"იმდენად მიყვარს, რომ ოჯახის შექმნაც კი გავრისკე"...

"იმდენად მიყვარს, რომ ოჯახის შექმნაც კი გავრისკე"...

"ჩემთვის ოჯახში ყურადღება, სითბო და მეგობრობაა მთავარი, დანარჩენს კი მოევლება", - მითხრა ნინა წკრიალაშვილმა, როცა მასთან ოჯახის თემაზე სასაუბროდ ინტერვიუზე მივედი. ამბობს რომ თავისებური გაგებით მეოჯახეა და მოუცლელობის მიუხედავად, ცდილობს, ყველაფერი მოასწროს. მისი მეუღლე თენგო წივწივაძე გორში მუშაობს და წყვილს ერთმანეთი ხშირად ენატრება. ინტერვიუს დროს თენგო ნინასთან მოვიდა და რამდენიმე კითხვაზე მანაც მიპასუხა.

- მეოჯახეობა ყველა ადამიანს თავისებურად ესმის. ზოგს ჰგონია, რომ დღეში რამდენიმენაირი სადილი უნდა მოამზადოს და თეთრეული გაახამოს, სხვა ბევრ მნიშვნელოვან ნიუანსს კი ყურადღებას არ აქცევს. მე ამ საკითხისადმი ჩემებური მიდგომა მაქვს და ვიტყოდი, - დიახ, ჩემებური გაგებით, მეოჯახე ვარ, რატომაც არა?!. ოჯახში ყურადღება, სითბო და მეგობრობაა მთავარი, დანარჩენს კი მოევლება, არც მშიერი მოკვდება ვინმე და არც გაურეცხავი ტანსაცმლით ივლიან ჩემი ოჯახის წევრები. ჩვენს ოჯახში ყველაფერი გულწრფელობაზეა აგებული. ვცდილობთ, ერთმანეთს მოვუაროთ და დავეხმაროთ, მაგრამ ამას მხოლოდ მოვალეობის გამო არ ვაკეთებთ.

- ორივე მუშაობთ, დატვირთულები ხართ?

- ძალიან, ძალიან! ერთმანეთზე უარესი ცხოვრების რიტმი გვაქვს. ზოგჯერ ერთმანეთს ღამის 4 საათზე ვნახულობთ და საუბარში გვათენდება. მერე 2 საათი გვძინავს და დილით ისევ სამსახურში მივდივართ. როცა ვისვენებთ, დროს სულ ერთად ვატარებთ. თენგო სხვა ქალაქში მუშაობს და ხშირად ვერ რჩება სახლში. როცა თბილისში მუშაობდა, მაშინაც ღამის 2 საათამდე სამსახურში იყო და დღე და ღამე არეული გვქონდა. ხანდახან იმდენად ვიღლები, სადაც დავჯდები, იქ მეძინება.

- როგორ ეგუები მეუღლის სხვა ქალაქში მუშაობას?

- ეს გარკვეულწილად კარგიცაა, რადგან სულ მენატრება. სულ მგონია, რომ ქმარი კი არა, შეყვარებული მყავს. ჩვენი თანაცხოვრებაც ერთფეროვანი არ არის. მთელი დღე კაცი სახლში რომ გეჯდეს, საშინელებაა. ამ დროს იოლად ჩნდება უსიამოვნებები. როცა აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობ, ყველაფერი სხვაგვარადაა. თან ყოველთვის ვიცით, ვინ სად ვართ და რას ვაკეთებთ.

- გათხოვებამ შენს ცხოვრებაში შეცვალა რამე?

- თითქმის არაფერი შეცვლილა. აქამდე თუ ქალისა და კაცის საქმეს ვაკეთებდი, ახლა ცოტა გავზარმაცდი, რადგან თენგო ბევრ რამეში მეხმარება. ადრე მარკეტში უზარმაზარი პარკებით თუ მნახავდით, ან ნათურის გამოსაცვლელად კიბეზე ვძვრებოდი, ახლა ამას აღარ ვაკეთებ.

- ამას წინათ ამბობდი, გორი ვერ ამცდა, ჩემი მეუღლე ახლა იქ გადაიყვანეს სამუშაოდო...

- ჰო, მართალია (იცინის). დრო როცა მაქვს, თენგოსთან ჩავდივარ. ხშირად დილით 2 საათით "ჩავირბენ" და მერე ისევ უკან ვბრუნდები. შეიძლება ითქვას, რომ ტრასაზე ვცხოვრობთ. არ ვიცი, როდის დასრულდება ჩვენი ასეთი ცხოვრება...

- ნინა, შენი ვაჟი როგორ შეეგუა დედის გათხოვებას?

