჯისა და დაისაჯა კიდეც. მართალია, ნაცმოძრაობის ნაწილი პირად საუბარში აცხადებს, რომ "თამაზაშვილთან პეტო არაფერ შუაშია და ეს სააკაშვილის შურისძიებააო", მაგრამ თუ ასეა, ლოგიკური კითხვა ჩნდება, მიხეილ სააკაშვილი - ბოღმიანი კაცი, რას ელოდებოდა 8 წლის მანძილზე, ასეთი კრიმინალი, ადამიანის გამტაცებელი ტერორისტი, ხელშეუხებელი დადიოდა, მშვიდად ცხოვრობდა და ეს ყველაფერი დღეს გაახსენდა, რა მოხდა ისეთი დღეს, ვის სპეცგეგმაში აღმოჩნდა გენერალი საჭირო და აუცილებელი?
ალბათ, საზოგადოებამ არც კი იცის, რომ პეტრე ცისკარიშვილი პოლიტიკაში "ქართუ ჯგუფიდან" მოვიდა, სადღაც 1998-99 წლებში (ისნის ფეხსაცმელების ფაბრიკაში) მუშაობდა. მაშინ პრეზიდენტი ლაშა ძიძავა გახლდათ, რომელმაც თავისივე რეკომენდაციით მიყვანილი ცისკარიშვილი სამსახურიდან გააგდო. თუმცა, ოფიციალური ვერსიით, თავად წავიდა დაკავებული თანამდებობიდან პოლიტიკური კარიერის გამო. ასეა თუ ისე, დღეს რატომღაც დიდი პოლიტიკოსის, პეტრე ცისკარიშვილის ბიოგრაფიაში "ქართუ ჯგუფში" მუშაობის წლები არ იძებნება.
როგორც ჩანს, მას ასევე სურდა წაეშალა მეხსიერებიდან პანკისური გატაცების დეტალები და ის ეჭვები, რომელიც საზოგადოებას დღეს რატომღაც მიავიწყდა და სულ რაღაც ორიოდე წლის წინ საქართველოს შს ყოფილმა მინისტრმა კახა თარგამაძემ გაზეთ "ქრონიკასთან " ინტერვიუში დაადასტურა.
"ჟურნალისტი:ბატონო კახა, პეტრე ცისკარიშვილი იყო თუ არა ნარკოტიკების მომხმარებელი და ნარკორეალიზატორი და პანკისის ხეობაში მისი გატაცება დაკავშირებული იყო თუ არა ფულთან, რომელიც მას ნარკოტიკების გამსაღებლებისთვის უნდა მიეტანა, მაგრამ არ მიუტანა?
- იცით, რა? მე გეტყვით ერთ რამეს, (ხანგრძლივი დუმილი) გეტყვით, რაც მოხდა და გეტყვით პირდაპირ,- იმათი თქმით, დიახ, სწორედ ასე იყო!...
- იმათში ვის გულისხმობთ?
- პანკისის ხეობელებს. პანკისის ხეობაში მცხოვრები ის ხალხი, სწორედ ამას ამბობდა ცისკარიშვილზე.
- ისინი იტყოდნენ ამას, თორემ, აბა ესენი ხომ არ იტყოდნენ, ნარკოტიკებით ვვაჭრობთო?
- კი, პანკისელები ასე ლაპარაკობდნენ. მეტსაც გეტყვით - როდესაც პეტრე ცისკარიშვილი გაიტაცეს, გაიხსენეთ კარგად, მაშინ მიშა იყო იუსტიციის მინისტრი. მიშა მოვარდა ჩემთან და მეუბნება - სპეცრაზმი უნდა შევიყვანო პანკისის რაიონში და ეგენი უნდა გავასწორო მიწასთანო!...მე ვუთხარი, - ბიჭო, არ წახვიდე, თორემ, ვერც ერთი ცოცხალი ვერ გამოხვალთ იქიდან-მეთქი!...ჟვანია ყოველ წუთში მირეკავდა და მეუბნებოდა, მიშველე რამე, ცისკარიშვილი გამოაშვებინეო!...მინდა გითხრათ, რომ თავიდანვე ცუდი ინფორმაცია შემოვიდა ცისკარიშვილზე.
