რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოკლიპი "დასვიდანია მიშა!"კლიპის სახელწოდებიდან გამომდინარე, ალბათ საჭირო არ არის იმის ახსნა, თუ ვის ეძღვნება ის და რა დატვირთვას ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ რგოლს ზოგი "გოიმობას"უწოდებს და ზოგიც ამბობს, რომ რეალური სურათი სწორედ ასეთია, ფაქტია, რომ "დასვიდანია მიშას!"გარშემო ინტერესი გაჩნდა და არ ცხრება.
სოციალურ ქსელს ვიდეო პირველივე წუთებში ვირუსივით მოედო და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს კლიპი აზერბაიჯანულ ქორწილში გადაღებული შაირის, ინტერნეტჰიტის ქართული ანალოგია და მისი ავტორი შალვა რამიშვილია. პოლიტიკური ვიდეორგოლის მონაწილეებს შორის მსახიობი შალვა ბახტაძე ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც ხალხის დიდმა ნაწილმა ამოიცნო. ის დაარსების დღიდან ახმეტელის თეატრის მსახიობია და თეატრში რამდენიმე ათეული როლი აქვს შესრულებული. მათ შორისაა ბოლო ხანს დადგმული სპექტაკლები: "მოთმინება და იმედი", "ჭურში", "პანთეონი"... მსახიობმა თქვა, რომ ხასიათით აგრესიული კაცი არ არის, მაგრამ მწყობრიდან უნიჭობასა და ღალატს გამოჰყავს. სიგარეტისთვის თავი დანებებული ჰქონდა, მაგრამ ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო მოწევა ისევ დაიწყო. ინტერვიუს მსვლელობისას ისიც თქვა, რომ დიდი ხანია ლექსებს წერს. მას თან ჰქონდა ლექსების ჩანაწერები, საიდანაც ჩვენთვის, ერთ-ერთი ბოლო პერიოდის ლექსის "ავუტანივარ წერას"წაკითხვა მოისურვა და თუ რატომ კონკრეტულად ეს ფრაზები, დაკვირვებული მკითხველი თავად მიხვდება...
"აქ არის ჩემი ლექსების ნუსხა,
ზოგს კარგი ეთქმის, ზოგს ცუდი...
ზოგიც ათრია წუთმა!
მაგრამ არ მინდა ამ წამში,
რომ გაიმარჯვოს ცუდმა!
მერე იტყვიან... ეს კაცი,
ალბათ მთავრობას უდგა.
დაიმსახურა ალალად,
თუ წაუჭირა ხუთმა.
ჰოდა მიგლოვეთ სუყველამ,
ორმოცი დღე რომ გავა.
თუ ავიჭერი ზეცაში,
თუკი წამიღო წამმა!
ორმოცდაერთი დღის მერე,
მოგეფერებით ყველას,
ახია ჩემზე, ახია,
ავუტანივარ წერას!"
- ბავშვობა სვანეთის უბანში გავატარე. მამა რკინიგზელი იყო, რომელსაც ღმერთმა მებაღეობის ნიჭი დააბერტყა. დიდი ეზო გვქონდა, სადაც უამრავი ხეხილი ხარობდა. სტუმრიანი ოჯახი გვქონდა და ისე საჭმელს არავინ ჭამდა, თუ სტუმარს არ მოიწვევდნენ. წარმოშობით ჯიხაიშიდან ვარ. იქ ოდა-სახლი მაქვს. ახლა რომ ჩავედი და ვნახე, გაუძლია ზამთრისთვის. ჩემი მეზობელი ზაზა გოგავაა. მამამისი ჩემს კარ-მიდამოს პატრონობს, შალვა მაინც არ უვლის და მე დამრჩებაო. საუბარი იყო სახლის გაყიდვაზეც, მაგრამ არ მინდა. ფული ქაღალდია. ფული არ არის სიმდიდრე, სიმდიდრეა მიწა, წყალი, ურთიერთობა. "მამული, ენა, სარწმუნოება"- როგორც ეს ილიამ თავის დროზე თქვა...
