საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულმა ცნობამ, რომ არჩევნების დასრულებისთანავე პური, სავარაუდოდ, 10 თეთრით გაძვირდება, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი შეაშფოთა - ხომ არ მოჰყვება ამას არსებობისათვის აუცილებელი სხვა პროდუქტების გაძვირებაც? - ამ კითხვით ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ლადო პაპავას მივმართეთ:
- დავიწყოთ იმით, რომ სურსათის გაძვირება სულაც არ არის ახალი მოვლენა, ეს პროცესი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს მსოფლიოში. ამ მოვლენას ეკონომისტებმა სახელიც მოუგონეს - აგფლაცია და მის შესახებ ადრე "ყველა სიახლეშიც" მითქვამს. აგფლაციას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს: ჩვენს პლანეტაზე მიმდინარე კლიმატური ცვლილებები, წყალდიდობები, გვალვები, მიწისძვრები და სხვა ანომალიური მოვლენები, რომელთა გამოც ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობა ზარალდება. ამ მიზეზებს დაემატა ისიც, რომ ახალი ტექნოლოგიების წყალობით ზოგიერთი სახეობის კვების პროდუქტს ენერგეტიკული დანიშნულებითაც იყენებენ, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მოთხოვნა ამ პროდუქტებზე, განსაკუთრებით შაქარზე. რაც შეეხება ხორბალს, მის ფასზე აისახება ბუნებრივი კატაკლიზმები და ისიც, რომ მოსახლეობის რიცხვი იზრდება, ანუ, კვების პროდუქტების მომხმარებელთა რიცხვი იზრდება, პროდუქტების მიწოდება კი მცირდება, შესაბამისად, იმატებს ფასები. ეს არის ფასების ზრდის გამომწვევი ძირითადი მიზეზები მსოფლიოში. საქართველოში პურის გაძვირება უფრო ადრეც იყო მოსალოდნელი. ამაზე ბევრი სპეციალისტი ლაპარაკობდა, მაგრამ გაძვირება ოქტომბრის არჩევნებმა "შეაფერხა".
- ბატონო ლადო, მეწარმეები პირად საუბრებში ამბობენ, რომ მათ სურთ პურის ფასი გაზარდონ, მაგრამ "ზემოდან" უშლიან.
- გეთანხმებით. სხვათა შორის, პურის მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ ხორბლისა და ფქვილის ძველი მარაგი და შეუძლიათ, პური არ გააძვირონ, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია: ძველი მარაგიდან ფულს რომ ამოიღებ, ის თანხა გაძვირებული ხორბლის შესაძენად ხომ აღარ გეყოფა? ანუ, თუ მსოფლიო ბაზარზე პურის ფასი იზრდება და შენ კი იაფად გაქვს ნაყიდი, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ მოგიწევს ფასის გაზრდა. უნდა გაზარდო, ეკონომიკა ამას გკარნახობს და სხვა გზა არა გაქვს. სწორედ ამიტომ უნდათ, რომ გააძვირონ, მაგრამ ამას ვერ აკეთებენ იმიტომ, რომ ხელისუფლება ბიზნესს, ტრადიციისამებრ, უმძიმესი წნეხის ქვეშ ამყოფებს. წარმოიდგინეთ, არჩევნების წინ პური რომ გაძვირდეს, ამ ხელისუფლებისათვის რამხელა მინუსი იქნება. სხვათა შორის, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომ დაინიშნა საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის დასაწყისში და არა შუა რიცხვებში, ან თვის ბოლოს. მიზეზი მარტივია: პურის მარაგი ულევი არ არის, ან პურის მწარმოებლები გააძვირებენ თავიანთ პროდუქტს, ან მისი მიწოდება შეფერხდება. შეგახსენებთ, რომ ბიზნესი ვერ იმუშავებს "თხა ვიყიდე - თხა გავყიდეს" პრინციპით, ბიზნესმა მოგება უნდა ნახოს! ამიტომ, ხელისუფლების სურვილია, რაც შეიძლება მალე "გადააგოროს" ეს არჩევნები ისე, რომ ხალხი არ გაანაწყენოს. აუცილებლად უნდა შევეხოთ ქვეყნის შიგა რესურსებსაც, სადაც ოფიციალური სტატისტიკის მიხედვითაც კატასტროფული ვითარებაა: 2011 წელს 2003 წელთან შედარებით თითქმის სამჯერ არის შემცირებული მარცვლეულის ნათესები, ანუ, ის რესურსიც კი, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, სრულად არ არის გამოყენებული. როცა საშუალება გაქვს, რომ თითქმის სამჯერ მეტი მოსავალი მოიწიო და ამას არ აკეთებ, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო ამწვავებ პრობლემას.
- რით შეიძლება აიხსნას ეს?
- ამის მიზეზი არის არაპროფესიონალიზმი არა მარტო სოფლის მეურნეობის დარგში, არამედ საქართველოს ეკონომიკაში. უნდა გაგახსენოთ შემთხვევითი ხალხი, რომელიც ისეთ პარადოქსულ, სასაცილო თემებზე მსჯელობდა, როგორიც არის ბაყაყების ექსპორტი თუ ნიანგების მოშენება. გავიხსენოთ ის ზიანი, რომელიც საქართველოს მიაყენა ჰიბრიდული სიმინდის გაპიარებულმა პროგრამამ, რატომღაც ამ პროგრამას დღეს აღარც კი ახსენებენ. უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი ფაქტორი - სტიქია, რომელიც თავს დაატყდა კახეთს, საქართველოს სხვა რეგიონებს და მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ პროდუქციის მიწოდება შემცირდება, რაც თავისთავად გამოიწვევს ფასების მატებას. თუმცა ხელისუფლება შეეცდება, ეს მსოფლიო ფასების ზრდითა თუ პოლიტიკური სირთულეებით ახსნას და საბოლოოდ ოპოზიციას გადააბრალოს. ნებისმიერ შემთხვევაში პურის გაძვირება გარდაუვალია. ჯერ უნდა ვიგულისხმოთ ათი თეთრი, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს. თუმცა, გაძვირება სულაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში პურის მოხმარება შემცირდება.
- რატომ?
- ახლავე აგიხსნით. ეკონომიკაში ცნობილია ასეთი ფენომენი - "გიფენის პარადოქსი", რომელიც განსაკუთრებით მოქმედებს იმ ქვეყნებში, სადაც სიღარიბის დონე მაღალია. მოსახლეობა ირჩევს კვების ძირითად პროდუქტს, რომელიც ერთდოულად ყუათიანი და იაფი უნდა იყოს. მისი გაძვირება ამ პროდუქტის რეალიზაციის შემცირებას არ იწვევს, ანუ, ფასი რომ იზრდება, მისი მოხმარება კი არ მცირდება, არამედ პირიქით - იზრდება. საქართველოში ასეთი პროდუქტი არის პური, როგორც უნდა გაძვირდეს ქვეყანაში პური, მას მაინც იყიდიან. "გიფენის პარადოქსის" მიხედვით, თუ ადამიანებს ადრე გადადებული ჰქონდათ თანხა სხვა პროდუქტებისთვისაც, გაძვირების შემდეგ მათ ეს თანხა აღარ დარჩებათ, რადგან მასაც პურზე დახარჯავენ. ასე რომ, პურის გაძვირების შემთხვევაში მოსახლეობა უფრო მეტ პურს მოიხმარს. საქართველო ხომ ისედაც პარადოქსების ქვეყანაა და ეს არის კიდევ ერთი პარადოქსი, რომელიც შესანიშნავად მოვირგეთ. მინდა, კიდევ ერთ პარადოქსზე მოგითხროთ: როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილი შეხვდა სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწე მეცნიერებს, ეს გონივრული ნაბიჯი იყო, რადგან ჩვენ ამ სფეროში ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს და მისი გამოყენება აუცილებელია, მაგრამ როდესაც შემდეგ შევიტყვე, რომ აკადემიკოსები უნდა იყვნენ სოფლებში და გლეხებს დაეხმარონ, ამაზე ბრიყვული გადაწყვეტილება არასოდეს მსმენია. საამისოდ არსებობს აგრონომის ინსტიტუტი, რომელიც ნაციონალურმა ხელისუფლებამ მოსპო და რომელიც ყველა სოფელს უნდა ჰქონდეს, მეცნიერები კი უნდა მუშაობდნენ პრობლემებზე, ახალ მიმართულებებზე.
- რაც შეეხება საწვავს, ბევრჯერ თქმულა და დაწერილა, რომ ეს ბიზნესი მონოპოლიზებულია. ეთანხმებით მოსაზრებას, რომ საქართველოში საწვავსაც, პურის მსგავსად, პოლიტიკური ფასი აქვს?
