"ქართული ოცნება" ამბასადორიალის მონაწილეებისადმი მიმართვას ავრცელებს

"ქართული ოცნება" ამბასადორიალის მონაწილეებისადმი მიმართვას ავრცელებს

პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის მონაწილეებისადმი მიმართვას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"იმედია დაგვეთანხმებით, რომ საქართველო ისტორიულ გზაგასაყარზე იმყოფება - ან ქვეყანა გამოიყენებს რეალურ შანსს და ერთხელ და სამუდამოდ თავისუფალი არჩევნების გზით განახორციელებს ცვლილებას, ან ხელიდან გაუშვებს ამ საშუალებას. 1-ელი ოქტომბრის არჩევნები სამომავლოდ არა მხოლოდ ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარების განმსაზღვრელი იქნება, არამედ შესაძლოა, დიდ ნაბიჯად იქცეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ვინ, თუ არა თქვენ, კარგად იცით ამ საკითხის მნიშვნელობა.

არაფერს ვიტყვით დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივ ბუნებაზე, რაც ყველას კარგად მოგეხსენებათ. თუმცა, პროფესიონალური მოვალეობის გარდა, არსებობს უფრო მეტი, უფრო ღირებული და ამას პრინციპული მიდგომა და, ალბათ, ერთგვარი გმირობაც სჭირდება - თქვენ უნდა გააკეთოთ თავისუფალი არჩევანი და უნდა უზრუნველყოთ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები ამ უფლებით.

სამწუხაროდ, ქვეყნის ხელისუფლებამ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს თავისუფალი არჩევნის საშუალება პრაქტიკულად უკვე შეუზღუდა. სწორედ ამიტომ, მოგმართავთ, კარგად გაიაზროთ არსებული ვითარება და ისედაც დამახინჯებულ საარჩევნო გარემოში ნუ იქცევით ხელისუფლების ხელში საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ბრმა იარაღად - ამ ხალხს თქვენი იმედი უნდა ჰქონდეს. უსამართლობასთან შეუგუებლობა თითეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია და მხოლოდ ასე შევძლებთ ცივილიზებული, პასუხისმგებლობით აღსავსე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. არც ჩვენთვის იყო თავის დროზე ადვილი დიპლომატიური სამსახურის დატოვება, იმ საქმისა, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში თქვენთან ერთად ერთგულად და პატიოსნად ვემსახურეთ. მაგრამ, როცა აშკარად ხედავ, რომ უხეშად ირღვევა შენი ქვეყნის მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები, გაჩუმება დაუშვებელია.

ამდენად, მოგიწოდებთ, საშუალება მისცეთ ჩვენს ემიგრანტებს შეუფერხებლად და ზედმეტი ფორმალობების გარეშე გაიარონ რეგისტრაცია საარჩევნო სიებში, რათა მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, მით უმეტეს, რომ მათთვის ამ უფლების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით არის გარანტირებული.

გაითვალისწინეთ, აგრეთვე, რომ ემიგრანტების დიდმა ნაწილმა ვერ მოახერხა რეგისტრაცია საკონსულოებში იმიტომ, რომ ბარიერები შეიქმნა მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილებების გამო, და შესაბამისად, სამართლიანი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს ვადა მაქსიმალურად გაიზარდოს.

ამავე ბრძანებაში შეტანილმა ცვლილებამ რეგისტრაციის პრობლემები შეუქმნა როგორც არალეგალურად მყოფ ემიგრანტებს, ისე უცხოეთში ლეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებსაც. არჩევნების წინ ასეთი მოთხოვნების შემოღება საკუთარი მოქალაქეების მიმართ უსამართლოდ მიგვაჩნია. ნუ დაგავიწყდებათ, რომ განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სწორედ არალეგალურად მყოფ, საკუთარი ქვეყნიდან გაჭირვებასა და უმუშევრობას გაქცეულ ემიგრანტებს სჭირდებათ, მით უმეტეს, რომ მათი არალეგალურობის სტატუსი სწორედ ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია.

დიპლომატიური მისიებიდან დიდი მანძილით დაშორებულ ქალაქებში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა მოითხოვეს დამატებითი უბნების გახსნა. ამისთვის, მათ კოლექტიური განცხადებითაც კი მიმართეს საგარეო საქმეთა სამინისტროს. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორშაბათ დღეს არჩევნების დანიშვნა კიდევ უფრო ართულებს მათთვის არჩევნებში მონაწილეობას. მიუხედავად მათი თხოვნისა, არც ცესკო და არც საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ითვალისწინებენ საკუთარი მოქალაქეების თხოვნას. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ წაართმევთ ჩვენს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.

დემოკრატიულ სამყაროში იცვლებიან პრეზიდენტები და მთავრობები, მაგრამ არსად, არასდროს დიპლომატიური სამსახური ცალკეული მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესების გამტარებლად არ გვევლინება. ის თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავს", - აღნიშნულია მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ ირაკლი ალასანია, თედო ჯაფარიძე, ვიქტორ დოლიძე, მაია ფანჯიკიძე, დავით ზალკალიანი, ალექსო პეტრიაშვილი, ზაალ გოგსაძე, გიორგი ვოლსკი, კონსტანტინე სურგულაძე, ირაკლი ჩიქოვანი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა