აშშ-ის სენატის დელეგაცია ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით უკვე თბილისშია

აშშ-ის სენატის დელეგაცია ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით უკვე თბილისშია

აშშ-ის სენატის სამკაციანი დელეგაცია, რომელსაც სენატორი ჯონ მაკკეინი ხელმძღვანელობს, უკვე საქართველოშია. სტუმრების თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 12:00 საათისთვის დაეშვა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრებს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან გამართავს. კერძოდ, დაგეგმილია შეხვედრა "ქართული ოცნებისა" და "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერებთან.

ვიზიტის ფარგლებში სენატორები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს მთავრობის სხვა წევრებსაც შეხვდებიან, სადაც აშშ-საქართველოს ურთიერთობები განიხილება. დელეგაციაში არიან სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი (დამოუკიდებელი, კონეკტიკუტის შტატი) და სენატორი ლინდსი გრემი ("რესპუბლიკური პარტია", სამხრეთი კაროლინა).

სენატორი მაკკეინი 1986 წლიდან აშშ-ის სენატისა და შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტის წამყვანი წევრია. აღნიშნული კომიტეტი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ზედამხედველობს.

სენატორი ლიბერმანი სენატის შიდა უსაფრთხოებისა და მთავრობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტის უფროსი წევრია, სენატორი გრემი კი - სენატის ასიგნებათა ქვეკომიტეტის. ასიგნებათა ქვეკომიტეტი აშშ-ის საგარეო დახმარებას კურირებს. სენატორი გრემი არის სენატის შეიარაღებული ძალების საქმეთა, აგრეთვე სასამართლოს საქმეთა და ბიუჯეტის კომიტეტების წევრიც.

ვიზიტის ფარგლებში სენატორები დღეს პრესკონფერენციასაც გამართავენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა