საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ასაფრენი ზოლი გახსნა.
პრეზიდენტის განცხადებით, თავად აეროპორტი უახლოეს კვირებში გაიხსნება და შესრულდება რეისები: მოსკოვის, კიევის, ფრანკფურტის, ბრიუსელის, თელავივის და სხვა მიმართულებით.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, სიდიდით ეს აეროპორტი ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოში და გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმითაც, რომ იაფი ფრენები განხორციელდება.
"ამით ეს აეროპორტი მგზავრებს თბილისიდან წამოიყვანს. კონკურენცია არის მნიშვნელოვანი. თბილისში ფასებმა უნდა დაიწიოს, რათა ყველა ფენის ადამიანს შეეძლოს ფრენა და არა მარტო მოსახლეობის 3-4%-ს", - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ეს ასაფრენი ზოლი რუსებმა ისე დაბომბეს, რომ როდესაც ის კეთდებოდა, ნაღმებს პოულობდნენ.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ქუთაისი გახდა საპარლამენტო ქალაქი და ტურიზმის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი აეროპორტი არსებობდეს. "ჯერ გვინდოდა უსაფრთხოება, კრიმინალები რომ არ ყოფილიყვნენ. ამის გარეშე ვერაფერს განვავითარებდით და მათ ვერავინ მოიყვანს უკან. გეგმის მიხედვით მიდის ყველაფერი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები 27 სექტემბერს იწყება და ერთი გზა კიევის მიმართულებით 22 ევრო ეღირება.
"ჩვენ გვჭირდება ქართული ავიაკომპანიების შექმნა, უცხოური იაფფასიანი ავიაკომპანიების შემოყვანა. მთავარი მიზანია, ხალხის დასაქმება", - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, ამ ყველაფრის სულისჩამდგმელია გიორგი კარბელაშვილი და პრეზიდენტმა მას და ამ პროექტზე მომუშავე ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა. "დრო ცოტა გვაქვს, ასაშენებელი ბევრი გვაქვს, ამიტომ ჩქარა უნდა ვაკეთოთ", - აღნიშნა სააკაშვილმა.
დღესვე, რეაბილიტირებულ ასაფრენ ზოლზე პირველი მსოფლიო კლასის სატვირთო ავიაბოინგი დაჯდა და როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს არის ნამდვილი და არა ფოტოშოპი. "მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, ეს თვითმფრინავი არ არის დეკორაცია, მართლა დაჯდა და არ დაიწყოს ვიღაცებმა, რომ არის ფოტოშოპი", -დასძინა სააკაშვილმა.