დავაკვირდეთ, ახლა რა დღეში ვართ. ცხრა მთას იქით თუ ვერა, ერთი მთის იქით მაინც გადავიხედოთ. ბაბუაჩემი მეტყოდა ხოლმე, შვილო, სარს რომ დაასობ, საშვილიშვილოდ უნდა იყოსო. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, რას მეუბნებოდა. თურმე მომავალზე ფიქრი აუცილებელია. ამ "ბწკენა, ბწკენაში", შემოვიდნენ და დამკვიდრდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თურქები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. მათი მომსახურება კაპიკებში გვიწევს და ეს არ მინდა. რა ვქნა, თუ ჩემი, ავადმყოფი ქართველი მირჩევნია ჯანმრთელ თურქს. თუ გინდათ ეს ნათქვამი ქსენოფობიად ჩამითვალეთ. თანამდებობებზე და მინისტრებად არაპროფესიონალები ინიშნებიან. პროფესიონალიზმს ფასი დაეკარგა, მთავარია ვიღაცის კაცი იყო. ვფიქრობ, ეს მიზანმიმართულად ხდება, დაჯარიმება, დაშინება, ჩაშვების ინსტიტუტი და ბოლოს დაჩმორება. ეს ყველაფერი ნელ-ნელა და ეტაპობრივად მოდის. მე არც ზვიადისტი ვყოფილვარ, არც შევარდნაძისტი, არც მიშისტი და არც ბიძინისტი, საერთოდ ამ "ისტობამ"და ადამიანების გაფეტიშებამ დაგვღუპა, უბრალოდ, ეს ყველაფერი, რასაც ვამბობ, ჩემი მოსაზრებაა. ზემელზე რუსთაველის ძეგლთან ვცხოვრობ და ძეგლზე ბავშვებს ინგლისურად რაღაც წაუჩხაპნიათ.
ეს მათი ბრალი არ არის, ვერ ტვინავენ, არ იციან, რუსთაველი რამხელა სიწმინდეა ჩვენი ერისთვის. ეს უვიცი თაობა ისევ ამ მთავრობას და ჩვენს ქვეყანას შემოუტრიალდება. კი ბატონო, გაერთე, ფილარმონია, კონცერტი, ოპერა-ბალეტი, ცირკი, კლუბი კარგია, მაგრამ თეატრშიც იარე. სპექტაკლმა შეიძლება ჩაგაფიქროს, აგაღელვოს, შეგძრას, ეს კი არ უნდათ. ახმეტელის თეატრის პარალელურად საბავშვო თეატრში ვმუშაობდი, საიდანაც მცირე ხნის წინ 40-მდე თანამშრომელი გამოგვიშვეს. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი ამ თეატრს აფინანსებდა. ლადო მექვაბიშვილსა და რეზო თავართქილაძეს რომ გაუშვებ თეატრიდან, საერთოდ რაზეა ლაპარაკი?! პრობლემა შემექმნა ახმეტელის თეატრშიც, სადაც დაარსების დღიდან ვარ. 1981 წლის 11 ნოემბერს "ოპტიმისტური ტრაგედიით"გავიხსენით, ხოლო მეორე დღეს ვაჟა-ფშაველა ვითამაშეთ. საერთოდ, ვაჟა-ფშაველა ძალიან მიყვარს.
- და რა პრობლემები გაქვთ ახმეტელის თეატრში?
- "პახმელიის მუღამში"ვიყავი და სპექტაკლი ისე ვითამაშე. ამის გამო საყვედური გამომიცხადეს. შემდგომ საყვედურს "ზემოდან"სხვა მითითებებიც მოაყოლეს და ახლა, როგორც ვიცი, ჩემს გათავისუფლებაზეა საქმე.
- ანუ, ამ თეატრის მსახიობი აღარ ხართ? ამის შესახებ განცხადება დაიწერა?