- რასაკვირველია, რადგან ეს სფერო მონოპოლიზებულია და მას ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები და მათი ნათესავები აკონტროლებენ. ჩვენ კარგად ვიცით, რა კონტრაქტები აქვთ დადებული ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე კომპანიებს თავდაცვის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყებებთან. მათ სახელმწიფოსაგან აქვთ მიღებული სერიოზული გარანტიები, სახელმწიფო კი მათ საქმიანობაზე თვალს ხუჭავს. საბუთი გინდათ? - მაგალითს მოვიყვან: ერთ მშვენიერ დღეს სააკაშვილს მოუნდა თავისი რეიტინგი აემაღლებინა და იკითხა: რატომ არის ქვეყანაში ნავთობპროდუქტები ასე ძვირიო? მეორე დღეს ყველა კომპანიამ გააიაფა საწვავი 5 თეთრით, მაგრამ გავიდა დრო და ყველამ 15 თეთრით გააძვირა. ასე რომ, ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: ქვეყნის ეკონომიკა მონოპოლიზებულია, ამიტომ ნუ გაგვიკვირდება, თუ პურიც გაძვირდება, საწვავიც და ბევრი სხვა რამ, რაც აუცილებელია ჩვენი ყოფისათვის. მათ შორის, მედიკამენტებიც. როგორც უნდა გაძვირდეს მედიკამენტი, თუ ადამიანი ავად არის, თავს ხომ ვერ მოიკლავს? წამალი უნდა იყიდოს. ეკონომიკის ზემოთ ჩამოთვლილი სეგმენტების გარდა რამე მუშაობს საქართველოში? - არა, და რაც მუშაობს, ისიც მონოპოლიზებული და შეკრულია ხელისუფლებასთან. ამიტომ, ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ აკონტროლებს საწვავის ბიზნესს, სააკაშვილის ძმა თუ მისი ბიძა, მთავარია, რომ ეს ბიზნესი მონოპოლიზებულია. უკვე გითხარით, რომ პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ - ის, რომ დავით კეზერაშვილი სახელმწიფოში სერიოზული ფუნქციების მქონეა, ისეთივე პარადოქსია, როგორც დავით ბეჟუაშვილის ან არჩილ გეგენავას პარლამენტარობა. გსმენიათ ოდესმე მათი ხმა საქართველოს პარლამენტში? ოდესმე რამე ინიციატივით გამოსულან? როდესაც ხაზს უსვამენ ვერა ქობალიას გაუნათლებლობას, ჩნდება კითხვა, რით სჯობდნენ მას მისი წინამორბედი მინისტრები? თითქმის არც ერთი მათგანი ვერა ქობალიაზე უკეთესი არ ყოფილა, თუმცა, სულ სხვა შემთხვევა იყო კახა ბენდუქიძე, რომელიც განათლებული კაცია, მაგრამ უამრავი ბოროტება მოუტანა ქვეყანას.
- დავუშვათ, მომავალი არჩევნების შემდეგ შეიცვალა ხელისუფლება, როგორ ფიქრობთ, მოახერხებს ახალი ხელისუფლება ჩვენი ეკონომიკის გამოცოცხლებას?
- ყველაფერი შეიძლება, თუ გონიერი, გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანები მოვლენ ქვეყნის სათავეში, ისეთი პროფესიონალები, რომლებსაც ამ ქვეყნისათვის სიკეთე სურთ. მოხდება თუ არა საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებები, მოვა თუ არა ახალი ძალა და რამდენად ჩართავს ის პროფესიონალებს საკუთარ რიგებში, ამას მალე ვნახავთ. ყოველ შემთხვევაში მე იმედიანად ვარ განწყობილი.
P.S. ბოლო ხანს საქართველოში "შავი ოქრო" ორჯერ გაძვირდა: პირველად, 8 აგვისტოს, საწვავის ფასმა 5 თეთრით მოიმატა, ხოლო მეორედ - ორი კვირის შემდეგ, კვლავ 5 თეთრით. "ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ამ გაძვირებას საერთაშორისო ბაზრებზე შექმნილი სიტუაციით ხსნის. ბატონი ვანოს თქმით, ივლისის პირველი რიცხვებიდან მოყოლებული, ბენზინი და დიზელის საწვავი თითქმის ყველგან გაძვირდა - ევროპაში, ამერიკასა და ყოფილ საბჭოთა სივრცეშიც. საქართველოში დღესდღეობით "რეგულარის" ტიპის საწვავი 2,15 თეთრი ღირს, "პრემიუმი" - 2,30, "სუპერი" - 2,35, ხოლო ევროდიზელი - 2,35 ლარი.
რაც შეეხება პურს, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ 500 გრამი პური ჩვენთან შედარებით იაფია აზერბაიჯანში (დაახლოებით 0,84 ლარი), სომხეთში (0,82 ლარი) და დიდ ბრიტანეთშიც კი.
ინტერვიუ: "არჩევნების შემდეგ პურის გაძვირება გარდაუვალია"
ხათუნა ჩიგოგოძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)