აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის ლევან ვარშალომიძის დაოჯახების შესახებ ინტერნეტში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ ვარშალომიძის რჩეული 19 წლის ნათია ძირკვაძე გახდა.
ცრუ ინფორმაციის გავრცელების საფუძველი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოქვეყნებული ფოტო გახდა, რომელზეც ვარშალომიძე ნათია ძირკვაძესთან ერთად არის გადაღებული.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" აქტივისტი 19 წლის ნათია ძირკვაძე ბათუმში მეგობრებთან ერთად სეირნობდა და ლევან ვარშალომიძეს სრულიად შემთხვევით შეხვდა. გოგონამ მთავრობის თავმჯდომარეს მასთან ერთად სურათის გადაღება სთხოვა, რაზეც ვარშალომიძეს უარი არ უთქვამს. მოგვიანებით ეს ფოტო ნათიას მეგობრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ამ ინფორმაციას "თავისუფალი საქართველოს" აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მერაბ ღოღობერიძე "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის დაოჯახების ამბავმა ინტერნეტ-სივრცეში განსაკუთრებული ინტერესი მას შემდეგ გამოიწვია, რაც რამდენიმე დღის წინ ზემო აჭარაში ბეშუმობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ლევან ვარშალომიძეს ოჯახის შექმნისკენ მოუწოდა.