- ზუსტად არ ვიცი, ალბათ ამ დღეებში გაირკვევა. განცხადება არ ყოფილა, მაგრამ სიტყვიერად მითხრეს. გულსატკენი ისაა, რომ როცა დამწყები მსახიობი ვიყავი, ხელფასი 100 მანეთი მქონდა, დავბერდი კაცი და ახლაც ამდენივე მაქვს. საერთოდ, მსახიობობა და ხელოვნება იმდენად მძიმე ჯვარია, რომ ამ საქმეს მთლიანად ეწირები. მსახიობი 24 საათის განმავლობაში მუშაობს. სანამ სცენაზე გავალ, ერთ სიკვდილს ვათავებ. ეს ყველაფერი ისე ადვილი არ არის, როგორც ბევრს ჰგონია. დათო ტოროშელიძემ "სტუმარ-მასპინძელი"რომ დადგა, მე მუსას ვთამაშობდი. დარბაზში V-VII კლასის ბავშვები ისხდნენ. შემოვიდოდნენ სტვენით, ხმაურობდნენ, თავი ფეხბურთის სტადიონზე ეგონათ, მაგრამ როცა სპექტაკლი ფინალისკენ მიდიოდა, ვგრძნობდი, რომ დარბაზში სულ სხვა ბავშვები ისხდნენ. ასეა საჭირო, ასე იზრდება საზოგადოება...
- "პახმელიის მუღამი"თქვით, ანუ სპექტაკლი ნაბახუსევზე ითამაშეთ და ეს შესრულების ხარისხზე აისახა?
- არა, სპექტაკლი არ ჩამიგდია. ხანდახან ადამიანს განტვირთვა გინდა. ახლა არ ვსვამ, ადრე ვსვამდი - უშუქობის პერიოდში, ლოგინში ტანსაცმლიანად რომ გვეძინა. მტერს არ ვუსურვებ ალკოჰოლიზმს, ეს საშინელი დაავადებაა. მე ეს დავძლიე. სასმელი რომ არ მომნატრებოდა, პლეხანოვის ლოთებში ჩავჯექი, სადაც ცალ მხარეს ტონა ღვინო იდგა და მეორე მხარეს ტონა არაყი. ვიჯექი და ვუყურებდი. "ლომკა"მქონდა, მაგრამ ჭიქას არ გავეკარე ერთი, ორი, სამი დღე და გადავლახე. მას შემდეგ ორწელიწად-ნახევარი არ დამილევია, მიუხედავად იმისა, რომ სულ სუფრებზე მიწევდა ყოფნა.
- ბატონო შალვა, იმ ვიდეორგოლის გადაღებებზეც ვისაუბროთ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა. ვინ შემოგთავაზათ თანამშრომლობა?
- ვიდეოს გადაღებას ერთი დღე დასჭირდა. თავდაპირველად მისი გადაღება პატარძეულში იგეგმებოდა. შალვა რამიშვილის იდეა იყო, რომ დამირეკეს და ეს ამბავი მითხრეს, დავთანხმდი.
- პირადად მე, ვიდეოში მონაწილეთაგან, მხოლოდ თქვენ გიცანით. დანარჩენებიც მსახიობები არიან?
- კლიპში ნიკა კვანტალიანი და პალიკო ნოზაძის ბიჭი - ვახო მონაწილეობენ. ისინი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები არიან. დანარჩენები, ვინც ჩვენ უკან დგანან, არ არიან მსახიობები. პატარძეულში რომ ჩავედით, გადასაღებ ობიექტზე სეფა იყო გაკეთებული და მაგიდები იდგა. მოსამზადებელ პერიოდში სუფრა გაეწყო, მოხდა "მასოვკის"მობილიზება და გადაღება რომ უნდა დაგვეწყო, ობიექტის მეპატრონე, 80 წელს გადაცილებული კაცი, გამგეობაში დაიბარეს და "გაატყავეს", კაცს კინაღამ წნევამ აუწია.
- ანუ უსაყვედურეს, რატომ დართო ნება მის ობიექტზე ეს ვიდეო გადაეღოთ?
- დიახ, შეავიწროვეს. დარბოდნენ აქეთ-იქით მუცელმტკივანი ძაღლებივით. გოგონებს ცოტა კი შეეშინდათ. აბა, რა იქნებოდა, მხოლოდ სულელს არ ეშინია, მაგრამ შიშის დაძლევაა საჭირო. შიშს რომ მოერევი, მაშინ ხარ ვაჟკაცი. ასე იყო 1937 წელს, როცა ადამიანებს ხვრეტდნენ. ახლაც 1937 წელია, მაგრამ არავის ხვრეტენ, შეგაგდებენ ციხეში და ერთ-ორ თვეში "გატოვი"ხარ. ამ ზეწოლის მერე მოვშალეთ სეფა და წავედით საგარეჯოში, სადაც ერთმა კაცმა თავის ოჯახში მიგვიპატიჟა და გადაღება თავისი სახლის სარდაფში შემოგვთავაზა. სწორედ იქაა გადაღებული ეს კლიპი. ღადაობაა რა.
