საქართველოს საპარლამენტო არჩევნები როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში 1-ელ ოქტომბერს გაიმართება , არჩევნების თარიღი კანონით არის განსაზღვრული და ვერ შეიცვლება. ასეთი კომენტარი გააკეთა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა არასამთავრობოთა წარმომადგენლების მიმართვაზე, რომელიც უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის ხმის მიცემას 29 ან 30 სექტემბრისთვის ითვალისწინებს.
"არჩევნების თარიღს ნიშნავს პრეზიდენტი და ის განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით. ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია არჩევნების თარიღის გადაწევა ან გადმოწევა. ეს ჩვენ ნებაზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, არჩევნების თარიღის შეცვლა, უცხოეთში იქნება ეს, თუ - საქართველოში, ვერ მოხდება და კანონით განსაზღვრულ პირველ ოქტომბერს ჩატარდება", - განაცხადა აზარაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება პირველ ოქტომბრის ნაცვლად 29 ან 30 სექტემბერს მიეცეთ.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილისადმი გაგზავნილ მიმართვაშია აღნიშნული, ეს ინიციატივა საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური საარჩევნო უფლების განხორციელების მიზნით წამოიჭრა.
"ჩვენ, ადამიანის უფლებათა დამცველები, მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე–14 მუხლის 1–ლი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის ("გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონთ დადგენილი გარკვეული მოთხოვნის შესრულება/ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები") საფუძველზე, გამოავლინოთ კეთილი ნება და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური საარჩევნო უფლების განხორციელების მიზნით და მისცეთ შესაძლებლობა, რათა მათ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ არა ორშაბათს, პირველ ოქტომბერს, არამედ 29 ან 30 სექტემბერს - უქმე დღეს", - აღნიშნულია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერს 32 ადამიანი, რომელთა შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები.