"თბილისის ზღვის მიმდებარე ტორიტორიაზე სასაფლაოს არსებობა დაუშვებელია. იოლი შესამჩნევია, რომ მანძილი წყალსაცავებსა და საფლავებს შორის ძალიან სწრაფად მცირდება. ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ ირღვევა სანიტარიული ჰიგიენის ნორმები და უზარმაზარი აუზი, საიდანაც სასმელი და სარწყავი წყლით მარაგდება თბილისის მოსახლეობა, დაბინძურების საფრთხის წინაშე დგას", - აცხადებს ეკოლოგიური სამართლის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე. ლაპარაკია წყალსაცავის მიმდებარედ არსებული ძველი სასაფლაოს გაგრძელებაზე. სამთო დარგში მეცნიერებათა დოქტორი რევაზ ჩაკვეტაძე მიიჩნევს, რომ ამ მონაკვეთზე სასაფლაოს არსებობა დაუშვებელია.
- ფერდობიდან როგორც გრუნტის, ისე ზედაპირული წყლები პირდაპირ წყალსაცავში ჩაედინება. იოლი წარმოსადგენია, რა ზიანი შეიძლება მიადგეს წყალსაცავს და ადამიანის ჯანმრთელობას. თბილისს უნიკალური წყალსაცავი აქვს, ნახევარი ქალაქი ამ აუზიდან სვამს წყალს. ფერდობზე სულ რაღაც სამი-ოთხი წლის წინ გაიჭრა ახალი საფლავები. სასწრაფოდ უნდა მოხდეს სასაფლაოს კონსერვაცია, შემდეგ კი გარკვეულ მანძილზე სასაფლაოსა და წყალსაცავს შორის უნდა გაითხაროს დიდი ორმო და ჩაიყაროს ცეოლიტი - ფილტრი, რომელიც წყალს დაბინძურებისგან იხსნის, ხალხს კი - მოწამვლისგან. გვამები ატარებს ისეთ ნივთიერებებს, რომელთა წყალში ჩადინება შესაძლოა კატასტროფის მიზეზი გახდეს. პარიზში შავმა ჭირმა ქალაქი რომ გაანახევრა, გვამები კატაკომბებში დაასაფლავეს. ნიადაგიდან ჭირი რომ არ გავრცელებულიყო. ჩერნობილში ატომური სადგური რომ აფეთქდა, საქართველომ უკრაინას ასი ათასი ტონა ცეოლიტი მიაწოდა. გაიჭრა სადგურის გარშემო ორმო, ჩაყარეს ცეოლიტი და მდინარეებსა და შავ ზღვაში რადიაცია აღარ გამოდის. ასეთი უნიკალური საბადო გვაქვს კასპთან ახლოს, ხანდაკში და მიკვირს, რატომ არავინ იბერტყავს ყურს.
"კვირის პალიტრა" გარემოს დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. გვითხრეს, ამ საკითხს გავარკვევთ და შეგეხმიანებითო. სამწუხაროდ, პასუხს დღემდე ველით.
ოთარ ტყემალაძე, დამოუკიდებელი ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში: - კატასტროფული სიტუაციაა იმის გამო, რომ სანიტარიული ნორმები გააუქმეს. ახლა თავისუფლების მოედანზე ცემენტის ქარხანა რომ ააშენოთ, არავინ გეტყვით, გარემო ბინძურდებაო... ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, არც სანიტარიული ნორმები და არც სანიტარიული ზონები დაცული არ არის. პირველ ზონას თავისი მანძილი აქვს, მეორეს - თავისი. სანაპიროდან სასაფლაომდე ფეხით ასვლას 5 წუთიც არ სჭირდება, ასეთ მანძილზე კი კაცმა არ იცის, რა გაჟონავს ნიადაგიდან, რომელშიც ცხედრები იხრწნება. დიდი სიფრთხილეა საჭირო შემოვლითი რკინიგზის მშენებლობისას. რა უნდა წყალსაცავთან რკინიგზას? ამ წყალს ვსვამთ და გამოდის, თავს ვიკლავთ?