- რა ინფორმაცია გამოვიდა?
- ჩვენი აგენტურის საშუალებით, მივიღეთ ზუსტად ის ინფორმაცია, რასაც თქვენ მეკითხებით, რომ ეს პიროვნება დაკავშირებული იყო ნარკოტიკების გასაღებასთან. გვითხრეს, რომ ამას იქიდან წამოღებული აქვს რაღაცა, მერე არ გადაიხადა ფული და ამის გულისთვის გაიტაცეს, შეიძლება, "გაასაღონ" და ა.შ. მერე, როგორც იცით, ცისკარიშვილი გმირი გახადეს - ვიპოვე კაცი და ვეფხვია მარგოშვილთან შევაგზავნე ისეთი კაცი, რომელიც მისი ძუძუმტე იყო, შევიდა ეს თანამშრომელი პანკისის ხეობაში და დამალაპარაკა მარგოშვილი, თავიდან კონტაქტი არ შედგა ჩვენ შორის, მარგოშვილი შეშინდა, არ დაგვბომბონო, დაიწყო რაღაც სისულელეები, აბდა-უბდა, ბოლო-ბოლო, დაველაპარაკე, ვუთხარი, გამოუშვი ცისკარიშვილი და მაგის გოგო, თორემ, დედას გიტირებთ, "სპეცნაზით" შემოვალ და გადაგივლით-მეთქი.
- არა, ძმაო, მაგას ფული აქვს გადასახდელი, საქონელი წაიღო და სანამ ფულს არ გადაიხდის, არ გამოვუშვებთო!... - მიპასუხა მარგოშვილმა და რაღაც ასტრონომიული ციფრი დამისახელა.
- მაინც, რა თანხა დაგისახელათ, რომელიც ცისკარიშვილს უნდა გადაეხადა?
- ძალიან დიდ თანხაზე იყო ლაპარაკი. მერე იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ცისკარიშვილს გამოვუშვებთ და ამ გოგოს დავიტოვებთო... აღარ მინდა ამდენ სიბინძურეებზე ლაპარაკი, რა?.. ერთი სიტყვით, ამის შემდეგ მე საქმეს ჩამოვშორდი და ცისკარიშვილის გამოყვანა მოახერხა უშიშროებამ. მე და ჟვანია ერთად ვიყავით კაბინეტში, როცა ცისკარიშვილი და ის გოგო ამოიყვანეს უკვე გათავისუფლებულები. მეორე დღეს ცისკარიშვილი გამოვიდა "რუსთავი 2"-ში მლანძღა და წყალს გამატანა...(გაზეთი "ქრონიკა").
აი, სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული - თამაზ თამაზაშვილის მიმართ ბოღმა და აგრესია, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილისადმი შურისძიებასაც აერთიანებს, ზუსტად იგივე მიზეზით არის განპირობებული, რაც კახა თარგამაძის მიმართ - თარგამაძემაც და მისმა ქვეშევრდომმა თამაზაშვილმაც შესანიშნავად იციან, რა მოხდა პანკისში, შესაძლებელია, ამის მტკიცებულებებიც გააჩნიათ, არსებობს ალბათ დაფარული ნაწილი ამ ისტორიისა, რომლის საჯარო გამჟღავნებასაც ორივე გენერალს სპეცსამსახურის მუშაობის სპეციფიკა უკრძალავს, თუმცა პოლიტიკური ბრძოლა, რომლის უკან მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დგას, ნაცმოძრაობის ელიტას სიმშვიდის უფლებას არ აძლევს. საინტერესოა, მაშინ იუსტიციის მინისტრ სააკაშვილს ისევე რომ შეეყვანა ჯარი პანკისში, როგორც დღეს ლაფანყურში შეიყვანა, მაშინ იმ ოპერაციას რა ერქმეოდა?
მაია ფურცელაძე
მთ.რედაქტორი
გაზეთი "ვერსია"