- ჩემი შვილი და თენგო მეგობრობენ. ერთმანეთს კარგად უგებენ და თითქოს პირი აქვთ შეკრული - ერთად დამცინიან. თავდაპირველად მათი ურთიერთობის ამბავი მაშინებდა, მერე სანდრომ თენგო რომ გაიცნო, მივხვდი, რომ ერთად ცხოვრება არ გაუჭირდებოდათ და არც შევმცდარვარ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი თინეიჯერი შვილი, თავისი გართულებული ხასიათით, თენგოს გადავაბარე. თუ მინდა, რომ სანდრო რამეზე დავითანხმო და ამისთვის 2 დღე მჭირდება, თენგო ჩემს შვილს 5 წუთში ითანხმებს.

- ოჯახური საქმეებისთვის როგორ იცლი?

- თენგო ამ შემთხვევაშიც ძალიან მეხმარება. მაგალითად, 1 საათი თუ გვაქვს და ამ დროში საჭმელიც უნდა მოვამზადოთ და დაუთოებაც მოვასწროთ, თენგოს შეუძლია, სადილს მიხედოს და მე სხვა საქმე გავაკეთო. მოუცლელობის გამო საქმეებს ვინაწილებთ. კიდევ კარგი, დამხმარე ქალი გვყავს, რომელიც საოჯახო საქმეებში გვეხმარება, თორემ არ ვიცი, რა მეშველებოდა. ისე ვიღლები ხოლმე, 2-3 კვირაში ერთხელ მჭირდება მთელი დღე, როცა სახლში შემიძლია ჩავიკეტო; ამ დროს პულტს, კომპიუტერს, ყავასა და საჭირო ნივთებს საწოლთან მოვიმარაგებ და მთელ დღეს პიჟამაში ვატარებ. ეს აუცილებელია ხოლმე, რომ არ "გადავიწვა". მეორე დღეს უკვე ენერგიით სავსე ვარ.

თენგო:

- ნინა ამ განტვირთვას მაშინ ახერხებს, როცა მე და სანდრო სახლში არ ვართ. ჩვენ როცა სახლში ვართ, ხელს არ ვუშლით, მაგრამ განტვირთვა მაინც მარტოს ურჩევნია.

ნინა:

- ამ დროს სიმშვიდე მჭირდება და როცა ვიცი, თენგო თბილისში ვერ ჩამოვა, სანდრო ბებია-ბაბუასთან მიდის და ის დღე ჩემია. თენგო ოჯახის საქმეებში ძალიან მეხმარება. ასეთი რომ არ ყოფილიყო, ერთად ნამდვილად ვერ გავძლებდით.

თენგო:

- ერთი ისეთი ნამდვილი ქართველი კაცი მაჩვენეთ, რომელიც - ქალო, ნასკი გამხადეო, - ცოლს ეტყვის. ასეთი კაცები კაცობისგან შორს არიან.

ნინა:

- არავის აქვს უფლება, მეორე ადამიანის უფლებები შელახოს... თენგო ჩემი გარეგნობითაც მუდამ ინტერესდება. თუ გადაღება ან რაიმე წვეულება არ არის, 2 საათი სალონში ყოფნა და ვარცხნილობის გაკეთება მეზარება. თენგო კი სულ მეჩიჩინება, წადი, მოწესრიგდიო. ვხუმრობთ ხოლმე, ქალები რომ გათხოვდებიან, ქმრებს გაინაღდებენ და მერე თავს აღარ უვლიან, ასე არ დაგემართოსო (იცინის). უნდა, რომ ყოველდღე მოწესრიგებული და კარგ ფორმაში ვიყო. ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

- რამეზე თუ კამათობთ?

- ძირითადად, ჩემს რეპერტუარზე: თენგოსა და ჩემს შვილს სასაცილოდ არ ჰყოფნით. მე კი ძალიან მწყინს და ვიბუტები. კიდევ, ჩემს სტუდიურ ფოტოებზე ხალისობენ, რომელიც ძალიან მომწონს, ესენი კი სიცილით კვდებიან. ერთხელ ძალიან გავბრაზდი და ორივეს ვეჩხუბე. თენგოს შევეცოდე და მალევე შემირიგდა, ჩემი შვილი კი - არა. ამას წინათ, თენგო რეპეტიციაზე წამომყვა, სადაც ბენდთან ერთად ვმღეროდი და იქიდან რომ ვბრუნდებოდით, მითხრა, - ახლა, როგორც მომღერალი, ისე შემიყვარდიო. ჰოდა, როგორც მომღერალს, აღარ დამცინის.

თენგო:

- ნინას ცოცხალმა შესრულებამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მართლა განვცვიფრდი. აქამდე ფონოგრამით რომ მღეროდა, მის კარიერას არასერიოზულად ვუყურებდი.

ნინა:

- კიდევ, ჩემი შვილი ჩემს ნამდვილ "ქართველ დიასახლისობაზე" ხალისობს. რომ მეტყვის, - დედა, მშიაო, - ყიყლიყოს შეგიწვავ-მეთქი, - ვეუბნები და, - უჰ, შენ გენაცვალე, ნამდვილი "ქართვლის დედა" ხარო! - დამცინის ხოლმე. სხვათა შორის, მჭადებსაც ვაცხობ ხშირად.