- იმ სახლის მფლობელისთვის აღარაფერი უთქვამთ?
- არა, არაფერი.
- ამ ვიდეოს პირველი ვერსია გინახავთ?
- აზერბაიჯანელები რომ უბერავენ?! კი, და ეტყობა შალვას იდეა სწორედ აქედან გაუჩნდა. ღადაობაა, ქორწილებში ბევრი მღერის ასეთ სიმღერებს.
- წინასწარ იცოდით, რა ტექსტი უნდა გემღერათ?
- არა, ტექსტი ახლაც არ მახსოვს ზეპირად, მაგრამ რაღაც ასეთია: "ბაყაყებს აუშენებ ლაზიკას", "შენზე თქვესო, არ დათმობსო მაგი სკამს, მაგ სკამითვე ხალხი გაღმა გაგიტანს. წადი, წადი, დავაი დასვიდანია, გადაშენდი, დავაი დასვიდანია".
- ეთანხმებით ამ ვიდეოში ჩადებულ აზრსა და სიტყვებს?
- ღადაობაა, ხუმრობა, შარჟი. მე ვღადაობ ხოლმე ქორწილების სიმღერის ტექსტებით, ესეც ასეთია. ერთმა თათარმა ჯარში თათრული სიმღერა მასწავლა. რომ ვმღეროდი, ბიჭებს არ სჯეროდთ, თუ სიტყვებს სწორად წარმოვთქვამდი და მე არ ვიგონებდი. მერე ბიჭებთან ერთად აზერბაიჯანში ჩავედი და ის სიმღერა ვიმღერე. "გუზლარაა... (მღერის, - ავტ). გია ჯაფარიძემ ერთ-ერთ იქაურს ჰკითხა, სწორად ვმღეროდი თუ არა. "ტი შტო?! კანეჩნა"- როცა უპასუხეს, როგორც იქნა დამიჯერეს.
- თქვენი აზრით, როცა ადრესატი, ანუ საქართველოს პრეზიდენტი ნახავს ამ ვიდეოს, რა რეაქცია ექნება?
- მე თუ მკითხავთ, უნდა გაიცინოს და თუ აკივლდა, მაშინ ვერაა მისი საქმე კარგად.
- წინასწარ იცოდით იდეა? ან ვინმეს თუ ჰკითხეთ აზრი, მიგეღოთ თუ არა ამ რგოლში მონაწილეობა?
- იდეა ვიცოდი, რაც შეეხება აზრს, არავისთვის მიკითხავს. არც მეზობლებისთვის, რა საჭიროა ბრახა-ბრუხი. იდეა კი ვიცოდი, მაგრამ არ ვიცოდი ის დეტალი, თუ სუფრასთან იდგმებოდა ტელევიზორი და იქ გაჩნდებოდა კადრები, სადაც პრეზიდენტია. ამ შემთხვევაში გაჩნდა "ობიექტი", აბა, კედელს ხომ არ ეტყვი, წადი, წადიო.
- ეს იმიტომ გკითხეთ, რომ ბოლო დროს მას, ვინც პრეზიდენტის ან ხელისუფლების საწინააღმდეგოდ თავის აზრს გამოთქვამს, სხვადასხვა პრობლემა ექმნება...
- ჰო, ასეა. ჩემი ცოლი არ მუშაობს, თორემ სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ. გია ჯაფარიძის მეუღლე მზია სამსახურიდან გაუშვეს. როგორც იცით, გია "ქართული ოცნების"ონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.
- და თქვენ არ გიფიქრიათ, რომ შეიძლება თეატრში პრობლემები შეგექმნათ?
- მოდით ასე ვთქვათ, მე ხელფასს დავკარგავ თუ არა, ეს არ მაინტერესებს. ხელფასს კი არა, ქვეყანას ვკარგავთ და!.. ერთხელ იაღლიში მოხდა, გაუვიდათ, მეორედ, მესამედ, ორმოცდამეათედ და ახლაც ჰგონიათ, რომ გაუვათ, მაგრამ ქართული გენი გაიღვიძებს. მიძინებული ვულკანივით ამოფეთქავს. ხალხი დამუხტულია. ქართველი გენის დაჩმორება მარტივი არ არის.
- უყურეთ ვიდეორგოლს? რა რეაქცია გამოიწვია "დასვიდანია მიშამ!"თქვენს საახლობლოში?
- კი, ვნახე. მეორე დღეს ქუჩაში რომ გამოვედი, ხალხი რომ მხვდებოდა, ამ კლიპზე მესაუბრებოდა. ახლახან საგარეჯოში ვიყავი და ხალხი მეფერებოდა, გავგიჟდი, ისე მესიამოვნა. საერთოდ, ესაა მთავარი. მე ყოველგვარი ტიტულის წინააღმდეგი ვარ, არც ჩინ-მედლები მინდა და არც ტროტუარზე გახსნილი ვარსკვლავი, ვარკვლავი მე ცაზე ვიცი.
- როგორია თქვენი ხედვა ოქტომბრის არჩევნებსა და მის გარშემო მიმდინარე პროცესებზე?
- ვიცი და ვგრძნობ, რომ "ქართული ოცნება"უამრავ ხმას მოიპოვებს. მთავრობა დაქირავებულ ხალხში დადის და არ იცის მოსახლეობაში რეალურად რა ვითარებაა. მთავრობა ტელევიზორში რომ გამოჩნდება, ხალხს გული ერევა. ხუთლარიანი შემჯავრდაო, - ამას წინათ ერთმა მითხრა. შეჯავრდა, რადგან მეტი არ აქვს.
- ზოგს გული ერევა და ზოგსაც არა, "ნაციონალურ მოძრაობას"ბევრი მხარდამჭერი ჰყავს...
- როგორც კომუნისტური პარტიის დროს, ახლაც არიან პარტიაში შემძვრალი ხალხი. ჩვენ ერთი მუჭა ხალხი ვართ და ორასი პარტია არ გვჭირდება. კომუნისტური პარტიის თამადობით, მსოფლიოში ყველა პარტიის დედაც!!! რაში გვჭირდება ორასი პარტია, ესეც მიზანმიმართულადაა, რომ ერთმანეთი დავჭამოთ. XXI საუკუნეში ადამიანი მთელ მსოფლიოში ვერ მოეშვა ომს, სისხლისღვრას. იმის მაგივრად, რომ დედამიწას მოვეფეროთ, ერთმანეთს ვჭამთ. დედამიწა ცოცხალი არსებაა, შეწუხდა, ერთ მშვენიერ დღეს გაიზმორება და კარგად იყავი!.. ვერა და ვერ დავადექით უფლის გზას.
- სამოქალაქო დაპირისპირებაზეც საუბრობენ...
- მე რევოლუციის კი არა, აჯანყების სუნი მცემს. ხალხი ქუჩაში ჯამ-ჭურჭლით გამოვა. მახსოვს, 9 აპრილს მილიცია როგორ იდგა ხალხის გვერდით. ვიცი, რომ ახლა დიდი ზეწოლაა პოლიციაზე. დაიბარებენ პატრულის ბიჭებს და ემუქრებიან, გაგანადგურებთ, თუ ბრძანებას არ შეასრულებთო. არ შეიძლება სამსახურის დაკარგვის შიშით ეშმაკს შეეკრა. მგონი გამოიხედავენ თვალებში, პოლიცია უნდა იყოს ხალხის, ჯარი - ქვეყნის და არა მთავრობის. თვითონ ზუგდიდელები შეჭამენ ბაჩო ახალაიასაც და მის ჯიშსაც. სად უნდა გაიქცე, ხომ გინდა ხალხში გამოსვლა, სუფრაზე დაჯდომა... ყოველთვის ასე ხომ არ იქნება?!.
ანა კალანდაძე
(გამოდის ორშაბათობით)