თენგო:

- აი, მჭადებს როცა აკეთებს, მაშინ უკვე ნამდვილი "ქართვლის დედაა", ოღონდ - ორი ხმლით ხელში... ხანდახან გემრიელი სადილის მომზადებაში მთელი ოჯახი ვმონაწილეობთ. ხან ნინა მოიგონებს რაღაცას, ხან - მე, მერე იქით სანდრიკა იტყვის რამეს და გემრიელი სადილი გამოგვდის.

ნინა:

- ვცდილობთ, არ დავწვრილმანდეთ და ზედმეტი პრობლემები არ შევქმნათ. მაგალითად, ჭურჭლის გარეცხვა დღეს თუ გვეზარება, ამ საქმეს ხვალ გავაკეთებთ. დედაჩემს 1 თეფში რომ ჰქონდეს გასარეცხი, წვეთოვანზე შეერთებულიც კი გარეცხავს, ჩვენ კი ერთდროულად იმდენ საქმეს ვაკეთებთ, დიდი სისულელე იქნება, თუ ცხოვრებას წვრილმანებით უფრო მეტად გავირთულებთ. თან, დიდხანს ვცხოვრობდი მარტო და თავისუფლებას ისე ვარ მიჩვეული, ქმარი როგორც უნდა მიყვარდეს, მისი პრეტენზიების ატანა ძალიან გამიჭირდებოდა.

- ერთმანეთს თუ აკონტროლებთ?

- არა, რას ამბობ?! დღის განმავლობაში ერთმანეთს უამრავჯერ ვურეკავთ, სულ ვიცით, სად ვართ და რას ვაკეთებთ. თენგო იმასაც კი მეკითხება, თუ რა მაცვია: იცის, რომ დგება ჩემს ცხოვრებაში დრო, როცა საერთოდ არ მაინტერესებს, რას ვიცვამ, ამიტომ ჩემი ჩაცმულობითაც ხშირად ინტერესდება.

თენგო:

- ნინას შეუძლია, ერთსა და იმავე ფილმს ათჯერ უყუროს. მე და სანდრიკა კი ვზივართ და ნინას შევყურებთ. დიალოგებიც კი შეუძლია, დაიზეპიროს. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია.

ნინა:

- ძალიან მიყვარს სერიალი და ფილმი "სექსი დიდ ქალაქში". ხომ იდიოტობაა, მაგრამ რა ვქნა, მომწონს. შემიძლია, ბევრჯერ ვნახო და არ მბეზრდება. ამიტომაც მე და კაცებმა ტელევიზორები გავიყავით. სანდრო "ლივერპულის" გულშემატკივარია და როცა ეს გუნდი თამაშობს, ყველაფერი უნდა დაივიწყო. ბალიში, მაისური, პირსახოცი - ყველაფერი ამ გუნდის ლოგოთი აქვს დამშვენებული და როცა თამაშს უყურებს, მათ ფორმაში გამოწყობილი, პირსახოცშემოხვეული ზის ტელევიზორის წინ. გიჟი გეგონებათ.

- თენგო, თქვენ თუ გყავთ შვილები?

- კი, წინა ქორწინებიდან 4 შვილი მყავს. შვილიშვილიც მყავს - უკვე ბაბუა ვარ.

- როგორია ნინა მეუღლის ამპლუაში?

- თბილი, ერთგული.... ეს ის ადამიანია, რომელსაც ძალიან დიდი სიკეთის კეთება შეუძლია. ცდილობს, გარშემო მყოფების მიმართ ყურადღება არ დაიშუროს. ერთი ის არის, სიურპრიზები გაკეთება არ გამოსდის. რამეს თუ მიყიდის, მაღაზიიდან გამოვა თუ არა, სასხვათაშორისოდ დამირეკავს, ბოლოს კი ვეღარ ითმენს და, ესა და ეს გიყიდეო, მეუბნება.

ნინა:

- თენგო, მგონია, რომ ჩემი შეყვარებულია. იმდენად მიყვარს, რომ ოჯახის შექმნაც კი გავრისკე. ყურადღებიანია, არასოდეს არაფერი ავიწყდება და არაჩვეულებრივი სიურპრიზები გამოსდის. გუშინაც სიურპრიზი გამიკეთა და ჩემი საყვარელი სუნამო მაჩუქა. ურთიერთობებში კომფორტი მჭირდება და თენგო ამ მხრივ არაჩვეულებრივი ქმარია. ავად როცა ვარ, ისე მივლის, ქალი ვერ მოგივლის ასე. იმავენაირად ვზრუნავ მეც, მაგრამ ეს ავად არ ხდება ხოლმე (იცინიან).

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ვიდეო: ნინა წკრიალაშვილმა მონაზონი განასახიერა (ვიდეო)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება